ია აბულაშვილი
19.02.2020

1969 წელს კინოეკრანზე გამოვიდა მხატვრული ფილმი "ფიროსმანი", რომლის დამდგმელი რეჟისორი და სცენარის ავტორი გიორგი შენგელაიაა. ფიროსმანის როლს თამაშობს 60-იანი წლების ქართველი ნონკომფორმისტი, მხატვარი ავთო ვარაზი. ფილმს 1973 წელს ბრიტანეთის კინოინსტიტუტის პრემია მიენიჭა, როგორც ყველაზე ორიგინალურ ფილმს; ჩიკაგოში, მეათე საერთაშორისო კიონფესტივალზე აიღო "ოქროს ჰიუგო"; იტალიაში, აზოლის საერთაშორისო კინოფესტივალზე კი პირველი პრემია.

როგორ დაიბადა ფილმის შექმნის იდეა და როგორ იპოვა რეჟისრომა ფირსმანის როლის შემსრულებელი ავთო ვარაზი. მკითხველს ვთავაზობთ ამონარიდს ინტევიუდან, რომელიც წლების წინ "რეზონანსმა" გიორგი შენგელაიასთან ჩაწერა.

"ფიროსმანის ნახატები პირველად ბავშვობაში ვნახე ცნობილი ქართველი მწერლების სიმონ ჩიქვანის, აკაკი ბელიაშვილის და გიორგი ლეონიძის ოჯახებში, სადაც დედაჩემს სტუმრად დავყავდი; მაშინ 7-8 წლის ვიქნებოდი და ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ ვერ ვხსნიდი. მოზარდი რომ გავხდი, წავიკითხე დიმიტრი შევარდნაძის მონოგრაფია ფირსმანზე, უკვე წარმოვიდგინე მხატვრის ცხოვრება და ამაღელვა. იმ პერიოდში ჩემი ბედი გადაწყვტილი არ იყო, ვიქნებოდი თუ არა რეჟისორი.

ჩავაბარე მოსკოვის საერთაშორისო კინომატოგრაფიის ინსტიტუტში, მაგრამ ფირსმანის ცხოვრება სულ თან დამყვებოდა. მეორე კურსზე ვიყავი დოკუმენტური ფილმი რომ გადავიღე, მთლიანად მიდიოდა ნიკალას სურათები, ამ ფონზე იკითხებოდა მისი ბიოგრაფია, 20 წუთიანი ფილმი იყო. მოსკოვში გავიცანი ძალიან საინტერესო ადამიანები, კოლექციონერები, ერთ-ერთი იყო იგორ სანიჩევი, მის კოლექციაში ფიროსმანის ორი სურათი ინახებოდა, ასევე ირაკლი ანდრონიკოვი. ისინი ფიროსმანზე საინტერესო ამბებს მიყვებოდნენ. დიდხანს ვუახლოვდებოდი, ლტოლვა დიდი მქონდა, მაგრამ ვერ ვბედავდი. შემდეგ ერლომ ახვლედიანთან ერთად დავიწყე ფილმზე ფიქრი. ამოვიღეთ ყველა დოკუმენტი, ყველა მოგონება, რაც ფიროსმანზე არსებობდა. ყურადღება შევაჩერეთ გოგლა ლეონიძის მონოგრაფიაზე, რომელიც 1920 წელს ჟურნალ "მნათობში" დაიბეჭდა. ყველაფერი იყო აღწერილი, როგორ ცხოვრობდა, რას აკთებდა, ვისთან ჭამდა პურს ნიკალა.

მაშინ, სტალინი გარდაცვლილდი იყო და ნიკიტა ხრუშჩოვი მოვიდა ხელისუფლებაში, თითქოს ლიბერალურ მიდგომებზე დაიწყო ლაპარაკი კინოსამყაროში, მაგრამ მაინც ვეჭვობდი წინააღმდეგობა ხომ არ შემხვდებოდა. დავიწყე ლაპარაკი, რომ ეს სახალხო მხატვარი იყო, რაც კომუნისტებს უყვარდათ, ამით ვაბამდი და ეს ფანდი გაძვრა.

შევუდექი მუშაობას, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა იყო მსახიობი, ვინ ითამაშებდა. გადამღებ ჯგუფთან ვთქვი, უშანგი ჩხეიძე ცოცხალი რომ იყოს, იმას ვათამაშებდი-მეთქი. დავიწყე მსახიობების შერჩევა, მოვსინჯე ყველა ცნობილი მსახიობი, მაგრამ გადაწყვეტილებას ვერ ვიღებ.

