სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "ცუდი კაცი", რომელმაც პუტინი კალიგულას შეადარა, ისტორიულ სამშობლოს ეწვია
    ვასო კაპანაძე
    21.10.2016

     ცნობილი მწერალი და საზოგადო მოღვაწე გრიგოლ ჩხარტიშვილი, რომელიც ბორის აკუნინის ფსევდონიმითაა სახელგანთქმული, საქართველოს ესტუმრა. მას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა. "თავისებური შეგრძნებაა - ეს არის დაბრუნება იქ, სადაც თითქოს არასდროს ვყოფილვარ. საქართველოში გავატარე ჩემი ცხოვრების პირველი თვე," - ამბობს მწერალი.

    18 ოქტომბერს, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მოწვევით და ილიას უნივერსიტეტის ორგანიზებით, რუსეთიდან დევნილი მწერალი, პუტინის ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი კრიტიკოსი, ცნობილი მწერალი გრიგოლ შალვას ძე ჩხარტიშვილი (ბორის აკუნინი) საზოგადოებას გაეცნო, რომელიც მწერალს ძალიან თბილად შეხვდა.

    მწერლის თქმით, ზრდასრულ ასაკში იგი საქართველოს პირველად ეწვია: "ერთი მხრივ, ცოტა რამ ვიცი საქართველოზე, მეორე მხრივ, ეს ქვეყანა ჩემთვის უცხო ნამდვილად არაა."

    გრიგოლ ჩხარტიშვილი 1956 წელს საქართველოში, ზესტაფონში დაიბადა. 20 მაისს მას 60 წელი შეუსრულდა. იგი მხოლოდ 1 თვის იყო, როცა მისი ოჯახი საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა; სწავლობდა რუსეთში, ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე და ცნობილია, როგორც მწერალი, ლიტერატურათმცოდნე, იაპონისტი, მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწე.

    პირველი მხატვრული ნაწარმოები ბორის აკუნინის სახელით 1998 წელს გამოქვეყნდა. განსაკუთრებული პოპულარობა მწერალს მოუტანა ისტორიულ-დეტექტიური რომანების სერიამ ერასტ ფანდორინზე. მას გამოქვეყნებული აქვს როგორც ესეისტიკა, ისე ისტორიული ჟანრის ნაწარმოებები ("რუსეთის სახელმწიფოს ისტორია"). მისი რომანები თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე და მრავალჯერაა ეკრანიზებული ("თურქული გამბიტი", "ჯაშუში", "პელაგია და თეთრი ბულდოგი", "აზაზელი", "სახელმწიფო მრჩეველი" და სხვა). მწერალს ნათარგმნი აქვს ცნობილი იაპონელი, ამერიკელი და ინგლისელი მწერლების ნაწარმოებები.

    2013 წელს ჩხარტიშვილმა რუსეთი დატოვა. იგი ცნობილია მკვეთრი და კრიტიკული მოსაზრებებით რუსეთის ხელისუფლების მისამართით.

    მაგალითად, ფრანგულ გაზეთ "ლიბერასიონთან" ინტერვიუში პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მან იმპერატორ კალიგულას შეადარა, "რომელსაც ერჩივნა, რომ მისი ეშინოდეთ, ვიდრე უყვარდეთ". პუტინი ამას იმით გამოეხმაურა, რომ განაცხადა, აკუნინის კრიტიკა მისი ქართული წარმომავლობითაა გამოწვეულიო.

    "როდესაც ყველაზე მეტად დაიძაბა რუსულ-ქართული ურთიერთობები, ჩემს ტელეფონზე ზარები არ წყდებოდა. ჯერ ცოტა გამიკვირდა. შემდეგ კი უცებ მივხვდი და ჩემ თავს ვუთხარი, შენ ხომ ჩხარტიშვილი ხარ-მეთქი," - ამბობს მწერალი, რომელიც 2014 წლიდან საფრანგეთში, ბრეტანის პროვიინციაში ცხოვრობს. მისი თქმით, ქართულად მხოლოდ ორი სიტყვა იცის - "სიყვარული" და "საწყალი": "მგონია, რომ თითქმის სულ ეს არის, რაც საჭიროა, რომ მწერალმა იცოდეს, იმიტომ, რომ ცხოვრება სულ ესაა - სიყვარული ძალიან საწყალი რამ არის."

