ერთ-ერთ დაკავებულს ინტერნეტ-კაზინოების 1000-მდე მომხმარებლის სახელი და პაროლი უპოვეს
ელზა პაპოშვილი
10.03.2020

მასშტაბური კიბერ დანაშაული, რომელმაც საქართველოში ათობით ადამიანი დააზარალა, გახსნილია. თუმცა ჯერჯერობით უცნობია, როგორ მოხდა ამ დაზარალებული ადამიანებისთვის იმ თანხის ანაზღაურება, რაც მათ დეკემბრიდან იანვრის ჩათვლით სახელფასო ანგარიშებიდან. ამის შესახებ „რეზონანსი“ ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში წერდა, როდესაც წინასაახალწლოდ რამდენიმე მოქალაქე ერთროულად გაძარცვეს.  სავარაუდოდ, იმ ადამიანებს, რომლებსაც საბანკო ანგარიში დაზღვეული არ ჰქონდათ, თანხა არ აუნაზღაურდებათ. 

გამოძიების ინორმაციით კი სქემა ასეთია - ბრალდებულებმა 13 სხვადასხვა მოქალაქის oნტერნეტბანკისა და ონლაინაზარტული თამაშების ელექტრონულ ანგარიშებზე უნებართვოდ შეაღწიეს, რის შემდეგაც  ჯამში, 42 000 ლარს დაეუფლნენ. აღნიშნული პირების დაკავება თბილისსა და ბათუმში მოხდა.  

„რეზონანსთან“ ერთ-ერთი დაზარალებული - ანანო დევდარიან ამბობს, რომ მისთვის ჯერჯერობით  უცნობია, არიან თუ არა დაკავებული ის პირები, რომლებმაც მისი სახელფასო ბარათიდან ფული მოიპარეს. მას ჯერ არავინ დაკავშირებია. თუმცა ამბობს, რომ მისი თანხის გადარიცხვა ონლაინ-კაზინო „აჭარაბეთის“ ანგარიშზე მოხდა და მას ეს ბანკმა მესიჯის სახით აცნობა. 

დაზარალებული მოქალაქე ანანო დევდარიანი „რეზონანსთან“ ყვება, რომ მას დეკემბრის ხელფასი „თიბისი“ ბანკიდან ჰაკერმა რამდენიმე წუთში მოპარა. მას როგორც კი თანხის ჩარიცხვის შესახებ მესიჯი მიუვიდა, 10 წუთში მიიღო ახალი შეტყობინება, რომ მისი ანგარიშიდან თანხის გატანა დაფიქსირდა. 

დევდარიანი აცხადებს, რომ მას 800 ლარი მოპარეს და ბანკი ამ თანხის ანაზღაურებაზე უარს ამბობს. მის შემთხვევაში ანგარიში დაზღვეული არ ყოფილა. მისივე ინფორმაციით, თანხა სავარაუდოდ საქართველოს აიპი მისამართიდან არის მოპარული და წესით შს სამინისტროს ქურდის პოვნა არ უნდა გაუჭირდეს. თუმცა არც იმას გამორიცხავს, რომ სამშაბათს დაკავებული პირებიდან ერთ-ერთი მისი თანხის ქურდიც იყოს. 

დევდარიანის მსგავსად საქართველოში ნამდვილად ასობით ადამიანია დაზარალებული. სოციალურ ქსელში სხვადასხვა პოსტი ვრცელდება და ყველა მათგანი ერთ პრობლემას უკავშირდება - მომხმარებელთა სახელფასო ბარათებისა და პირადი მონაცემების დაუცველობა. მოქალაქეები წერენ, რომ პერიოდულად მათი საბანკო ანგარიშებიდან თანხის მოპარვის ფაქტები ფიქსირდება. 

„ჯერჯერობით არავინ დამკავშირებია, თუმცა ვიცი, რომ ჩემი ხელფასის გადარიცხვა სწორედაც რომ „აჭარაბეთზე“ მოხდა. აიპ მისამართი ქართული იყო და შესაბამისად, არც ის არის გამორიცხული, რომ რომელიმე მათგანმა ჩემი ხელფასი მოიპარა. 

