ქმრის მიერ ყოფილი ცოლის მკვლელობის მოტივზე ორი ურთიერთგამომრიცხავი ვერსია ვრცელდება
ელზა პაპოშვილი
17.02.2020

სასტიკი მკვლელობა გარდაბნის რაიონის სოფელ ყარაჯალაში- ყოფილ მეუღლეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება, მკვლელობით დასრულდა. 23 წლის ხათირა ჰუსეინოვა ყოფილმა ქმარმა, თელმან მუსტაფაევმა, საკუთარ სახლში, სამი მცირეწლოვანი შვილისა და დის თანდასწრებით, 16 თებერვლის ღამეს მოკლა. ყოფილ ცოლს სასიკვდილო ჭრილობები მან ცივი იარაღით ყელის არეში მიაყენა. ხელში დაჭრა ყოფილი ცოლის დაც. 

დანაშაული  დაახლოებით, ღამის 12:00 საათზე მოხდა. აღსანიშნავია, რომ წყვილი თითქმის წელიწადნახევრის განმავლობაში ერთად არ ცხოვრობდა. დილის 11 საათზე ორი ოჯახის კრებაზე უნდა გადაეწყვიტათ - შერიგდებოდნენ თუ ერთმანეთს საბოლოოდ დაშორდებოდნენ. მაგრამ 33 წლის თელმან მუსტაფაევმა საუბარზე უარი განაცხადა და 10 წლით უმცროს მეუღლეს, ფატია ჰუსეინოვას ყელი დედის და მცირეწლოვანი შვილების თვალწინ გამოჭრა. 

ცოლ-ქმარს შორის დაპირისპირების ორი ვერსია ვრცელდება. სოფელში „რეზონანსთან“ ურთიერთგამომრიცხავ  ინფორმაციას ჰყვებიან და ამბობენ, რომ ქმარმა ცოლი ეჭვიანობის ნაიდაგზე მოკლა. მან ცოლის ტელეფონში ესემეს შეტყობინებები და ფოტო ნახა, სადაც მისი ყოფილი ცოლი სხვა მამაკაცთან ერთად იყო. 

გარდაცვლილის ოჯახის წევრები კი აღნიშნულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფენ და ამბობენ, რომ მათი ყოფილი სიძე ნარკომანია და ასევე სიდედრის ცემის ფაქტზეც ნასამართლევია. მან 6 თვე სასჯელი მოიხადა. გარდაცვლილის დედა ამბობს, რომ მისი შვილი ქმარს წელიწად-ნახევრის წინ გაშორდა. ამ ხნის განმავლობაში, კაცი რამდენჯერმე მივიდა მათ სახლში, რასაც კონფლიქტი მოჰყვა. დედის თქმით, მის შვილს ქმართან შერიგება არ უნდოდა.

მოკლული ქალის ნათესავები აცხადებენ, რომ თელმან მუსტაფაევი ნარკოტიკულ საშუალებებს მოიხმარდა და სისტემატიურად ძალადობდა, როგორც 23 წლის ცოლის, ისე მცირეწლოვანი შვილების და სიდედრის მიმართაც კი. ამის გამო 6 თვით დაკავებულიც იყო.

თაზაგილ ჰუსეინოვი, მოკლული გოგონას დედა ყვება, რომ თავიდან მისი სიძე სახლში წყნარად შევიდა. შემდეგ აღელვდა და უფრო აგრესიული გახდა. გოგონას დედა მიხვდა, რომ რაღაც ცუდს მოიმოქმედებდა, ამიტომც გარეთ გავიდა და ყვირილი დაიწყო. მეზობლებს დახმარებას სთხოვდა. შემდეგ ისევ უკან შესვლა გადაწყვიტა, თუმცა სიძე კარში დახვდა ხელი ჰკრა და კედელზე მიანარცხა. მან გონება რამდენიმე წუთის განმავლობაში დაკარგა. გონს როდესაც მოვიდა და ოთახში დაბრუნდა, ნახა, რომ ქალიშვილი უკვე მკვდარი იყო. 

„წელიწადნახევარია ერთად აღარ ცხოვრობენ. მან ჩემს შვილს დანა ყელზე რამდენჯერმე დაუსვა და მაშინ ცოცხალი გადარჩა. ნარკოტიკულ საშვალებებს მოიხმარდა და მუდმივად სცემდა. 

“სისტემატიურად ძალადობდა, როგორც ჩემს შვილზე ასევე ჩემზე და შვილიშვილებზე. 6 თვე ამის გამო ციხეში იჯდა, მაგრამ გამოვიდა და ეს უბედურება დაგვმართა. ნეტავ მე მოვეკალი და შვილის დაცვა შემძლებოდა. სულ ფულს ითხოვდა და მოკვლით გვემუქრებოდა. ვითომ ჩემი შვილის ფოტო ვიღაც ბიჭთან ერთად ნახა, რაც სრულიად გამორიცხული ამბავია. ვიღაცამ რაღაც ამბავი ტყუილად მოუტანა და ასეთი უბედურება დაგვმართა“, - აცხადებს მოკლული გოგნას დედა.  

განსხვავებული პოზიცია აქვთ სოფელ ყარაჯალარში, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენის ოჯახის წევრებს და მეზობლებს. მათი განცხადებით, თელმან მუსტაფაევი ნარკოტიკს არ მოიხმარდა, იყო კარგი მეოჯახე და ცოლ-შვილისთვის სოფლის ცენტრში ახალ სახლს აშენებდა. ბრალდებულის ახლობლები მკვლელობის მოტივად ეჭვიანობას ასახელებენ.

შსს-ს ინფორმაციით, სოფელ ყარაჯალარში ახალგაზრდა ქალის მკვლელობის ფაქტი გახსნილია, დაკავებულია ერთი პირი.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული ტ.მ. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. 

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×