ელზა პაპოშვილი
06.04.2020

ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში დარჩენილი ქართველები სამშობლოში დაბრუნებას კვლავ ელიან. განსაკუთრებულად მძიმე სიტუაციაში პოლონეთში მყოფი ქართველები არიან. მათი უმეტესობა ქუჩაში ღია ცის ქვეშ არიან დარჩენილები და ამბობენ, რომ რეისზე, რომელიც  3 აპრილს განხორციელდა, ბილეთების  ყიდვა ვერ შეძლეს. მათი თქმით, ონლაინყიდვა შეუძლებელია, უმეტესობას კი ბილეთის ფულიც აღარ აქვთ.   საკვების და თავშესაფრის გარეშე დარჩენილებს ყველანაირი დანაზოგი გაუთავდათ. 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი კი  აცხადებს, რომ უცხო ქვეყნებიდან საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად კიდევ ორი რეისი დაინიშნა.

როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა,საკოორდინაციო საბჭოს დავალებით პრემიერ-მინისტრთან უშუალო კოორდინაციით, საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს საქართველოს მოქალაქეების უცხოეთიდან ეტაპობრივ დაბრუნებაზე.

„ჩვენ უკვე განვახორციელეთ რამდენიმე რეისი ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზებთან“ ერთად და ვმუშაობთ ასევე შემდგომ ეტაპობრივ გამოყვანაზე ჩვენი მოქალაქეების. როგორც უკვე საზოგადოებას ვაუწყეთ, უახლოესი ფრენების განრიგი არის შემდეგნაირი, 7 აპრილს განხორციელდება ფრენა თბილისი-ათენის მიმართულებით, 10 აპრილს თბილისი-ლარნაკას მიმართულებით, 12 აპრილს, თბილისი-ბერნილი-თბილისის მიმართულებით, 14 აპრილს თბილისი-ამსტერდამი-თბილისის მიმართულებით.

 ეს არის ის რეისები, რომლებიც უკვე იყო დაანონსებული და რომელზეც დაიწყება ორი დღით ადრე ბილეთების გაყიდვა. ეს იქნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შესაბამისად. ჩვენ ამ მიმართულებებიდან ეტაპობრივად დავაბრუნებთ ჩვენს მოქალაქეებს. 

გუშინ ჩვენ გამოვაცხადეთ სამი ახალი მიმართულება, ეს გახლავთ 16 აპრილს თბილისი-პარიზი-თბილისი, 18 აპრილს თბილისი-თელავივი-თბილისი და 21 აპრილს თბილისი-რომი-თბილისი. ყოველდღიურად საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში, საბჭოს წევრებს და პრემიერ-მინისტრს ვუყვები ამ პროცესის შესახებ და ვიღებ შესაბამის მითითებებს. დღევანდელი ჩვენი კონსულტაციების შედეგად კიდევ ორი ახალი მიმართულება დაემატება. 24 აპრილს და 27 აპრილს განხორციელდება თბილისი-ბარსელონა-თბილისის მიმათულებით და ასევე ვარშავა-თბილისის მიმართულებით. ეს ფრენებიც განხორციელდა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წესების შესაბამისად. ბილეთები გაიყიდება ორი დღით ადრე და ბუნებრივია, ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ჩვენი მოქალაქეების დაბრუნებას“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისივე თქმით, დღეისათვის 5 ათასამდე მოქალაქეა დაბრუნებული სამშობლოში. 

პოლონეთში მყოფი გიორგი ამონაშვილი „რეზონანსს“ უყვება, რომ  პოლონეთში დარჩენილი ქართველების  დიდი ნაწილი, ღამეს აეროპორტში ჩემოდნებით ათენებენ. მათი უმეტესობა მშენებლობაზე და სხვადასხვა ადგილებზე მუშაობდნენ. კარანტინის გამოცხადების შემდეგ კი ისინი უმუშევრები დარჩნენ და ვერცერთ რეისზე სამშობლოში გამოსამგზავრებელი ბილეთი ვერ იყიდეს.   

მისი თქმით, გაუგებარია ვისზე ყიდიან ამ ბილეთებს, რადგანაც მის გარეშემო მყოფი 150 ქართველიდან ბილეთის შეძენას ვერცერთი ახერხებს. ქართველების  მძიმე ყოფაზე პოლიონეთში სიუჟეტი „ევრონიუსმაც“ მოამზადა და საკმაოდ ვრცელ მასალაში ყვება, რომ სამშობლოში გაფრენის მოლოდინში მყოფი ქართველები ღამეს ქუჩაში და აეროპორტებში ათენებენ.  

