
რევიტალიზაცია მეტად აქტუალური საკითხია აღმოსავლეთ ევროპაში და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, სადაც მრავლად არსებობს საბჭოური ეპოქის ძველი და ამჟამად უფუნქციო მასშტაბური შენობები, რომელთაც ოდესღაც საკუთარი არსი და დანიშნულება ჰქონდათ, დღეს კი უმეტეს შემთხვევაში გამოუყენებელია. რევიტალიზაცია, სწორედ ამგვარი ნაგებობებისთის ახალი სიცოცხლის მიცემას ნიშნავს.
რევიტალიზაცია გულისხმობს თავის დროზე მსხვილი და საშუალო ინდუსტრიული ობიექტების, რომლებმაც თავიანთი ფუნქცია ამოწურეს, განახლებას, მათთვის პროფილის შეცვლას და სასარგებლო ბიზნესის მიზიდულების ცენტრებად ქცევას.

ეს საკითხი საქართველოშიც საკმაოდ მწვავედ დგას, სადაც თბილისში არსებობს ძველი პერიოდის მიტოვებული შენობები, რომელთაც სწორი მენეჯმენტის შემთხვევაში შეუძლიათ სარგებელი მოუტანონ დედაქალაქს და მის მაცხოვრებლებს. ამ მხრივ საქართველოსთვის მეტად სასარგებლო იქნებოდა პოლონეთის მაგალითის შესწავლა და გაზიარება, სადაც რევიტალიზაციას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ და მთელს ევროპაში ამ მხრივ გამორჩეულ პროექტებს ახორციელებენ.
ქვეყნის დედაქალაქ ვარშავაში არაერთი ძველი ფაბრიკის, ქარხნის, ენერგეტიკული ობიექტის რევიტალიზაციის შედეგად ქალაქმა თანამედროვე და დიდი სარგებლობის მომტანი ობიექტები მიიღო, გასართობი, სავაჭრო და დასასვენებელი სეგმენტის მიმართულებით, რომლებიც სადღეისოდ ვარშაველთა და ქალაქის სტუმართა შორის გამორჩეული პოპულარობით სარგებლობს.

კვების ობიექტები, რესტორნები, ბარები, მაღაზიები, სხვადასხვა ტიპის სავაჭრო ობიექტები - ეს ყოველივე ერთ სივრცეშია განლაგებული, რომელიც სრულადაა რეაბილიტირებული და ძველ იერსახესაც ინარჩუნებს - ეს სტილი განსაკუთრებულ კომფორტს უქმნის მომხმარებელს და ამგვარი ბიზნესის წარმატების გარანტიაც არის.
ვარშავაში დღეისათვის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ზუსტად ამგვარი ობიექტები, სადაც ერთ სივრცეშია შესაძლებელი რამდენიმე სახეობის სერვისების მიღება უაღრესად კომფორტულ გარემოში.
ისეთი ობიეტები, როგორებიცაა: Hala Kosyki, Hala Mirowska, Hala Gwardii, Centrum Praskie Koneser, Praski Port, Elektrownia Powisle, CDT და სხვა პოლონური რევიტალიზაციის საუკეთესო მაგალითებს წარმოადგენს ვარშავაში და ამ გამოცდილების გაზიარება დიდი სარგებლობის მომტანი იქნებოდა საქართველოსთვისაც, სადაც ამ მიმართულების დიდი პოტენციალი არსებობს.