ელზა პაპოშვილი
19.05.2020

 ზუგდიდში ცოლის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულ ბაკურ სორდიას  3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ მიიღო. სორდიას ბრალი ორი მუხლით ჰქონდა წაყენებული და ის სასამართლომ დამნაშავედ მხოლოდ ოჯახში ძალადობის მუხლით სცნო. 

ბაკურ სორდიას გამოძიება  ძალადობის (126-ე მუხლს) და თვითმკვლელობამდე მიყვანის (115-ე მუხლს) ედავებოდა. ბოლო სხდომაზე მისი საქმე გადაკვალიფიცირდა და დაკავებულს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მხოლოდ ერთი მუხლით მიესაჯა. ის მოსამართლემ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მეორე ნაწილით დამნაშავედ სცნო, რაც გულისხმობს ოჯახის წევრზე სისტემატიურ ძალაობას დამამძიმებელ გარემოებებში. 

გარდაცვლილი ეკა მიქავას ოჯახი კი მოითხოვს, რომ მათმა სიძემ პასუხი თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაც აგოს, რომელიც დამატებით 4 წლით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. 

35 წლის ეკა მიქავა 2019 წლის 28 დეკემბერს მეზობლის, ზუგდიდის საკრებულოს წევრის ზაზა ხუბუას ბოსელში იპოვეს ჩამომხრჩვალი. საქმეზე მეორე დღესვე მისი ქმარი ბაკურ სორდია დააკავეს.

მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის და 115-ე მუხლის 1-ლი ნაწილებით წარუდგინეს, რაც ოჯახში ძალადობას და თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გამოძიებით უკმაყოფილო იყო გარდაცვლილი ქალის ოჯახი. დედის და ძმის განცხადებით, ეს იყო მკვლელობა. მათი მტკიცებით, ქმარმა ჯერ მოკლა და შემდეგ ზაზა ხუბუას დახმარებით ქალი თოკით ჩამოკიდა, რასაც ბრალდებული და თავად ხუბუაც უარყოფდნენ.  

გამოძიების ვერსიით, მან თავი მოიკლა. გარდაცვლილის, ოჯახის ინფორმაციით, სხეულზე არაერთი დაზიანება აღენიშნებოდა.  

ეკა მიქავას სამი შვილი დარჩა და ის სოფელში ბაღის მასწავლებლად მუშაობდა. მეზობლები აცხადებენ, რომ ბაკურ სორდია ცოლს სისტემატიურად სცემდა. ასევე არსებობს ინფორმაცია, რომ მას მეგობარი ქალი ჰყავდა, რომლისგანაც ბავშვიც ეყოლა, რაც ცოლ-ქმარს შორის არსებული სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბა. სორდია სახლშიც ხშირად ნასვამი ბრუნდებოდა. თუმცა არც ძალადობის მსხვერპლს, არც მეზობლებს და  ოჯახის წევრებს პოლიციისთვსი არასდროს მიუმართავთ. 

საქმის მასალების მიხედვით, ტრაგედიის ღამეს მოვლენები შემდეგნაირად ვითარდება: 

იმ ღამეს ბაკურ სორდია სახლში კვლავ ნასვამი მივიდა. ხოლო საქმის მასალებიდან ხდება ცნობილი და  ყველა მოწმე ადასტურებს იმ ფაქტს, რომ სორდიას სიმთვრალეში საკმაოდ მძიმე ხასიათი ჰქონდა. ის აგრესიული და კონფლიქტური ხდებოდა. ამას საქმის მიხედვით არც ბრალდებული უარყოფს, რასაც უმუშევრობას და უსახსრობას უკავშირებს. 

მოწმეები ყვებიან, რომ ტრაგედიის დღეს ის ცოლს კონკრეტულ ადგილას წაყოლას სთხოვდა. თუმცა სიმთვრალის გამო მას ცოლმა თხოვნაზე უარი უთხრა. ამის შემდეგ კი ის ცოლს ფულს სთხოვს. ამაზეც რომ უარი მიიღო, მაშინ ცოლის ცემა დაიწყო. ხოლო სიტუაციის  განეიტრალების მიზნით კი მათ შორის დედამთილი ჩადგა. თუმცა სორდიამ ცემა დედასაც დაუწყო. ამიტომაც მას ბრალი დედის მიმართ ძალადობაზეც აქვს წაყენებული. 

ეკა მიქავა დედამთილს გამოესარჩლა, თუმცა ქმარმა მას ისევ ცემა დაუწყო. ამის შემდეგ გოგონა გარეთ გარბის და დახმარებას მეზობელს სთხოვს, რომელიც მას არ ეხმარება. ჩვენებების მიხედვით, სორდიამ ამის შემდეგ დედის ცემა განაგრძო. თუმცა გარდაცვლილის ოჯახი ვარაუდობს, რომ  მამაკაცი ცოლს დაედევნა, ჯერ თავის არეში მძიმე დაზიანებები მიაყენა და შემდეგ ხუბუას სახლის ბოსელში თოკით უკვე მკვდარი ჩამოკიდა, რათა თვითმკვლელობის იმიტაცია მოეხდინა. 

