ელზა პაპოშვილი
21.02.2020

საზარელი მკვლელობა საჩხერეში - გამოძიების ინფორმაციით, 16 წლის მოზარდმა  სოფელ ჭალაში მამა ჯერ სანადირო თოფით მოკლა, შემდეგ კი სახლის სარდაფში დამარხა. დაკარგულ მამას კი მეზობლებთან ერთად „ეძებდა“  და ამბობდა, რომ ღამით სახლში არ მისულა. ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ მამა-შვილს კონფლიქტური სიტუაცია ადრეც ჰქონიათ, რადგანაც მშობელს არასრუწლოვანის საქციელი არ მოსწონდა და ამაზე ხშირად კამათობდნენ. 

მათივე ინფორმაციით, მოზარდს  მამასთან შელაპარაკება ტელეფონის გამო მოუვიდა. ბიჭს ტელეფონი დაულომბარდებია, ხოლო მამას უთქვამს, რომ მეორე დღეს დაელაპარაკებოდა და ამაზე სათანადო პასუხს მოსთხოვდა. ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამა მოზარდმა საწოლში სანადირდო თოფით რამდენჯერმე გასროლის შედეგად მოკლა. 

„კონფლიქტი როგორც ვიცით ადრეც ხშირად ჰქონიათ. როგორც ხდება ხოლმე შვილის ცუდ  საქციელზე ვუთითებთ, მაგრამ ზოგი ასე აღიქვამს და ზოგიც ისე.  დაულომბარდებია ტელეფონი. რის გამო, არ ვიცით. ამაზე მამა-შვილს შორის კვლავ შელაპარაკება მომხდარა. ნასვამ მდგომარეობაში მყოფ მამას უთქვამს, რომ ხვალ დაელაპარაკებოდა და ამაზე პასუხს მოსთხოვდა. 

არ ვიცით მოხდა თუ არა მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება. ჩხუბის ან სხვა რამის ხმა არავის გაუგონია. წასულა ეს კაცი და დაუძინია. დადგომია სანადირო თოფით, ჯერ მკლავში დაუჭრია, შემდეგ კი თავში აქვსო ნასროლი. წაუღია სანამ დედა სახლში დაბრუნდა და სარდაფში დაუმარხავს. ურეკავდა ცოლი და ხმას არ სცემდა კაცი. ატყდა ერთი ამბავი და დავიწყეთ  ძებნა. ეს ბავშვიც ჩვენთან ერთად ეძებდა და ამბობდა, რომ სახლში არ მისულა. რა აღარ ვიფიქრეთ, მაგრამ ამას როგორ წარმოვიდგენდით. პოლიცია მიხვდა, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო და როგორც ჩანს დკითხვისას აღიარა“,-აცხადებს ერთ-ერთი მეზობელი „რეზონანსთან“  

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ დანაშაული ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკების შედეგად მოხდა. აქვე აღნიშნულია, რომ დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

„პოლიციამ საჩხერეში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2002 წელს დაბადებული ჯ.კ. ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალაში მცხოვრებმა არასრულწლოვანმა, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკების შედეგად, მამას - 1969 წელს დაბადებულ გ.კ.-ს სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. 

დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ჯ.კ.-მ, კვალის დაფარვის მიზნით, მოკლული მამის ცხედარი ეზოში მდებარე დამხმარე სათავსოს სარდაფში გადამალა. ასევე, დადგინდა, რომ მომხდარი ფაქტის დროს მამა-შვილი სახლში მარტო იმყოფებოდნენ. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მალევე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს," - ნათქვამია განცხადებაში. 

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×