ტატა შოშიაშვილი
04.04.2020

ახალი ტიპის კორონავირუსი, რომელმაც, ფაქტობრივად, მთელი მსოფლიო მოიცვა, შესაძლოა, სამუდამოდ დარჩეს და მისი ბოლომდე დაძლევა შეუძლებელი გახდეს. ამის შესახებ რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა, ვირუსოლოგმა ვიტალი ზვერევმა განაცხადა.

აკადემიკოსის განმარტებით, ვირუსით მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 70% დაინფიცირდება:

„უნდა გავიგოთ, რომ ეს ვირუსი კაცობრიობის პოპულაციაში შესაძლოა მრავალი წლით ან სამუდამოდ დარჩეს. მსფლიოს მოსახლეობის 70% გადაიტანს ამ დაავადებას", - განმარტა მან და დაამატა, რომ შესაძლოა, კორონავირუსით გაცილებით უფრო მეტი ადამიანი დაინფიცირდეს, რაზეც სხვადასხვა კვლევები მეტყველებს.

აკადემიკოს ზვერევის შეფასებით, კორონავირუსის საბოლოოდ დამარცხება და გაქრობა სავარაუდოდ ვერ მოხერხდება და იგი, გრიპის მსგავსად, კაცობრიობის პოლულაციაში ერთ-ერთ სეზონურ დაავადებად ამკვიდრდება. მისივე თქმით, ეს პანიკის საფუძველი არ არის, რადგანაც კორონავირუსის შემთხვევაში სიკვდილიანობა არც ისე მაღალია.

„სიკვდილიანობის მაჩვენებელი ნამდვილად არაა 5%, გაცილებით ნაკლებია, უფრო ნაკლები, ვიდრე გრიპის შემთხვევაში. ასე რომ, ეს ის ინფექციაა, რომელთან ერთადაც მოგვიწევს ცხოვრება, ისევე, როგორც გვიწევს ცხოვრება ჩვეულებრივ გრიპთან, ადენოვირუსთან" - განაცხადა ზვერევმა.

მან პარალელი გაავლო კორონავირუსსა და ჩვეულებრივ გრიპს შორის და თვალსაჩინოებისათვის აშშ-ის ოფიციალური სტატისტიკა მოიყვანა. რუსი აკადემიკოსის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ წელს აშშ-ში გრიპის გავრცელების მასშტაბი არც ისე დიდია, იქ გრიპით უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე კორონავირუსით.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×