ეკა მიქავას საქმეს ორგანიზაცია „საფარი“ იკვლევდა.  იურისტი და დაზარალებულის უფლებამონაცვლე   ელისო რუხაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ  მოსამართლემ თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი გადააკვალიფიცირა და ბრალდებულს ოჯახში ძალადობის მუხლის შესაბამისად სასჯელის მაქსიმალური ზომა - სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა, ასევე შესაძლებელი იყო, რომ სორდიას პასუხი თვითმკვლელობის მუხლითაც ეგო. 

მისივეე თქმით, თავდაპირველად  ბრალდებული თითქმის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებას აღიარებდა. მაგრამ, როდესაც ადვოკატი აიყვანა, ბოლო პროცესზე მან თქვა, რომ თვითმკვლელობამდე მიყვანის ნაწილში თავს დამნაშავედ არ ცნობს. ადვოკატი ამბობს, რომ ისინი პროკურატურას მიმართავენ, რათა  გადაწყვეტილება გასაჩივრდეს.

„ვფიქრობთ, რომ დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახურ ძალადობასთან ერთად, პატივისა და ღირსების სისტემური დამცირებით, ბაკურ სორდიამ თვითმკვლელობამდე მიიყვანა ეკა მიქავა. 

„მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულს სასამართლომ ძალადობის მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალური ზომა მიუსაჯა, დაზარალებული მხარე მოითხოვს მის გასამართლებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაც, რომელიც 4 წლით პატიმრობას ითვალისწინებს. 

„ბრალდებული პროცესებზე  ძალიან აგრესიული იყო. ამბობდა, რომ უკავშირდება არასრულწლოვან შვილებს და უყვება ამ პროცესების შესახებ დეტალურად, რაც ვფიქრობ, რომ იმ ძალადობის გაგრძელებაა, რასაც აქამდე ახორციელებდა ოჯახის სხვა წევრების მიმართ. 

„რაც შეეხება იმას, თუ რატომ ძალადობდა ცოლზე, მას და მის ადვოკატს საკმაოდ უცნაური ახსნა ჰქონდათ - ის არ უარყოფბს, რომ ნასვამ მდგომარეობაში ცოლზე ძალადობდა, თუმცა კატეგორიულად უარყოფს იმას, რომ მისი თვითმკვლელობამდე მიყვანა უნდოდა. უბრალოდ, როდესაც პროკურატურა საქმეში კვალიფიციური არ არის, მაშინ პასუხისმგებლობა თავის თავზე სასამართლომ უნდა აიღოს“, - აცხადებს ადვოკატი „რეზონანსთან“. 

ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელი  ბაია პატარაია „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ეკა მიქავას საქმე საკმაოდ მძიმე ფაქტია, რომლის მეშვეობითაც კიდევ ერთხელ ჩანს საქართველოში ოჯახში ძალადობის კუთხით რამდენი პრობლემა არსებობს. პატარაია ამბობს, რომ  ისინი პროკურატურას  საქმის გასაჩივრებისკენ მოუწოდეებენ. თუმცა, მისივე თქმით, საქართველოში, სამწუხაროდ, 115-ე - თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლთან დაკავშირებით ბევრი ხარვეზი არსებობს და ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც მსგავს საქმეებზე გამოძიებაც არ ტარდება. 

მისივე თქმით, საქართველოში ბევრი ქალი ყოფილა, რომელსაც ოჯახში ძალადობის გამო თავი მოუკლავს, თუმცა ეს ფაქტები დღემდე გამოძიებულიც არ არის. 

„სამწუხაროდ, კანონმა  მოსამართლეს რა შესაძლებლობაც მისცა, ბაკურ სორდიას ის მიუსაჯა. თუმცა, ჩვენ მაინც დარწმუნებული ვართ, რომ მან პასუხის თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაც უნდა აგოს, რომელიც 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინება. მას ჯამში 7 წლამდე უნდა მისჯოდა. 

„ჩვენს ქვეყანაში ქალების უმრვალესობა ოჯახში ძალადობის გამო თვითმკვლელობამდე მიდის. თუმცა იშვიათია, როდესაც ამ მუხლით ვინმეს გასამართლება ხდება. სამწუხაროდ, ეს მუხლი არ მუშაობს და ხარვეზებია. აუცილებელია, რომ ამ მიმართულებით მუშაობა მოხდეს და 115-ე მუხლი უფრო ქმედუნარიანი გახდეს. 

„ეკა მიქავას საქმეში მოსამართლემ 126-ე მუხლის გათვალსიწინეებით მაქსიმალური სასჯელი მისცა, თუმცა 115-ე მუხლით ბრალის დამტკიცება ვერ მოხდა. ბრალდებული ამბობს, რომ მას ცოლის თვითმკვლელობამდე მიყვანა განზრახული არ ჰქონდა, თუმცა, როდესაც ადამიანზე სისტემატიურად ძალადობ, ამცირებ და ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ გვყავს, ეს რა არის? ამიტომაც იმედი გვაქვს, რომ პროკურატურა გაასაჩივრებს და სორდია თვითმკვლეელობამდე მიყვანის მუხლით პასუხს აგებს“, - ამბობს „რეზონანსთან“ ბაია პატარაია.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×