სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამარ შუკვანი
    16.07.2019

     „ზაფხულის სეზონში საკმაოდ ხშირია ე.წ. დიარეით (ფაღარათით) მიმდინარე დაავადებები, რომელსაც შეიძლება თან ახლდეს გულის რევა, ან შესაძლოა არც ახლდეს. ზოგჯერ მოსალოდნელია ტემპერატურის მომატებაც," - აცხადებს „რეზონანსთან" ექიმ-ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით, არსებული დაავადებებისა და რეკომენდაციების შესახებ საუბრისას.

    ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ დასასვენებელ კურორტებზე, რესტორნებსა და სასტუმროებში განსაკუთრებით ფრთხილად იყონ, რადგან ხშირ შემთხვევაში ამ ადგილებში გარემო საკმაოდ არაჰიგიენურია. ბავშვებს კი ხელების ინტენსიური დაბანვისკენ მოუწოდებს.

    „გასათვალისწინებელია, რომ ამას არ ჰქვია ენტეროვირუსული დაავადებები, ეს ტერმინი რატომღაც არასწორად დამკვიდრდა. ენტეროვირუსული დაავადებები სულ სხვა ჯგუფია და ეს ფაღარათით მიმდინარე დაავადებები არ არის, ისინი ნერვულ სისტემაზე ახდნენ გავლენას. სწორი ტერმინია - დიარეით მიმდინარე დაავადებები.

    „ეს დაავადებები უფრო ხშირად კურორტებზე გვხვდება ეპიდაფეთქებების სახით. განსაკუთრებით ბავშვებშია ხშირი და უნდა ვურჩიოთ, რომ ხშირად დაიბანონ ხელი. ეს, გარკვეულწილად, დაცვაა ამ დაავადებებისგან, მაგრამ, ხშირ შემთხვევაში, თვითონ ეს ინდივიდებზე არ არის დამოკიდებული, არამედ იმაზე თუ რამდენად ჰიგიენურად მუშაობს სასტუმროებისა და რესტონრების ქსელები.

    „ზედმიწევნით უნდა ხდებოდეს ჭურჭლის დამუშავება, საკვები უნდა ინახებოდეს მაცივრებში და გარეთ არ უნდა რჩებოდეს. ნარჩენები უნდა იყრებოდეს, რომ ბაქტერიებმა გამრავლება ვერ შეძლონ. ადამიანთა ჯანმრთელობა დიდად არის დამოკიდებული საკვების ქსელებისა და სასტუმროების კეთილსინდისიერებაზე," - ამბობს ბუწაშვილი.

    ექიმ-ენფექციონის განცხადებით, ზაფხულის სტატისტიკაზე საუბარი ნაადრევია, რადგან დაავადებების კუთხით, აგვისტო ყველაზე რთული თვეა.

    „დიარეული დაავადებების სტატისტიკაზე ნაადრევია საუბარი, რადგან განსაკუთრებული კონცენტრაცია კურორტებზე ახლა და აგვისტოში ხდება. განსაკუთრებული ეპიდემიოლოგიური აფეთქებები ჯერჯერობით არ გვესმის და იმედია ზაფხულს ასე მშვიდობიანად გავივლით, თუმცა, ზაფხულის სტატისტიკაზე საუბარი ჯერ ნაადრევია," - აცხადებს ის.

    აღსანიშნავია ისიც, რომ წითელას მხრივ სიმშვიდეა, თუმცა, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ეს არ გვაძლევს დამშვიდების საშუალებას, რადგან მაღალი ალბათობით, შესაძლებელია, წითელა შემოდგომაზე ისევ შემობრუნდეს. იმნაძე 20-დან 40 წლამდე პირებს კიდევ ერთხელ ურჩევს, რომ აიცრან.

    ბუწაშვილის განცხადებით, რისკი იმისა, რომ წითელას ერთგვარი აფეთქება ისევ მივიღონ, ნაკლებია, რადგან მოსახლეობის ნაწილი აიცრა, რაც ამის საფრთხეს ამცირებს, თუმცა მისი თქმით, ზუსტი პროგნოზის გაკეთება რთულია.

    „წითელას ერთგვარი აფეთქების შესახებ ზუსტი პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია. ნებისმიერ დროს შეიძლება ისევ იფეთქოს. საკითხი ისე დგას, რომ ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ და არავაქცინირებულები აიცრან, თუმცა საბედნიეროს მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი აიცრა და იმედი გვაქვს, რომ ეპიდემია ნელ-ნელა უკან დაიხევს, მაგრამ ტალღების რისკი ისევ არსებობს," - განაცხადა მაია ბუწაშვილმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×