ელზა პაპოშვილი
05.03.2020

დუშეთის რაიონის სოფელი ჭოპორტა შემზარავმა მკვლელობამ შესძრა. 41 წლის მამაკაცმა დედა და და სანადირო თოფით დახოცა. ახლა გამოძიება ამ სასტიკი მკვლელობის დეტალების დადგენას ცდილობს, ხოლო მისი მეზობლები „რეზონანსთან“ მომხდარის დეტალებზე საუბრობენ. 

მათი ვარაუდით, 41 წლის ლაშა ქიმბარაშვილს დის მკვლელობა არ უნდოდა და ის მხოლოდ გამშველები იყო, რომელიც დედის და ძმის დაწყნარებას ცდილობდა. სავარაუდოდ, მოკლული 42 წლის თეონა ქიმბარაშვილი დედას გადაეფარა, რა დროსაც მან ჭრილობები, როგორც ცივი იარაღით, ასევე სანადირო თოფიდან გასროლის შედეგად მიიღო. 

მეზობლები ამბობენ, რომ დაკავებული პოლიციას მხოლოდ ერთი და იგივეს უმეორებდა, იყო თუ არა მისი და ცოცხალი. ის სამართალდამცველებს ეუბნებოდა, რომ დის დაკრძალვაზე მისვლა უნდოდა. 

ადგილობრივები მომხდარის შესახებ ამბობენ, რომ ლაშა ქიმბარაშვილი საქონელს მწყემსავდა და მათი ოჯახის შემოსავალს ძირითადად რძე და ყველი წარმოადგენდა. მას დედა თბილისში ყიდდა. როგორც მეზობლები ამბობენ, იმ საბედისწერო დილას დედას და შვილს შორის ჩხუბი კვლავ ფულის გამო დაიწყო. სავარაუდოდ, მამაკაცი დედას ფულის გაყოფას სთხოვდა. 

მეზობლები აცხადებენ, რომ სწორედ ამ ჩხუბში ჩაერია თეონაც, რომელმაც დედის მხარე დაიკავა და მის გადარჩენას ცდილობდა. მათივე ინფორმაციით, რამდენიმე წლის წინ ბრალდებულს  ჩხუბი მოუვიდა და ის სასტიკად სცემეს. სავარაუდოდ, მაშინ მან თავის მძიმე ტრავმა მიიღო, რამაც არ არის გამორიცხული, რომ მის ფსიქიკას დაღი დაასვა. 

მკვლელობაში ბრალდებული ლაშა ქიმბარაშვილი პოლიციამ სახლშივე დააკავა. მას მოსამართლემ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

„დიდი უბედურება მოხდა. ახლა ლაშას ბედი ვიღას ადარდებს. მთელი სანათესავო დახოცილები არიან. ეგ ახლა ცოცხალი ლეშია, მისი დარდი საერთოდ ვის აქვს.  როგორც თავადაც უთქვამს, ჩხუბი ფულის გამო დედასთან მომივიდაო. ის სოფლის მეურნეობით და ფერმერობით იყო  დაკავებული. დედა თბილისში დადიოდა, მაწონი და ყველი გასაყიდად იქ გაჰქონდა. როგორც თავად ამბობს, დედაჩემი ფულს არ მაძლევდაო. ამაზე უჩხუბიათ. თანაც დედა და და მთხოვდნენ, რომ სხვა სამსახურიც მეშოვაო. 

როგორც ჩანს, ოჯახს უჭირდა და ამაზე ჩხუბობდნენ. გოგო ძალიან კარგი ადამიანი იყო. უთქვამს, რომ დის მოკვლა არ უნდოდა. ის სავარაუდოდ, დედას გადაეფარა. რამდენიმე წლის წინ ლაშა უცნობმა პირებმა სასტიკად სცემეს, მას ჭრილობები თავის არეში ჰქონდა მიღებული. და უვლიდა და ერთი წუთით თავი არ დაუნებებია. როგორ გაიმეტა ასე?! წარმოუდგენელი ამბავია“, - აცხადებს ერთ-ერთი მეზობელი „რეზონანსთან“. 

დედა ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მანქანაში დაიღუპა. ის საავადმყოფომდე ცოცხალი ვეღარ მიიყვანეს, მედიკოსების თქმით, მას გული გაუჩერდა. გოგონას სიცოცხლისთვის შეუთავსებელი მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით კი, მკვლელობის მოტივი ურთიერთ შელაპარაკება გახდა. ამასთანავე, უწყების ცნობით, დაკავებულმა დედის და დის მკვლელობის დროს სანადირო თოფთან ერთად ცივი იარაღი გამოიყენა. ადგილობრივები აღნიშნულს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ როდესაც გოგონა სასწრაფოს მიჰყავდა,  მათ სანადირო თოფით მიყენებული ჭრილობების გარდა დანით მიყენებული ჭრილობები  დაინახეს. 

კიდევ ერთი მეზობელი ამბობს, რომ ბრალდებული მან დილით ეზოში იარაღით ხელში დაინახა, თუმცა, ვერ წარმოიდგენდა, რომ ის ასეთ საზარელ დანაშაულს ჩაიდენდა. მისი თქმით, ის როგორც კი ეზოს გასცდა, ამის შემდეგ რამდენჯერმე სროლის ხმა გაიგონა. თუმცა, ყვირილის ან რაიმე კონფლიქტის ხმა არ ყოფილა. ბრალდებული პოლიციას სახლში დახვდა, თუმცა, ოთახში იყო ჩაკეტილი. ამიტომაც მის ასაყვანად სამართალდამცველებმა სახლის კარი შეამტვრიეს. 

მედიკოსები კი ამბობენ, რომ გოგონას სხეულზე მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა. მას ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული. განსაკუთრებული დაზიანებები გულ-მკერდის არეში აღენიშნებოდა. 

ეს იყო გამჭოლი ჭრილობა, რომელიც ბეჭში გადიოდა. ასევე იყო დამატებით ბეჭის არეში ჭრილობები, ასევე  თირკმლის და წელის არეში ჰქონდა მიყენებული. ექიმები ამბობენ, რომ გოგონას ცეცხლსასროლი იარაღით მხოლოდ ერთი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.  დანარჩენი ყველა მათგანი კი ბასრი საგნით. მოკლულების ცხედრები ექსპერტიზაზეა  გადასვენებული. არაოფიციალური ინფორმაციით მან პოლიციას აღიარებითი ჩვენება უკვე მისცა.   

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×