„ჩემს გარშემო სწორედ ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან ბევრ ადამიანს თანხა მოჰპარეს. ველი იქნებ ვინმე შემეხმიანოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან. თუმცა ბანკმა უკვე გამაფრთხილა, რომ რადგანაც ბარათი დაზღვეული არ გქონდა, ვერ დაგეხმარებითო. სწორედ აი ამ პერიოდის გაანმავლობაში იყო, რომ თითქმის ყოველდღიურად „საქართველოს ბანკისა“  და „თიბისი ბანკის“ მომხმარებლები გაძარცვეს“, - აცახდებს დევდარიანი „რეზონანსთან“. 

დევდარიანის მსგავსად დაზარალებულ მოქალაქეებს შორის ჟურნალისტი ეკა წივწივაძეცაა, რომელსაც წინაასაახალწლოდ ანგარიშიდან 2000 ლარამდე თანხა მოპარეს. გადარიცხვა ამ შემთხვევაშიც  კაზინო „აჭარაბეთის“ ანგარიშზე მოხდა. 

„რეზონანსი“ კიბერუსაფრთხოების სპეციალისტს გიორგი როგავას ესაუბრა. იგი ჰაკერების მოქმედების შემდეგ სქემაზე გვიყვება: სპეციალისტი ამბობს, რომ პირველ რიგში ჰაკერებს საქმეს ბანკების სუსტი სისტემა უადვილებს. კერძო კომპანიების საიტების შიდა სისტემის დაუცველობა, სადაც შეღწევას ისინი ადვილად ახერხებენ.

„საიტების შექმნა გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული, ამიტომაც ბანკები თავს დიდად არ იწუხებენ, რადგანაც ბაზარზე სხვა ალტერნატივა არ არსებობს. იციან, რომ მოქალაქეები მათი ბანკიდან უბრალოდ ვერ წავლენ.

„თაღლითური ჯგუფები საბანკო ბარათებზე წვდომას სხვადასხვა მეთოდით ახერხებენ. ხშირ შემთხვევაში თანხების გადარიცხვა ონლაინ კაზინოებში გახსნილ ანგარიშებზე ხდება. თუმცა არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც თანხის მოხსნა საზღვარგარეთის სხვადასხვა ქვეყნიდან ფიქსირდება. ამ შემთხვევაში კი  სამართალდამცველებს  მათი პოვნა უფრო უჭირთ.

„ამ შემთხვევებზე პასუხისმგებლობას არ იღებს ბანკი და ხშირად  ვერც შს სამინისტრო ახერხებს ინტერნეტ ქურდების გამოვლენას, რადგანაც მათი ვინაობის დადგენა საკმაოდ რთულია. მითუმეტეს, თუ ეს საზღვარგარეთიდან ხდება. ბანკს კი არგუმენტი აქვს, რომ თუ თანხა დაზღვეული არ გაქვს, ის დანაკარგის ანაზღაურებაზე პასუხისმგებლობას არ იღებს“, - აცახდებს „რეზონანსთან“ გიორგი როგავა. 

მისივე თქმით, ასეთი შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით, ფულთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია აუცილებლად დაცული ქსელიდან უნდა განხორციელდეს. სპეციალისტი ამბობს, რომ კაფეების, რესტორნების და მსგავსი საჯარო სივრცეების ვაიფაიდან ტრანზაქციები არ უნდა განვახორციელოთ. ასევე აუცილებლად უნდა მოვერიდოთ იმას, რომ საიტმა ჩვენი საიდენტიფიკაციო კოდი არ დაიმახსოვროს. ხოლო სახელფასო ბარათების დაცვის კუთხით, იმ ბარათზე, რომლითაც ვახდენთ ონლაინ ოპერირებას, არ უნდა გვქონდეს მთელი ხელფასი, ცალკე ბარათია ამისთვის საჭირო. სპეციალისტების შეფასებით, სხვა გამოსავალი არ არის, რადგანაც თაღლითი ჰაკერებისგან დაცულები არასდროს არ ვართ.

