ელზა პაპოშვილი
05.03.2020

ბოლო ერთი თვის განმავლობაში თითქმის დღე არ გავა, რომ ქალზე ძალადობის ფაქტი არ მოხდეს. 5 მარტს დღისით-მზისით, ხალხის თვალწინ,  ქუჩაში ყოფილ ცოლს ქმარმა დანით გულ-მკერდის და მუცლის არეში ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა.  როგორც თვითმხილველები ყვებიან, მამაკაცი გამვლელებმა დაიჭირეს და მისი შეჩერება მოასწრეს, წაინააღმდეგ შემთხვევაში ის ახალგაზრად ქალს უფრო მეტ ჭრილობებს მიაყენებდა. 

მოქალაქეებმა  ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება და პოლიცია გამოიძახეს, თუმცა, სანამ  სამედიცინო დახმარება მივიდოდა, დაჭრილი ქალი  კერძო ავტომობილით სავადმყოფოში გადაიყვანეს. მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა და მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. 

თვითმხილველები ყვებიან, რომ ყველაფერი იმდენად სწრაფად მოხდა, სანამ ქალმა არ დაიწყო ყვირილი, რომ მას ყოფილი ქმარი კლავდა, რეაგირება ვერავინ მოასწრო. 25 წლის ქალი ახლობლებთან ერთად პოლიციაში მიდოდა, რათა ქმრისთვის  მუქარის და შევიწროვების გამო ეჩივლა. 

ქალი ამბობდა, რომ მას ყოფილი მეუღლე შერიგებას სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოკვლით ემუქრებოდა. ქალმა ამიტომაც გადაწყვიტა, რომ სამართალდამცველებისთვის მიემართა. მამაკაცი ყოფილ ცოლს უთვალთვალებდა და გზაზე აედევნა. მას ეძახდა და დალაპარაკებას სთხოვდა. ცოლი კი უარეს ეუბნებოდა. 

რამდენიმე წამში კი ის ქვემოთ დაიხარა, გოგონას თანმხლებ პირებს ეგონათ, რომ ფეხსაცმლის  თასმას იკრავდა, თუმცა, ზემოდ აწევისას ყოფილ ცოლს მივარდა და დანის დარტყმა დაუწყო. ქალებს თავიდან ეგონათ, რომ  სცემდა. თუმცა,  როდესაც ქალი დაბლა დავარდა და გონება დაკარგა, მხოლოდ მაშინ მიხვდნენ, რომ დაჭრილი იყო.  

 „ადგილობრივები არიან. ცოლი  ქმარს გაცილებული ყოფილა. ეს გოგო ახლობლებთან ერთად პოლიციაში მიდიოდა. მოსდევდა და ეძახდა თურმე, რომ დალაპარაკებოდა. გოგონას განცხადების დაწერა უნდოდა, რომ ქმარი მოკვლის მუქარებს უგზავნიდა. 

“ასე მიუახლოვდა და მოულოდნელად გულში და მუცელში დანა ურტყა. ყველას ეგონა, რომ სცემდა, თურმე დანით ჩეხავდა. როცა დაბლა დავარდა და კივილი ატეხეს, ხალხიც მერე შეგროვდა და ეს ბიჭი კაცებმა დაიჭირეს. 

“მომკლა მგონიო, ერთი ეს თქვა და ჩაიკეცა, გონება დაკარგა. სასწრაფო დახმარებას აღარ დაელოდნენ და კერძო ავტომობილით გადაიყვანეს. ასეთი საშინელება ჯერ არ მინახავს. ცოლს ასე სახალხოდ კაცები ხოცავდნენ პირველად მესმის. გაქცევაც ვერ მოასწრო,  რადგანაც თავს მოულოდნელად დაესხა. 2 შვილი ჰყოლიათ, 25 წლის გოგოა“, - აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი.  

ხაშურის საავადმყოფოს ექიმი კობა ხელაძე კი ამბობს, რომ ქალს გულ-მკერდის და მუცლის არეში მრვალობითი ჭრილობები აქვს მიყენებული. მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და რამდენიმე გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმი ამბობს, რომ ჭრილობები ღრმა აქვს და სიცოცხლისთვის საკმაოდ საშიშ ადგილებში აქვს მიღებული. 

პოლიციამ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 1986 წელს დაბადებული კაცი ცხელ კვალზე დააკავა. ის დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 11-3 პრიმა 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ვ ქვეპუნქტით დაიწყო რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მცდელობას ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში და ითვალისწინებს 13-17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.  

ცნობისთვის, 4 მარტს შემთხვევა-ქმარმა ცოლი ჭიათურაში ხალხის თვალწინ ქუჩაში სცემა და მოკვლით  ემუქრებოდა. ამ საზარელ ფაქტს კი მათი 5 წლის გოგონაც შეესწრო, რომლის წაყვანასაც მამაკაცი ცდილობდა, თუმცა ამის უფლება გამვლელებმა არ მისცეს. თვითმხილველები ჰყვებიან, რომ ნასვამმა მამკაცმა ცოლს მუშტი თავში ურტყა, შემდეგ კი ყელის გამოჭრით ემუქრებოდა. 

ქალის დახმარება მოქალაქეებმა შეძლეს და ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს. შოკურ მდგომარეობაში მყოფი ქალი  საავადმყოფოში გადაიყვანეს. თვითმხილველები ყვებიან, რომ მამაკაცი მათაც ემუქრებოდათ და ამბობდა, რომ ყველას დახოცავდა. მათი თქმით, ქალი იმდენად იყო დაშინებული, რომ წინააღმდეგობასაც ვერ უწევდა. ამის ამსახველი კადრები კი ერთ-ერთმა მოქალაქემ გადაიღო და ინტერნეტით გაავრცელა. 

პოლიციამ კი მომხდარზე მყისიერი რეაგირება მოახდინა და ძალადობაში ბრალდებული ქმარი მალევე დააკავა.  

უნდა აღინიშნოს, რომ ფემიციდის ნიშნით ქალთა მკვლელობის რიცხვი  წლის დასაწყისში უკვე სავალალოა. ერთ თვეში ცოლზე თავდასხმის 8 შემთხვევა მოხდა, 3 ქალი კი მოკლეს. ქალთა უფლებების დამცველები სახელმწიფოს მხრიდან კანონის გამკაცრებას მოითხოვენ და ამბობენ, რომ ფემიციდის კუთხით, სახელმწიფო დონეზე ბევრი ადმინისტრაციული ბარიერებია მოსახსნელი. ასევე, შემაკავებელი ორდერი, რომლის  მოქმედება უფრო ეფექტური უნდა გახდეს. 

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×