თამარ შუკვანი
30.03.2020

სასწავლო პროცესი ამ სემესტრში დიდი ალბათობით აღარ აღდგება. ამის შესახებ „რეზონანსთან" ექსპერტმა განათლების საკითხებში მანანა ნიკოლაიშვილმა განაცხადა. იგი საზოგადოებრივ არხზე წამოწყებულ პროექტს მიესალმება, რომელიც ტელეგაკვეთილებს მოიცავს, თუმცა დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ კომპიუტერთან და ინტერნეტთან წვდომა მოსწავლეთა ნახევარზე მეტს არ აქვს. შესაბამისად, ის არ შეიძლება ეფექტურად ჩაითვალოს.

მისივე თქმით, აუცილებელია ერთიანი ეროვნული გამოცდები იმ ვადით გადაიწიოს, რა ვადითაც სკოლებში სასწავლო პროცესი არ იქნება აღდგენილი.

„ტელესკოლების შესახებ რეკომენდაციას დიდი ხანია ვაყენებ, რადგან ეს ყველაზე ეფექტური საშუალებაა. რაც შეეხება დისტანციურ სწავლებას, ის არ ხორციელდება, -ნახევარზე მეტ მოსწავლეს, 60-70%-ს, არ მიუწვდება ხელი დისტანციურ სწავლებაზე. უმაღლეს სასწავლებლებში განსხვავებული სიტუაციაა, - დისტანციური ურთიერთობა აწყობილია.

„ყველაზე ეფექტური არის სწორედ ტელესკოლები, თუმცა სამწუხაროდ გვიან განხორციელდა. არსებობს მთელი რიგი საგნები, რომელთაც მოსწავლე აუხსნელად ვერ ისწავლის, განსაკუთრებით ქიმია და მათემატიკა. ჰუმანიტური საგნები შეიძლება რაღაც დონეზე დაძლიონ. დისტანციური სწავლება, რა თქმა უნდა, არ არის ისეთი ეფეტუქტური, როგორც პირდაპირი სწავლება.

„ასეთი შემთხვევა მთელ მსოფლიოში პირველადაა და შესამუშავებელია ახალი საკანონდებლო ნორმატიული ბაზა. ქვეყანაში დიდი ალბათობით სასწავლო პროცესი შეიძლება არ აღდგეს. ამის შესახებ კულუარულად საუბრობენ.

„სამინისტრომ უკვე დააგვიანა და მთავრობამ უნდა გააკეთოს განცხადება, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები იმ ვადით გადაიწიოს, რა ვადითაც არ იქნება აღდგენილი სწავლა სწოლებში. მინისტრმა თქვა, რომ რეგისტრაციის ვადები გაგრძელდა, თუმცა საგამოცდო ვადები არ გადაიწევს. რის საფუძველზე არ გადაიწევს?

„მთავრობამ უნდა მიიღოს საგანგებო ზომები. განათლების სისტემა აღმოჩნდა აბსოლუტურად მოუმზადებელი. დისტანციური სწავლება უკვე რამდენიმე წელია ზოგადი განათლების კანონში და უმაღლესი განათლების კანონში არის შეტანილი. სახელმწიფო ვალდებული იყო, რომ დიტანციურ სწავლებისთვის მომზადებულიყო. კომპიუტერის და ინტერნეტის დიდი პრობლემა არსებობს. 600 ათასი მოსწავლე რომ გყავს, სტატისტიკა მაინც უნდა გქონდეს, რამდენს მიუწვდება ხელი და რამდენს არა," - აღნიშნა ნიკოლაიშვილმა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×