ელზა პაპოშვილი
25.02.2020

საზარელი მკვლელობა თბილისში - 19 წლის ახალგაზრდამ, სავარაუდოდ, ბებია და დედა მძინარეები ნაჯახით  საწოლში დახოცა. პოლიციამ ეს სასტიკი მკვლელობა ცხელ კვალზევე გახსნა და ორმაგ მკვლელობაში ეჭვმიტანილი ახალგაზრდა სახლთანვე დააკავა. ეს საზარელი ფაქტი კი ზაზაშვილის ქუჩაძე, ნაძალდევის რაიონში ღამის 3 საათზე მოხდა. როგორც ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, ქუჩა ღამით თავად ახალგაზრდა ბიჭის ყვირილმა გააღვიძა იგი გვიან ღამით სახლიდან გამოვარდა და ყვიროდა, რომ მან დედა და ბებია დახოცა.

გარდაცვლილები არიან 73 წლის ზინა დარჩიაშვილი და 45 წლის თამარ ზაუტაშვილი. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ პოლიცია ადგილზე მალევე მივიდა და ბიჭი სახლის კართანვე დააპატიმრეს. მათივე ინფორმაციით, ოჯახი 7 წელია რაც ამ ქუჩაზე ცხოვრობს. ისინი ერთ-ერთ სახლში იყვნენ შეფარებულები და სახლის პატრონი, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს, მათ ქირას არ ახდევინებდა.

ამ სასტიკ დანაშაულში ბრალდებულ ბიჭს კი მეზობლები დადებითად ახასიათებენ. მათთვის სრულიად წარმოუდგენელია ამ სასტიკი მკვლელობის უკან რა მიზეზი შეიძლება იყოს. თუმცა, არ გამორიცხავენ, რომ საქმე ან ნარკოტიკებს ეხებოდეს, ან კიდევ აზარტულ თამაშებს. 

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

ექსპერტ-კრიმინალისტებმა საგამოძიებო პროცესი უკვე დაასრულეს. დალუქულია ის საცხოვრებელი სახლი, სადაც დანაშაული მოხდა. ცხედრები კი  ექსპერტიზის ბიუროში არიან გადასვენებულები. 

„ასე ღამის სამი საათი იქნებოდა, რომ  ყვირილის ხმა შემომესმა. აგერ მათი სახლის წინ ვცხოვრობ და ხმაური მალევე გავიგე. ქუჩაზე მორბოდა და ყვიროდა - დედა და ბებია მოვკალიო. სავარაუდოდ, პოლიციაში თავად უკვე დარეკილი ჰქონდა, რადგანაც მოპირდაპირე მხრიდან პოლიცია უკვე მოდიოდა. ასე ქუჩაში დახვდათ. 

„პოლიცია შევიდა, სასწრაფოც მოვიდა, ჩვენ მეზობლები ახლოს აღარ მიგვიშვეს. ექსპერტ-კრიმინალისტებმა თქვეს, რომ საწოლში იყო ორივე ქალი ნაჯახით დაჩეხილი. ასე მძინარებს დასხმია თავს. არც ჩხუბი, არც ყვირილი ან „გვიშველეთ“ ან რამე არავის გაუგონია. 

„ეს ოჯახი აქ 7 წელია რაც ცხოვრობს. რადგანაც გაჭირვებულები იყვნენ, სახლის მეპატრონე ქირას არ ახდევინებდა და უთხრა - იცხოვრეთ, სახლს მოუარეთო. არ ვიცი ჭკუა რამ გადაუტრიალა. აგერ ჩვენს თვალწინ გაიზრადა, არანაირი კონფლიქტური ეს ბიჭი არ იყო“, - აცხადებს „რეზონანსთან“ ბრალდებულის მეზობელი ქალბატონი. 

კიდევ ერთი მეზობელი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ დედა მკერავი იყო, ბებია კი იქვე ახლოს ბაზარში ვაჭრობდა. გაჭირვებული ოჯახი იყო, მაგრამ ქალებმა ბიჭი ისე აღზარდეს, რომ არაფერი დაუკლიათ. მეზობლები ეხმარებოდნენ, ვისაც რა საშუალება ჰქონდა. მეზობლის თქმით, არასდროს უნახავს და არ გაუგონია, რომ როდესმე დედა-შვილი ან ბებია და შვილიშვილი ჩხუბობდნენ. მთელი სამეზობლო გაოგნებულია და წარმოდგენა არ აქვთ რა შეიძლება ამ საზარელი მკვლელობის მოტივი იყოს. 

„ჩვენც არ ვიცით რა მოხდა. გაოგნებულები კი არა, შოკირებულები ვართ. აგერ ჩემს სახლში მოდიოდა ეს ბავშვი და ლუკმას ვაჭმევდი. ვისაც რისი საშუალება გვქონდა, ვეხმარებოდით. წყნარი, მშვიდი და გაწონასწორებული ხალხი... 

„ქალები სულ შრომობდნენ და ამ ბავშვს ზრდიდნენ. დედა მკერავი იყო და ბებია აქვე სადღაცას ვაჭრობდა. ამათი სახლიდან კონფლიქტის ხმა არ გამიგია, სიმშვიდე და სიწყნარე სულ. ღამის სამ საათზე თავად ამ ბავშვის განწირულმა ყვირილმა გაგვაღვიძა. იძახდა - დედა და ბებია მოვკალიო. სრულ ჭკუაზეა თუ რა მოუვიდა ბავშვს, არ ვიცით“, - აცხადებს „რეზონანსთან“ ზაზაშვილის ქუჩის ერთ-ერთი მცხოვრები.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ოჯახში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2001 წელს დაბადებული - მ.ზ. ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბებია – 1946 წელს დაბადებული ზ.დ. და დედა – 1974 წელს დაბადებული თ.ზ., თბილისში, მათსავე საცხოვრებელ სახლში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მძინარე მდგომარეობაში ნაჯახით მოკლა. სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს. 

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ოჯახში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - აცხადებენ შსს-ში.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×