ნატა თვაური
25.02.2020

კორონავირუსის გავრცელების შეჩერება ვეღარ ხერხდება და როგორც ჩანს, მსოფლიო თანდათან უახლოვდება გლობალური პანიკის ზღვარს. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მოსახლეობის ნაწილი ჩინური წარმომავლობის მოქალაქეებს დაუფარავი შიშით უყურებს და მათ იზოლირებას ითხოვს; ხალხი მასიურად წინასწარ იმარაგებს პირველადი მოხმარების პროდუქტებს, ჰიგიენის საშუალებებს, სამედიცინო ნიღბებსა და მედიკამენტებს; ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი სამშაბათს ოფიციალურად გამოაცხადა, რომ კორონავირუსის გლობალური პანდემიისათვის უნდა მოვემზადოთ.

ჩინეთიდან გავრცელებულ ვირუსთან დაკავშირებით, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში და მათ შOრის საქართველოშიც, უკვე დაფიქსირდა მასობრივი პანიკის შემთხვევები და არასასიამოვნო ინციდენტები. მაგალითად, 20 თებერვალს, როდესაც უკრაინის მოქალაქეები ჩინეთიდან ხარკოვში ჩაიყვანეს, მიუხედავად იმისა, რომ მათ კორონავირუსის სიმპტომები არ ჰქონდათ, ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომ ევაკუირებულებს სამედიცინო ცენტრებში განათავსებდნენ, მოსახლეობის ნაწილის პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეების ნაწილი თავს დაესხა და ქვები დაუშინა ავტობუსებს, რომლითაც ქვეყანაში კორონავირუსის საფრთხის გამო ჩინეთიდან ევაკუირებული მოქალაქეები ჩაიყვანეს. შემთხვევა ქალაქ ნოვიე სანჟარიში მოხდა. შეტაკებების შედეგად კი ცხრა სამართალდამცველი და აქციის ერთი მონაწილე დაშავდა.

კორონავირუსისგან გამოწვეული მასიური პანიკა მკვეთრად აისახა ნიუ იორკის ჩაინათაუნში არსებულ რესტორნებზეც, რომლებიც დღის განმავლობაში ასობით ადამიანს ემსახურებოდნენ, ახლა კი ნახევრად ცარიელია დღის მანძილზე, რადგან საზოგადოება პანიკაშია, ეშინია კორონავირუსის საფრთხის და თავს იკავებს ხალხმრავალ ადგილებში სტუმრობისგან.

მასობრივი პანიკაა იტალიაშიც, სადაც კორონავირუსით დაინფიცირებულია 283 ხოლო გარდაცვლილია 7 ადამიანი. ამის გამო ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილი მთლიანად კარანტინშია მოქცეული. არ მუშაობს საჯარო დაწესებულებები, სკოლები, უნივერსიტეტები, მუზეუმები. ასევე გადაიდო დაგეგმილი კარნავალები და ყველა სპორტული ღონისძიება, მათ შორის ფეხბურთში იტალიის ჩემპიონატის სამი მატჩი. მოსახლეობამ დააცარიელა სუპერმარკეტების თაროები, მოიმარაგა საკვები პროდუქტები, ასევე, აფთიაქებში წამლებისა და პირბადეების დეფიციტია.

კორონავირუსისგან გამოწვეული პანიკა იმდენად მწვავეა, რომ ჰონგ კონგში დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც დანით შეიარაღებულმა ორმა ადამიანმა 600 ცალი ტუალეტის ქაღალდი მოიპარა.

პანიკის მაღალ დონეზე მიანიშნებს ასევე შემთხვევა, რომელიც ესპანეთში დაფიქსირდა - ახალგაზრდა ქალს წვეულებაზე ყოფნისას გული აერია და დააცემინა, რამაც წვეულებაზე მყოფთა შორის ნამდვილი ისტერიკა გამოიწვია. მომსახურე პერსონალმა კი სასწრაფო დახმარება გამოიძახა, რადგან ჩათვალეს, რომ მას კორონავირუსის ნიშნები ჰქონდა. აღმოჩნდა, რომ იგი უბრალოდ ნასვამი იყო, მოიწამლა და კორონავირუსის არც ერთი ნიშანი გააჩნდა.

პანიკის დონე საქართველოშიც საკმაოდ მაღალია, რასაც 24 თებერვალს მომხდარი შემთხვევაც ადასტურებს, როდესაც თბილისი-ბათუმის მატარებელში მყოფი ორი ჩინელი მოქალაქის გამო ქართველმა მგზავრება სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, რადგან იფიქრეს, რომ ისინი კორონა ვირუსის გავრცელების საფრთხეს წარმოადგენდნენ. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მათ 5 კვირის წინ დატოვეს ჩინეთი და საქართველოში ჩამოსვლამდე სხვა ქვეყნებშიც იმყოფებოდნენ. ამავე დროს, მედიკოსების განცხადებით, მათ კორონავირუსის არანაირი ნიშანი აღენიშნებოდათ და არ საჭიროებდნენ სტაციონარში გადაყვანას.

ასევე კორონავირუსის შიშით ავტობანის მშენებლობაზე ქართველმა მუშებმა აქცია გამართეს. ისინი ითხოვდნენ, რომ ჩინეთის მოქალაქეებს, რომლებიც მათთან ერთად მუშაობდნენ, დაეტოვებინათ სამსახური.

გლობალური პანიკის დონემ კიდევ უფრო მაღალ ნიშნულს მიაღწია, როდესაც 25 თებერვალს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ მსოფლიომ მეტი უნდა გააკეთოს, რომ მოემზადოს კორონავირუსის შესაძლო პანდემიისათვის. კორონავირუსის მოსალოდნელი პანდემიისათვის აქტიურად ემზადება აშშ, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კორონავირუსთან საბრძოლველად კონგრესისგან 2.5 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითხოვს.

თუმცა, მთელი ამ ნეგატივის მიუხედავად, ყველაფერი შეიძლება არც ისე ცუდად იყოს, როგორც ერთი შეხედვით ჩანს - 25 თებერვალს საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ საფრანგეთის ტერიტორიაზე მყოფი ყველა ის პაციენტი, რომლებსაც კორონავირუსი დადგინდათ, სრულად განიკურნა და და უკვე სახლებშია გაწერილი.

გარდა ამისა, საინტერესო შემთხვევა დაფიქსირდა თავად ჩინეთში, ქალაქ უხანში, საიდანაც ეს დაავადება გავრცელდა. კორონავირუსით დაავადებულმა ერთ-ერთმა ქალბატონმა წარმატებით იმშობიარა და აღმოჩნდა, რომ ახალშობილსაც კორონავირუსი ჰქონდა. ჩვილისთვის მკურნალობის კურსი არ ჩაუტარებიათ, რადგანაც ამას შესაძლოა მის ჯანმრთელობაზე მკვეთრად უარყოფითად ემოქმედა. ამის მიუხედავად, დაბადებიდან მე-17 დღეს ახალშობილი თავისით, ყოველგვარი წამლებისა და სამედიცინო პროცედურების გარეშე განიკურნა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×