ელზა პაპოშვილი
17.02.2020

თავდაცვა თუ განზრახ მკვლელობა - რა მოხდა გუდაურში 16 თებერვალს გამთენიისას. ჩხუბის და ფიზიკური დაპირისპირების შედეგად მოკლულია 22 წლის თამაზ გორთამაშვილი, რომელიც ერთ-ერთ ღამის კლუბში ბარმენად მუშაობდა. მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. როგორც თვითმხილველები ამბობენ, სროლას წინ სიტყვიერი და ხელჩართული დაპირისპირება უძღოდა, რასაც შემდგომ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციით, 39 წლის მერაბ კობიაშვილმა ჩხუბის დროს ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიჭრა, ერთი კი ადგილზევე გარდაიცვალა.  

მოკლულის ახლობლებს ვერსიებზე საუბარი უჭირთ. როგორც ისინი აცხადებენ, თამაზ გორთამაშვილს კონფლიქტი არავისთან ჰქონია. 22 წლის ახალგაზრდა გუდაურში ზამთრის სეზონზე ადიოდა და ბარმენობასთან ერთად, სნოუბორდის ინსტრუქტორადაც მუშაობდა. რა მოხდა  და რატომ დაიწყო ჩხუბი, ამის გარკვევას პოლიცია ცდილობს. 

ინციდენტის დროს დაჭრილი კიდევ ერთი პირის დავით სეთურიძის მდგომარეობა კი ამ დრომდე კრიტიკულია. როგორც მისი ახლობლები ამბობენ, ის ჩხუბში მონაწილე პირების გაშველებას ცდილობდა. დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. 26 წლის ახალგაზრდა მუცლის არესა და ხელშია დაჭრილი.

დანაშაულში ეჭვმიტანილი პოლიციამ გუშინვე დააკავა. 39 წლის მამაკაცს განზრახ მკვლელობასა და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებენ.

გამოძიების ინფორმაციით, მან 16 თებერვალს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღიდან მიზანმიმართულად გაისროლა რის შედეგადაც 22 წლის თაზო გორთამაშვილი მოკლა ხოლო მეორე პირი მძიმედ დაჭრა. მკვლელი, მოკლული და დაჭრილი ერთმანეთს იცნობდნენ. 

გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულის ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე კი „რეზონანსთან“ აცახდებს, რომ ის ბრალდებას არ ეთანხმება და ამბობს, რომ მერაბ კობიაშვილი თავს იცავდა. მას 6 პირი სასტიკად სცემდა და წასვლის საშუალებას არ აძლევდნენ. ადვოკატი აცხადებს, რომ  ბრალდებას არ ეთანხმება და მერაბ კობიაშვილი თავადაც დაზარალებულია, რომელიც უმოწყალოდ არის ნაცემი.   

კაკაბაძე ამბობს, რომ მერაბ კობიაშვილი აგვისტოს ომის გმირია და ის სიკვდილს არა ერთხელ გადაურჩა. ხოლო რა გახდა გარდაცვლილსა და ბრალდებულს შორის დაპირისპირების მიზეზი ის ამაზე მაშინ ისაუბრებს, როდესაც მისი დაცვისქვეშ მყოფი საუბარს შეძლებს.   

„ჩემი დაცვისქვეშ მყოფი არის სასტიკად ნაცემი. ასევე არის დაჭრილი. შესაძლოა  ერთი თვალი საერთოდ დაკარგოს. სახეზე  ვერ იცნეს ისეთი ნაცემია. მასზე ძალადობას 6-მდე პირი ახორციელებდა და უმაწყალოდ სცემდა. ამის დასტური გავრცელებული კადრებიც არის. მას შევხვდი, თუმცა ჩვენს შორის საუბარი დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგანაც მას ლაპარაკი უჭირს.  ის გაცლას ცდილობდა, მაგრამ მას დაზიანებებს მაინც აყენებდნენ და არ უშვებდნენ. ამიტომაც იძულებული გახდა, რომ თავი დაეცვა.  ყველამ კარგად ვიცით, რომ ადამიანს აქვს უფლება თავი დაიცვას. თავდაცვის უფლება არის კანონმდებლობით, კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლება“,-აცახდებს ადვოკატი „რეზონანსთან“.  

რაც შეეხება მოტივს, რატომ დაიწყო გარდაცვლილსა და ბრალდებულს შორის დაპირისპირება, ადვოკატი ამბობს, რომ ის ამის შესახებ დეტალურად მედიასთან მას შემდეგ ისაუბრებს, რაც საქმის მასალებს გაეცნობა და დაკავებულიც საუბარს შეძლებს.  

„ბრალდებული  ყოფილი სამხედროა, ის  აგვისტოს ომის ერთ-ერთი გმირია და უწესიერესი ადამიანია. ბრძოლის დროს დაიჭრა კიდევაც, მაგრამ ბოლომდე ვაჟკაცურად იბრძოდა. მკვლელობას გამართლება არა აქვს, მაგრამ მან თავი დაიცვა. უბრალოდ მოხდა ის, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში გამოიყენა კანონით გათვალისწინებული უფლება, უფლება რომ დაიცვას საკუთარი თავი. მას ლაპარაკი უჭირს და იმდენად ბევრი დაზიანება აქვს მიყენებული, რომ წინასწარი დაკავების იზოლატორში ვერც კი გადაიყვანეს", - განაცხადა ადვოკატმა „რეზონანსთან“.  

ექიმის თქმით კი მეორე დაჭრილი პაციენტის მდგომარეობა გადატანილი ოპერაციების სიმძიმეს შეესაბამება. პაციენტი ამ დროისთვის მართვითი სუნთქვიდან მოხსნილია და ის მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებს.

"პაციენტის ზოგადი მდგომარეობა გახლდათ კრიტიკულად მძიმე. მას ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაციები, იმუშავა ქირურგების და ტრავმატოლოგების ბრიგადამ, რის შემდგომაც პაციენტის მკურნალობა გაგრძელდა რეანიმაციაში. პაციენტის მდგომარეობა ამ წუთისთვის არის მძიმე, თუმცა მოხსნილია მართვითი სუნთქვიდან. მისი მდგომარეობა შეესაბამება გადატანილი ოპერაციების სიმძიმეს, აგრძელებს მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში," - აცხადებს ექიმი დავით ლოლაძე.  

შსს-მ მკვლელობაში ბრალდებული 39 წლის მამაკაცი მომხდარიდან მალევე დააკავა. უწყების ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×