თამთა ჩაჩანიძე
03.03.2020

ამჟამად ესპანეთში ქართველი „კრიმინალური ავტორიტეტის“ ტარიელ ონიანის სასამართლო მიმდინარეობს და ბოლო სხდომაზე მან ე.წ. კანონიერი ქურდების ლიკვიდაციის საქმეში, საბჭოთა კავშირის ლიდერის იოსებ სტალინის როლზე ისაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას „როსბალტი“ ავრცელებს.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ესპანეთის ეროვნული სასამართლოს პროკურორმა ხოსე გრინდავმა სასამართლო მოსმენისას ონიანს „კანონიერი ქურდი“ უწოდა. ამის საპასუხოდ ონიანმა ვრცელი სიტყვა წარმოთქვა და ესპანურ სასამართლოს ამ ტერმინის წარმოშობა განუმარტა. ონიანის თქმით, პირველად „კანონიერი ქურდები“ ბოლშევიკების დროს გამოჩნდნენ და ასე მოიხსენიებდნენ იმ კრიმინალებს, რომლებიც რევოლუციონერებს იმპერატორის ძალაუფლების დამხობაში ეხმარებოდნენ.

„ხოლო მას შემდეგ, რაც სტალინმა თავის მიზანს მიაღწია და მეფის რეჟიმის არსებობა დაასრულა, ამ ორგანიზაციამ მნიშვნელობა დაკარგა“, - განაცხადა ონიანმა სასამართლოზე და დაამატა, რომ მას შემდეგ „კანონიერი ქურდები“ აღარ არსებობენ.

გარდა ამისა, ონიანმა ქუთაისის კრიმინალური დაჯგუფების არსებობას მითი უწოდა. ონიანის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეში კი პირდაპირ ნათქვამია, რომ ის ამ დაჯგუფების ხელძღვანელია.

„როსბალტის“ ცნობით, ესპანეთის ხელისუფლება ონიანს კრიმინალურ საზოგადოებაში მონაწილეობასა და ფულის გათეთრებაში ადანაშაულებს, რომელიც ესპანეთში სერიოზულ სასჯელად ითვლება რვანახევარი წლით პატიმრობას ითვალისწინებს. თუმცა, ესპანელი სამართალდამცავები ამჟამად მისთვის ამ მუხლით ბრალდების მოხსნის შესაძლებლობას განიხილავენ, დანარჩენი ბრალდებებით კი, თუ ონიანის დანაშაული დამტკიცდა, მას 2-დან 4 წლამდე პატიმრობე ემუქრება.

ამჟამად ონიანი ესპანეთში „სოტო დელ რეალის“ ციხეში  გაძლიერებული დაცვის ქვეშ იმყოფება. იგი ესპანეთში 2019 წლის ოქტომბერში რუსეთიდან იქნა ექსტრადირებული, სადაც ფულის გამოძალვასა და ადამიანის გატაცებისთვის 10-წლიანი სასჯელი მოიხადა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×