„თაღლითები ვირტუალურად ვითომ კომპანიებს ქმნიან და აკეთებენ ყალბ, მიმსგავსებულ ვებგვერდებს. გზავნიან ელექტრონულ ფოსტას კომპანიების სახელით, სადაც მომხმარებელს სთხოვენ შეიყვანოს პერსონალური მონაცემები - პაროლი, ბარათის ნომერი და სხვა. ამიტომ მონაცემების შეყვანამდე აუცილებლად გადაამოწმეთ საიტის მისამართი და დარწმუნდით, რომ ნამდვილად ბანკის გვერდზე ხართ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი პაროლი ან ბარათის ინფორმაცია ბოროტმოქმედების ხელში ჩავარდება. 

„არ ენდოთ შეტყობინებებს, რომლებშიც თქვენგან სასწრაფოდ ითხოვენ რაიმე ქმედებას. ეს ხშირად იმის ნიშანია, რომ კიბერდამნაშავესთან გვაქვს საქმე”, -აცახდებს როგავა „რეზონანსთან“  

შინაგან საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ სამართალდამცველებმა 1989 წელს დაბადებული ორი პირი - ე.ვ. და დ.ჭ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე თბილისში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 2 მოქალაქეს მოტყუებით გამოართვეს პერსონალური მონაცემები და საბანკო პლასტიკური ბარათების ნომრები, რომელთა გამოყენებითაც მათ სახელზე ერთ-ერთი ბანკიდან სესხები აიღეს, შემდეგ აღნიშნული თანხები სხვა ანგარიშებზე გადარიცხეს და ფულს უკანონოდ დაეუფლნენ.

დაკავებულების მიერ თაღლითური გზით, მართლსაწინააღმდეგოდ მოპოვებული თანხა, ჯამში, 20 000 ლარს შეადგენს.

გარდა ამისა, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქურდობისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ბრალდებით კიდევ ორი პირი - 1999 წელს დაბადებული  გ.ბ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ხოლო 1996 წელს დაბადებული რ.კ.  ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად  ბათუმში დააკავეს.

გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა  რ.კ-მ, 2019 წლის 4 დეკემბრიდან 2020 წლის 21 იანვრის ჩათვლით, ბათუმში მდებარე ინტერნეტკაფეებში არსებული კომპიუტერული ტექნიკით ისარგებლა, სხვადასხვა დროს მოპოვებული, 11 მოქალაქის კუთვნილი, ონლაინტოტალიზატორების მომხმარებლის სახელებისა და პაროლების გამოყენებით, ონლაინტოტალიზატორების ანგარიშებზე დაფიქსირებული პლასტიკური ბარათების ანგარიშებიდან ფული აზარტული თამაშების ინტერნეტსაიტების ანგარიშებზე გადმოიტანა, შემდეგ აღნიშნული თანხები გ.ბ.-ს მიერ მიწოდებული პლასტიკური ბარათების ანგარიშებზე ჩარიცხა. ბრალდებულებმა ჩარიცხული თანხები ბანკომატებიდან გაანაღდეს და ნაქურდალი ფული გაინაწილეს.

დაკავებულებმა დანაშაულებრივი გზით, ჯამში, 22 000 ლარს დაეუფლნენ.

სამართალდამცველებმა რ.კ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, მის მიერ უკანონოდ მოპოვებული ონლაინტოტალიზატორების 1000-მდე მომხმარებლის სახელი და პაროლი, ასევე, სხვადასხვა სახის პერსონალური მონაცემები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ანგარებით ჩადენილ პერსონალური მონაცემების ხელყოფის, ქურდობის, თაღლითობისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ასევე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 157-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს,“ - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×