ელზა პაპოშვილი
13.02.2020

ცოლზე ძალადობის კიდევ ერთი მძიმე ფაქტი, რომელიც სამართალდამცველებმა აღკვეთეს. ახალციხის რაიონში სოფელ სვირში დააკავეს მამაკაცი, რომელიც არასრუწლოვან შვილს და მეუღლეს ფიზიკურ შეურაცყოფას აყენებდა. მათ ნაჯახით  და ცეცხლსასროლი იარაღით ემუქრებოდათ. 

როგორც ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, მამაკაცის მხრიდან ცოლ-შვილზე ძალადობის პირველი შემთხვევა არ არის და მათ კონფლიქტი ადრეც ჰქონიათ. ის ცოლს მუდმივად სცემდა და არაფხიზელ მდგომარეობაში არაერთხელ ყოფილა. მიუხედავად ამისა ქალი სახლიდან წასვლას ვერ ახერხებდა, რადგანაც მას სხვაგან წასასვლელი არ ჰქონდა. 

„ამ ოჯახში ჩხუბი სულ იყო და კონფლიქტი არაერთხელ ჰქონიათ. ქალს როგორც ვიცი სცემდა ხოლმე, მაგრამ ბავშვზე არაფერი არ ვიცი. ალბათ დედას გამოესარჩლა და მასაც სცემა, ასე ამბობენ. მერე ცოლს მოკვლით დაემუქრა. ეუბნებოდა ნაჯახით თავი უნდა მოგაჭრაო. ამ გოგოს წასვლელი არსად ჰქონდა და მუდმივად ამ ძალადობის ატანა უწევდა. პოლიცია ალბათ თავად გამოიძახა, რადგანაც საფრთხე უკვე ბავშვსაც დაემუქრა“, - აცხადებს მეზობელი. 

ოჯახში ჩადენილი ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარის ბრალდებით კი შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალციხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ერთი პირი  დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, არასრულწლოვან შვილს და მეუღლეს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, მეუღლეს ცეცხლსასროლი იარაღისა და ნაჯახის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელი სახლიდან ცეცხლსასროლი იარაღი და ნაჯახი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით, ასევე, 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახის წევრების მიმართ ჩადენილ ძალადობასა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარას გულისხმობს.

დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×