ელზა პაპოშვილი
03.04.2020

დღეს დილით ოზურგეთის საკათედრო ტაძარი მრევლს და სასულიერო პირებს გაქურდული დახვდათ. ტაძრიდან შესაწირი ყუთებიდან თანხაა მოპარული. როგორც მრევლი „რეზონანსთან“ ყვება, პირველად ქურდობის ფაქტი ეკლესიის გასაღებად მისულმა  მესანთლემ აღმოაჩინა, რომელმაც ტაძარის კარის  გაღების შემდეგ ნახა, რომ შესაწირის ყუთები აღარ იყო.  

მამა იოსები „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ტაძარი სავარაუდოდ, ღამის საათებში უნდა გაძარცვულიყო. მისი თქმით ადგილზე მისულებს შესაწირი ყუთები და თანხა  აღარ დახვდათ. მამაოს თქმით, ტაძრის კარი გატეხილი იყო და მძარცველები საკმაოდ გამოცდილები უნდა იყვნენ. 

„ზუსტად, რა თქმა უნდა, არავინ იცის ტაძრის გაძარცვა რა დროს მოხდა. თუმცა ვნახეთ, რომ მძარცველები ტაძრის კარიდან არიან შესულები. დილით ეკლესიაში მოსულმა სანთლის გამყიდველმა, რომელსაც კარი უნდა გაეღო, ღია დახვდა. შიგნით შესულმა კი აღმოაჩინა, რომ შესაწირის ყუთები წაღებულია. არ ვიცით, რა რაოდენობის თანხა იყო. როგორც აღვნიშნე, შესაწირის თანხა იყო შეგროვებული. სავარაუდოდ, გამოცდილი ქურდები უნდა იყვნენ, ასეთი კარის გატეხვა მარტივი არ არის“, - ამბობს მამაო. 

ეკლესის მრევლი ირაკლი ნინუა „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ მძაცველებმა მხოლოდ შესაწირი წაიღეს და ხატების ან სხვა საეკლესიო ნივთების არც დაზიანება და არც დარბევა არ მომხდარა. მისი თქმით, მათი მთავარი სამიზნე ფული იყო და ეკლესიური სიწმინდეების შელახვა არ მომხდარა. 

„დილით ნახეს, რომ შესაწირი თანხა და ყუთები აღარ იყო. სხვა ყველაფერი ადგილზეა. არც ხატებია წაღებული და არც სხვა რაიმე საეკლესიო ინვენტარი. ეკლესია დარბეულიც არ არის და სხვა ხელი არაფრისთვის უხლიათ. მსგავსი ფაქტი, რომ ეკლესია გაექურდათ არასდროს მომხდარა. ეს პირველი შემთხვევაა. სავარაუდოდ, ძარცვა მას შემდეგ მოხდა, რაც საღამოს ეკლესიის კარი დაიხურა. 

ძალიან გასაკვირია, რომ კარანტინის და კომენდატის საათის პირობებში ეკლესიის ძარცვას ახერხებენ. ტაძრის კარი საკმაოდ რთულად გასატეხი იყო და, როგორც ჩანს ძარცვის საქმეში კარგად უნდა ერკვევოდნენ. არ ვიცით, ერთი ადამიანი იყო თუ უფრო მეტი. ფაქტი ისაა, რომ რამდენიმე შესაწირის ყუთია წაყებული და არც თუ ცოტა რაოდენობის თანხა უნდა ყოფილიყო“, - ამბობს ერთ-ერთი მრევლი „რეზონანსთან“. 

ადგილზე სამართალდამცველები მუშაობდნენ. შსს-ს ინფორმაციით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს. დამნაშავის დასადგენად  საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×