ერთხელ ჩემი ასისტენტი ავთანდილ მაჩაიძე მეუბნება, იქნებ ავთო გესინჯაო, ავთო ვარაზი მხატვრად მყავდა აყვანილი. ვუთხარი ისეთი მორიდებული კაცია, ამ ორომტრიალს როგორ გაუძლებს-მეთქი. არ მომეშვა, მხატვარია და თანაც სვამსო, ავიღებ მიკროფონს, მივალ სახლში მასთან, ტექსტს წავაკითხებ და ჩუმად ჩავწერო. მართლაც მომტანა ჩანაწერი, სახტად დავრჩი ისე ლაპარაკობდა, მაშინვე დავრწმუნდი არჩევანის სისწორეში, რომ მხატვრის როლი მხატვარს უნდა შეესრულებინა, ისეთივე მართალს და ალალს.

ავთო ვარაზმა გააცოცხლა ფილმი, თანაც ფილმისთვის ქმნიდა დეკორაციებს და კოსტუმებისთვის ესკიზებს. როცა გადაღება დავასრულეთ, მარტო ვაჩვენე ფილმი, ორნი ვიყავით - მე და ავთო. იმ დროს ფილმს რომ დაამთავრებდი ჯერ ცეკაში ნახულობდნენ ჩინოვნიკები, ავტორს არ იწვევდნენ. ფილმი უნახავს მაშინდელ ცეკას მდივანს დევი სტურუას და უთქვამს, ეს რა ფილმია, ან როგორ გადაიღო მთავარ როლში კაცი, რომელიც პოპ-არტებს ხატავს სიგარეტის კოლოფებზეო. იმიტომაც არ არის დღეს ავთოს ნახატები მსოფლიოს ყველაზე ცნობილ კოლექციებში და მუზეუმებში? მისი ცნობილი ტილო "ხარის თავი", რომელიც ძველი შარვლისგან შექმნა ამერიკის მოდერნ-არტის მუზეუმშია. "კრავის თავი" ზიმერლის ხელოვნების მუზეუმში. "ვიოლინო", "ლიმონათის და ღვინის ეტიკეტები" პარიზის და ამერიკის ნორტონ-ლოჯის კერძო კოლექციებში ინახება.

ფილმზე რომ ასეთი ამბავი ატყდა, ძალიან განვიცადე, საავადმყოფოშიც მოვხვდი, არანაირი წამალი არ მშველოდა. ვფიქრობდი ვერ შევძელი ფილმის გადაღება, არადა როგორ სერიოზულად მივუდექი ამ თემას-მეთქი. ჩემმა ძმამ ელდარმა ფილმი მაინც აჩვენა კინოს სახლში, სადაც მოიწვია გამოჩენილი ქართველი მხატვრები და კრიტიკოსები. იმ საღამოსვე დამირეკა ელიჩკა ახველდიანმა, შემაქო და მითხრა, "შენ, ბიჭო, ასე ახალაგაზრდა კაცმა, რა იცი ბებერ მხატვრებზე, როგორ ვცხოვრობთ, როგორ ვამთავრებთ სიცოცხლეს". დამირეკა სერგო ქობლაძემ, მანაც შემაქო. დიდი დრო არ გასულა, მოსკოვიდან "გოსკინოდან" მირეკავენ და მეუბნებიან, მოვიდა ორი ინგლისელი რეჟისორი, შენი ფილმი ნახეს და ძალიან მოეწონათ, უნდათ რომ თავის ქვეყანაში აჩვენონო, "ფიროსმანი", რომ გადავიღე 33 წლის ვიყავი.

ფილმმა წარმატებას მიაღწია ჩიკაგოში გამართულ კიონფესტივალზე, ჟიურის თავმჯდომარე მინელიმ მითხრა, სხვათაშორის ცნობილი მომღერლის და მსახიობის ლაიზა მინელის მამამ, რომელსაც ფილმი ჰქონდა გადაღებული ვინსენტ ვან გოგზე, მთავარ როლს კლერკ დუგლასი თამაშობდა, "თქვენი ფილმი არის მხატვრის ცხოვრების შესახებ, ჩემი ფილმი ასეთი არ არისო."

ჩემი ჩაანფიქრიც ეს იყო გამეკეთებინა ფილმი მხატვარზე, ყოფილიყო ადამიანის არსებობაზე, დაბადებიდან სიკვდილამდე. ფილმს დრო ამოწმებს, თუ ღდესაც ვინმე ინტერესით უყურებს ძალიან მიხარია"- ასე დაასრულა "ფიროსმანის" შექმნის ისტორია წლების წინ "რეზონანსთან" ცნობილმა ქართველმა რეჟისორმა გიორგი შენგელაიამ.

ბრიტანეთში გამართულ კინოფესტივალზე ერთი პრიზი ფილმის მხატვარს ერგო, ერთი კი მთავარი როლის შემსრულებელს. ორივე ავთო ვარზს, რომელიც საბჭოთა ბიუროკრატიამ ფესტივალზე არ გაუშვა, ერთი მიზეზით, სამშობლოში აღარ დაბრუნდებაო.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×