ელზა პაპოშვილი
19.03.2020

რა ბედი ელით საზღვარგარეთ დარჩენილ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც სამშობლოში დაბრუნებას ამ ეტაპზე ვერ ახერხებენ. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოს ერთი მოქალაქე -  74 წლის ქალბატონი კორონა ვირუსით გარდაიცვალა. მას ქრონიკული დაავადებები ჰქონდა. ასევე, იტალიაში საქართველოს ხუთ მოქალაქეს კორონავირუსი დაუდგინდა. 4 მათგანის მდგომარეობა დადებითია, ერთის კი საშუალოდ მძიმეა. ისინი ტოსკანას ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, უცხოეთში მყოფი საქართველოს 20 მოქალაქე იმყოფება სხვადასხვა საავადმყოფოში დაკვირვებაზე. როგორც მან ბრიფინგზე განაცხადა, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ქართველი ეპიდემიოლოგები და საგარეო საქმეთა სამინისტრო მჭიდრო კავშირში იქნება უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო აწამორებს მონიტორინგს ჩვენი მოქალაქეების, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში იმყოფებიან. ძირითადად ევროპის ქვეყნებში და მიმდინარეობს დაკვირვება. საავადმყოფოში საქართველოს ოცამდე მოქალაქეა მოთავსებული. ეს ციფრები ყოველდღიურად იცვლება. 

“დღეიდან გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ მჭიდრო კომუნიკაცია ექნება ჩვენს ეპიდემიოლოგებს, კლინიცისტებსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს შორის, რათა მოხდეს თითოეულ მოქალაქესთან, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში მკურნალობაზე იმყოფებიან, რომ მათთან ჩვენგან იყოს მჭიდრო კომუნიკაცია. როგორც მოქალაქეებთან, ასევე მედპესონალთან. 

“სამწუხაროდ გვაქვს საზღვარგარეთ მყოფ ჩვენს მოქალაქეებში გარდაცვალების შემთხვევა - ესპანეთში, ხანდაზმული მოქალაქის, რომელსაც ჰქონდა კორონავირუსთან ერთად მრავალი რისკფაქტორი, ანუ რამდენიმე თანმხლები ქრონიკული დაავადება. მოგეხენებათ, ამ ინფექციისთვის მთავარი რისკფაქტორია ასაკი და თანხმლები დაავადებები“, - განაცხადა გამყრელიძემ. 

რაც შეეხება  ესპანეთში გარდაცვლილ 74 წლის საქართველოს მოქალაქეს, პრემიერის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ისინი ოჯახთან კონტაქტში იმყოფებიან და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ გარდაცვლილის ქვეყანაში გადმოსვენება მოხდეს.  მისი თქმით, 74 წლის ქალს ქრონიკული დაავადებებიც ჰქონდა.

“ესპანეთში გარდაიცვალა ჩვენი თანამოქალაქე, 74 წლის ქალბატონი, რომელსაც ჰქონდა ქრონიკური დაავადებები. ჩვენ პერმანენტულ კონტაქტზე ვართ ოჯახთან. რა თქმა უნდა, ჩვენი დიპლომატიური სამსახური ეხმარება მათ ყველა საჭირო პროცედურების მოგვარებაში. 

“აქვე ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ დიპლომატიური სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ 24-საათიან რეჟიმში, შექმნილია ცხელი ხაზი იმისთვის, რომ ჩვენ მაქსიმალურად ოპერატიულად დაზუსტებული და განახლებული ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც არიან ჩვენი ქვეყნის გარეთ”, - განაცხადა ჩიქოვანმა. 

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკანიანი კი ამბობს, რომ ჩვენი საკონსულოები 24-საათიან რეჟიმის მუშაობაზე არის გადასული  და  ყველა ქვეყანაში კორონავირუსით დაავადებულ ჩვენს მოქალაქეებთან დაკავშირებით ზუსტი აღრიცხვა ხდება. 

„დაავადებათა კონტროლის ცენტრთან მუდმივ კავშირზე ვიმყოფებით. ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ამჟამად უცხოეთში იმყოფებიან, რჩებიან სახლში და სახლის პირობებში თვითიზოლაციას გადიან, მათ უამრავი კითხვა აქვთ, სამწუხაროდ, ბევრ ქვეყანაში მათ ამ კითხვაზე პასუხს ვერ იღებენ, ამიტომ საკონსულოები და საელჩოები მაქსიმალურად ვცდილობთ დავეხმაროთ მათთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოს. 

“ჩვენ დაავადებათა კონტროლის ცენტრთან შევთანხმდით, რომ თბილისში სპეციალური მიმართულებით გამოიყოს რამდენიმე ადამიანი, რომელსაც ექნება შესაძლებლობა საზღვარგარეთ მყოფ ჩვენს მოქალაქეებს ზუსტი პასუხი გასცეს. ალბათ ჩამოვყალიბდებით ამ საკითხზე და მალე საზღვარგარეთ მყოფ ჩვენს მოქალაქეებს ონლაინ რეჟიმში საშუალება ექნებათ რეკომენდაციები ჩვენი სპეციალისტებისგან მიიღონ“, - განაცხადა მინისტრმა.  

მისივე თქმით, სამწუხაროდ, ავიარეისების რაოდენობა თანდათან მცირდება, დიდმა ავიაკომპანიებმა ფრენების შეზღუდვის გადაწყვეტილება მიიღეს. ამიტომ, ასევე იმ ადამიანების აღრიცხვაც მიდის, რომლებსაც სამშობლოში დაბრუნება სურთ. 

 „არაორდინალური ვითარება შეიქმნა, მხოლოდ ქართული ავიაკომპანიის მომსახურების პირობებში ვრჩებით. ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს „ჯორჯიან ეარვეისთან“ და სახელმწიფო ყველანაირად ცდილობს, გვერდით დაუდგეს ავიაკომპანიას, რომ შევიდეთ მასთან თანამონაწილეობის ფორმაში იმისთვის, რომ ბილეთების საფასური არ გაიზარდოს ჩვენი მოქალაქეებისთვის და ამ მიმართულებით მნიშნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული.

“ვფიქრობ, ევროპის იმ მიმართულებებიდან, საიდანაც ქართული ავიაკომპანია ახორციელებს რეისებს, სწორედ ამ ავიაკომპანიის მეშვეობოთ განხორციელდება ჩვენი მოქალაქეების ტრანსპორტირება საქართველოს მიმართულებით“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა. 

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×