ელზა პაპოშვილი
18.02.2020

შემზარავი მკვლელობა გარდაბნის მუნიციპალიტეტის  სოფელ ყარაჯალაში - ტაქსის მძღოლი ჯერ გაიტაცეს, შედეგ ცეცხლსასროლი იარაღიდან მოკლეს და შემდეგ მისავე ავტომობილში დაწვეს. პოლიციამ დანაშაული ცხელ კვალზე გახსნა და უწყების ინფორმაციით, ბრალდებული 23 წლის მამაკაცი უკვე დაკავებულია. 

ადგილობრივები „რეზონანსთა“  ყვებიან, რომ  მათ ღამით ავტომატიდან სროლის ხმა გაიგონეს. ისინი მკვლელობის სხვადასხვა ვერსიაზე საუბრობენ. 

მათი თქმით, არსებობს ინფორმაცია, რომ მძღოლი ჯერ დაჭრეს და შემდეგ დაჭრილი ავტომობილში დაწვეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ტაქსის მძღოლი ფაქტობრივად საკუთარ ავტომობილში ცოცხლად დაწვეს. სოფლის მცხოვრებლები გვიყვებიან, რომ შემთხვევა გვიან ღამით მოხდა და მათ მხოლოდ რამდენიმე გასროლა გაიგონეს.

„სიმართლე გითხრათ, სოფელში ამ სასტიკი მკვლელობის შესახებ მხოლოდ მაშინ გავიგეთ, როდესაც გათენდა და ბევრი პოლიციელი დავინახეთ. ისინი ავტომობილთან ახლოს არ გვიშვებდნენ. ერთი ვერსიით, ტაქსის მძღოლიც და მკვლელობაში ბრადებულიც თბილისიდან არიან, აქური არცერთი არ არის. 

„აქ მოვისმინეთ ვარაუდები, რომ თითქოს დაჭრილი ტაქსის მძღოლი ცოცხლად დაწვეს. ის გამოიტაცეს, გაძარცვეს და შემდეგ ასე სასტიკად გაუსწორდნენ. ზოგი იმასაც ამბობს, რომ შეასაძლოა მძღოლის გარდა სხვები არიან გარდაცვლილები და მარტო ეს ერთი კაცი არ არის დამწვარი. ამ სოფელში ხდება საშინელება - ძარცვა, მკვლელობა, არ ვიცი რა ვითარებაში ვცხოვრობთ. მეორე ვერსიით კი, ავტომობილში ტაქსის მძღოლის გარდა სხვა გარდაცვლილებიც არიან“, - ამბობს „რეზონანსთან“ ადგილობრივი დავიდ ბაირამოვი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა კი  დააკავეს პირი, რომელმაც  17 თებერვალს, გარდაბნის მუნიციპალიტეტ სოფელ ყარაჯალარში ტაქსის მძღოლი მოკლა და შემდეგ მისი ავტომანქანა დაწვა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 17 თებერვალს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარის მიმდებარე ტერიტორიაზე ტაქსის მძღოლს – 1956 წელს დაბადებულ დ.შ.-ს სხეულზე სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, შემდეგ კი, კვალის დაფარვის მიზნით, ცხედარი მოკლულის ავტომობილში მოათავსა, ავტომანქანას ცეცხლი წაუკიდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“, - წერია განცხადებაში.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს და ითვალისწინებს სასჯელს 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×