„პოლონეთში  უმძიმესი სიტუაციაა. მთელი დღე ვცდილობდით, რომ 3 აპრილის რეისზე ბილეთი გვეყიდა. ბილეთები უკვე გაყიდული იყო. არ ვიცით ვინ ასწრებს შეძენას. ახლა კი, რაც დროს გადის, ფულიც აღარ გვაქვს. რაც ამ პერიოდის განმავლობაში ვიმუშავეთ, ერთი ორი კაპიკი დანაზოგიც ამოგვეწურა. ბოლოს ისე ვიქნებით, რომ ბილეთის საყიდელი ფულიც აღარ გვექნება.  

“ხან სად ვაფარებთ თავს და ხან სად. ზოგმა ქართველმა მიტოვებული მშენებარე სახლები ნახეს და იქ არიან თავშეფარებულები. პოლიციამ რომ იპოვოთ, დააკავებენ. გათბობის, საკვების და პირადი ჰიგიენის გარეშე ასე მაწანწალებივით ქუჩაში ვართ. ველით, რომ როგორღაც ჩვენმა ხელისუფლებამ აქედან გაგვიყვანოს. ზოგი გაციებულიც არის და ახველებს. თუმცა, არ ვიცით, კორონავირუსი აქვთ, თუ უბრალოდ გაცივდნენ“,-ამბობს ამონაშვილი „რეზონანსთან“.    

მისივე თქმით, საქართველოს საელჩოს პოლონეთში პოლიცია საკუთარი მოქალაქეებისგან იცავს და როგორც კი მათთან კომუნიკაციას შეეცდებიან, მათ დააკავებენ.  

პოლონეთიდან სამშობლოში დაბრუნების მსურველმა 150-მდე ქართველმა მთავრობას სპეციალური განცხადებით მიმართა, სადაც იმ მძიმე პირობებზე საუბრობენ, რა პირობებში ამ ეტაპზე ცხოვრება უწევთ. ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ დაუყოვნებლივ რეაგირება მოახდინოს და პოლონეთიდან მათი ევაკუაცია განახორციელონ. ქართველები ამბობენ, რომ ყოველდღიურად მათთვის არსებობა უკვე შეუძლებელი ხდება და მათ თავის შენახვის არანაირი საშუალება არა აქვთ.   

იტალიაში მცხოვრები ქართველი ანა მოსემღვდლიშვილი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ის უკვე რამდენიმე კვირაა უმუშევრად არის დარჩენილი სამშობლოში გამომგზავრებას ვერ ახერხებს. 

მისი თქმით, მან საელჩოს მონაცემები არაერთხელ გადაუგზავნა, თუმცა, ვერცერთ რეისზე, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში დანიშნული იყო, ვერ მოხვდა. მოსემღვდლივილი ამბობს, რომ სახლში ჩაკეტილია და ყველანაირი დანაზოგი აქვს ამოწურული. ის ამბობს, რომ მის მსგავსად კიდევ ბევრი ქართველია, რომელსაც სამშობლოში დაბრუნება უნდა.  

„აქ დედასთან ერთად სამუშაოდ ვარ წამოსული. მოხუცს ვუვლიდი, მაგრამ გამათავისუფლეს სამსახურიდან. ახალ დედა სადაც მუშაობს, იქ ვარ მეც. მაგრამ აქ როდემდე ვიქნები, ორივეს სამშობლოში დაბრუნება გვინდა. დედასაც ხელფასი გაუნახევრეს, გვითხრეს თუ გინდა წადით, ჩვენც უკვე გვიჭირსო. 

“შესაძლოა დედაც გაათავისუფლონ და მერე ორივე სრულიად ქუჩაში დავრჩებით. საელჩოში ვრეკავთ და გვეუბნებიან  თქვენს მონააცემებს ვიწერთ  და დაგიკავშირდებითო. თუმცა ვერცერთ რეისზე ჩვენი ადგილი ვერ მოინახა. შევდივართ საიტზე და ბილეთები უკვე გაყიდულია. ჩვენც მოგვაქციეთ ყურადღება, რადგანაც აქ გაუსაძლის სიტუაციაში ყველაფრის გარეშე ვართ დარჩენილები“, - ამბობს ქართველი ემიგრანტი „რეზონანსთან“.  

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×