ელზა პაპოშვილი
12.03.2020

საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობა ამ დროისთვის 25-ს შეადგენს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ახალი შემთხვევაც იტალიასთან არის დაკავშირებული, მიმდინარეობს ჩაღრმავებული ეპიდემიოლოგიური კვლევა. პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში, ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული.

კარანტინის რეჟიმში ქვეყნის მასშტაბით 295 ადამიანი იმყოფება, სტაციონარებში კი 49 ადამიანია მოთავსებული.   

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საავადმყოფოებს გადაუდებელი სიტუაციებისთვის მზადყოფნა ევალებათ, ხოლო ჯანდაცვის სამინისტრო ამის მონიტორინგს ახორციელებს.

გამყრელიძის თქმით, ინფექციის უფრო მეტად გავრცელება გარდაუვალია, თუმცა მიზანი გავრცელების ტემპის მართვა უნდა იყოს.

"დასამალი არ არის, რომ შემთხვევების რაოდენობა მოიმატებს. მთავარია, არ მოიმატოს იმ ტემპით, რომელიც ჩვენ სცენარებში გვიწერია და გვაქვს ჩვენ ეს 3 სამუშაო სცენარი. ამიტომ, კიდევ ერთხელ, უფრო მკაცრად უნდა დავიცვათ საზღვარი, ადამიანებმა, ვინც არიან თვითიზოლაციაში, ან შემოდიან, უნდა დაიცვან ის წესები, რომ ფართო გავრცელებას შევეწინააღმდეგოთ. 

მეორე მხრივ, თითოეულ საავადმყოფოს მზადყოფნა აქვს და ევალება სალიცენზიო პირობებით, რომ უნდა ჰქონდეთ თავიანთი, ე.წ. გადაუდებელ სიტუაციებზე მზადყოფნის გეგმები და ამ გეგმების მიხედვით უნდა იყოს მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობა. 

განსაკუთრებით ახლა, როცა ეს ეპიდემია დაიწყო მთელს მსოფლიოში, მე ვიცი, რომ წამყვანი საავადმყოფოები ამისთვის ემზადებოდნენ და, დარწმუნებული ვარ, მათ უნდა ჰქონდეთ ეს, მაგრამ ჯანდაცვის სამინისტრო, ვიცი, რომ ამის მონოტორინგს აწარმოებს,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.  

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განმარტებით კი იუსტიციის სამინისტროს სისტემა, კერძოდ კი იუსტიციის სახლები, საზოგადოებრივი ცენტები და მუნიციპალიტეტებში რეესტრების სხვადასხვა ტერიტორიული სამსახურები, ასევე სანოტარო ბიუროები დღეში ემსახურებიან 30 000-ზე მეტ მოქალაქეს. შესაბამისად, მისი თქმით, აუცილებელია მოქალაქეებმა თხოვნა გაითვალისწინონ ვირუსის პრევენციის თვალსაზრისით.

„გარდაუვალი აუცილებლობა არის ის, რომლის გადადებაც გვიანდელი დროისთვის არ შეგიძლია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქე, რომელსაც ექნება გარდაუვალი აუცილებლობა და მაინც მობრძანდება სერვისის მისაღებად, თავი შეიკავოს, რომ თან ჰყავდეს თანმხლები პირები. 

“ეს არის კლასიკური შემთხვევა. განსაკუთრებით, იუსტიციის დიდ სახლებში, მოქალაქეები სერვისის მისაღებად თანმხლებ პირებთან ერთად მოდიან. გთხოვთ, ამისგანაც შეიკავოთ თავი, რადგან ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი მოძრაობდეს საჯარო სივრცეებში. 

“მესამე - თუ შეგიძლიათ, რომ ესა თუ ის მომსახურება მიიღოთ ელექტრონულად, ონლაინ, ამ მეთოდს მიმართეთ . ჩვენ იმ სერვისების ნუსხას გამოვაქვეყნებთ, რომლის მიღებაც შესაძლებელია ონლაინ, - განაცხადა წულუკიანმა. 

პრემიერის  გიორგი გახარიას  განმარტებით კი, ახლა  პანიკის დრო არ არის, არამედ გაერთიანების დროა.

„პირველ რიგში მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, ახლა არ არის პანიკის დრო, ახლა არის ერთიანობის და ეფექტური მოქმედების დრო. ამიტომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია გახლავთ, მოვერიდოთ დახურულ და ხალხმრავალ სივრცეებს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, გაგრძელდა საგანმანათლებლო დაწესებულებებში არდადეგები. ამასთან ერთად, ერთი თვით, 13 აპრილამდე გადავადდება საგაზაფხულო გაწვევა საქართველოს ჯარში“ ,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, ყველა უწყებას ეძლევა რეკომენდაცია, მაქსიმალურად, შესაძლებლობების ფარგლებში დისტანციური შრომის პირობებზე გადავიდეს.

„საქართველოს მთავრობასა და ყველა უწყებას ეძლევა რეკომენდაცია, მაქსიმალურად, შესაძლებლობების ფარგლებში გადავიდნენ დისტანციური შრომის პირობებზე და თითოეული თანამშრომელი, რომლის ადგილზე ყოფნა არ არის აუცილებელი, იყოს დისტანციურ რეჟიმში. ასეთივე რეკომენდაცია ეძლევა ყველა კერძო სტრუქტურასა და კერძო ორგანოს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ ნაბიჯმა ხელი არ უნდა შეუშალოს მთავრობისა და სახელმწიფო ორგანოების ეფექტურ მუშაობას“ ,- აღნიშნა გიორგი გახარიამ.   

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×