მარიამ ნებულიშვილი
01.07.2020

 2019 წლის 26 მაისს ლაგოდეხის ნაკრძალში ექსკურსიისას, ნინოსხევის ჩანჩქერში 16 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტზე პროკურატურამ კერძო სკოლა „ალბიონის" ორ პედაგოგს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის განცხადებით, ბრალდება შეეხება გულგრილობის ფაქტს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. წარდგენილი ბრალდება ითვალისწინებს თავისუფლების აღქკვეთას 2-იდან 5 წლამდე. ასევე, პროკურატურა მიმართავს სკოლა „ალბიონის" ადმინისტრაციას ბრალდებული პედაგოგების საქმიანობის შეჩერების მოთხოვნით.

„საქართველოს პროკურატურამ, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, შ.პ.ს. არასახელმწიფო საერო სკოლა „ალბიონი"-ს პედაგოგებს ნ.ს.-ს და ვ.ქ.-ს ბრალდება წარუდგინა გულგრილობის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. საქმე ეხება 2019 წლის 26 მაისს, სასკოლო ექსკურსიაზე ლაგოდეხის ნაკრძალში ნინოსხევის ჩანჩქერზე 16 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის 26 მაისს, სკოლის დირექტორის მიერ გამოცემული ბრძანების საფუძველზე, სკოლა „ალბიონის" XI კლასის მოსწავლეები, აღმზრდელის ნ.ს-ს ხელმძღვანელობით და სხვა პედაგოგების შემადგენლობით, სკოლის კუთვნილი მიკროავტობუსით გაემართნენ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურგენიანში მდებარე ნაკრძალში, „ნინოსხევის ჩანჩქერის" მოსანახულებლად. სკოლის დირექტორის ბრძანების მიხედვით, ექსკურსიის ორგანიზება და მასზე პასუხისმგებლობა დაევალა ნ.ს-ს.

დანიშნულების ადგილზე ჩასვლისას, პედაგოგებისთვის, მათ შორის ნ.ს-სთვის და ვ.ქ.-სთვის ცნობილი გახდა, რომ მეტეოროლოგიური პირობების გამო მდინარე იყო ადიდებული, სწრაფი დინებით გამოირჩეოდა და ჩანჩქერზე არსებობდა სახიფათო მდგომარეობა. პედაგოგებისთვის ასევე ცნობილი იყო, რომ მოსწავლე სოფიო ნიკოლეიშვილი აპირებდა საბანაოდ ჩანჩქერში შესვლას. მიუხედავად ამისა, ნ.ს. მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა, გამოიჩინა გულგრილობა და მოსწავლეებს ნება დართო სვლა გაეგრძელებინათ ,,ნინოსხევის" ჩანჩქერის მიმართულებით, თავად კი ჩანჩქერზე არ ავიდა, ხოლო პედაგოგმა ვ.ქ.-მ ნაკრძალის რეინჯერის უშუალო გაფრთხილების მიუხედავად, რომ საფრთხე არსებობდა, იმ საფუძვლით, რომ კარგად იცნობდა მიმდებარე ტერიტორიას და არაერთხელ იყო ნამყოფი, თავად აიღო პასუხისმგებლობა გაძღოლოდა მოსწავლეთა ჯგუფს და აეყვანა ჩანჩქერზე.

ჩანჩქერზე ასვლის შემდეგ, პედაგოგების მიერ გამოჩენილი გულგრილობის და წინდახედულობის ნორმების უგულებელყოფის შედეგად უმეთვალყურეოდ დარჩენილი სოფიო ნიკოლეიშვილი ჩანჩქერის სწრაფ დინებაში შევიდა და ვეღარ მოახერხა ნაპირზე დაბრუნება, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია", - ამბობენ პროკურატურაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
Ikaxeli   (01.07.2020)
მასწავლებელი თოკით ხომ არ გამოიწვევდა ყველა ბავშვს. ეხლანდელი თავქარიანი ბავშვების ამბავი თითქოს არ იცით


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×