    ილიას უნივერსიტეტში შეხვედრა დიალოგისა და კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სამუშაო ენა ინგლისური იყო, თუმცა კითხვების უმრავლესობა რუსულ ენაზე დაისვა. შეხვედრის მოდერატორი იყო ლონდონში მოღვაწე ლიტერატურის კრიტიკოსი და კულტურის ჟურნალისტი, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის პარტნიორი მაია ჯაგი.

    "როდესაც წერა დავიწყე, მივხვდი, რომ სიტყვებს და სახელებს დიდი მნიშვნელობა აქვს. სახელს, რომელსაც მე გამოვიყენებდი, უნდა ჰქონოდა ღრმა მნიშვნელობა. ამიტომ აკუნინი შევირქვი, რაც იაპონურად "ცუდ კაცს" ნიშნავს. მაგრამ მე საკუთარ თავს ცუდ ადამიანად არ მივიჩნევ, თუმცა დაინტერესებული ვარ "ცუდი ტიპებით", რადგანაც სწორედ ისინი არიან, ვინც პრობლემებს ქმნიან და ცხოვრებას საინტერესოს ხდიან," - განაცხადა აკუნინმა.

    პროფესიით ისტორიკოსი მწერალი ისტორიულ ჟანრზე მუშაობას 2011-2012 წლებში განვითარებული პროცესების შემდეგ შეუდგა. 2012 წლის იანვარში იგი გახდა რუსეთის საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა "ამომრჩეველთა ლიგის" თანადამფუძნებელი, რომელსაც მოქალაქეთა საარჩევნო უფლებების დაცვის კონტროლი უნდა განეხორციელებინა. იმავე წელს იგი რუსეთში არსებული პოლიტიკური სიტუციის კომენტატორად მოგვევლინა დოკუმენტურ ფილმში "ჭაობის ციებ-ცხელება".

    თუმცა, მოძრაობის აქტივობა პრაქტიკულად უშედეგოდ დასრულდა. მიუხედავად ამისა და რუსეთის ხელისუფლებისადმი კრიტიკული დამოკიდებულებისა, ჩხარტიშვილს მიაჩნია, რომ დღევანდელ პოლიტიკურ მოვლენებში მხოლოდ ვლადიმერ პუტინის დადანაშაულება სწორი არ არის და რეალური მიზეზების მოსაძებნად ისტორიის გააზრებაა საჭირო.

    "ისტორიის წერა იმისთვის დავიწყე, რომ ვაჩვენო, თუ რამდენი ტყუილი და ლეგენდაა მასში; რამდენი მითია შექმნილი რუსეთის ისტორიის ინტერპრეტაციისას. ისტორიის სწავლება რუსეთში ყოველთვის იდეოლოგიურად დატვირთული იყო. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, გამეკეთებინა რაღაც "არარუსული". მინდოდა, დამეწერა ისტორია ემოციების გარეშე - ისტორია იმ ადამიანების თვალით, რომელიც ცდილობს ყველაფრის რაციონალიზციას. ეს კი გააღიზიანებდა ბევრ ჩემს რუს მკითხველს. ისინი იფიქრებდნენ, რომ მე არ მიყვარს რუსეთი, მაგრამ სიყვარული მხოლოდ კომპლიმენტის თქმა როდია. სიყვარული დახმარების სურვილია. ისტორიის წერის პროცესში მეც ყველაფერს თავიდან ვიგებ და ვიაზრებ მკითხველთან ერთად," - აღნიშნა მწერალმა.

    მისი თქმით, რუსეთში პოლიტიკური აქტიურობა საბოლოოდ შეწყვიტა, რადგან მიიჩნევს, რომ რუსულ პოლიტიკაში ამ ეტპზე არაფერი შეიცვლება: "რამდენიმე მიზეზი არსებობს იმისა, თუ რატომ არ გაამართლა საპროტესტო ტალღამ რუსეთში 2011-2013 წლებში. ქვეყნის მმართველს ჰქონდა საშუალება გაეკეთებინა სწორი არჩევანი და მან უარი თქვა ამაზე. ამასთან, ცოტა ადამიანი ითხოვდა ცვლილებებს. როცა 60 ათასი ადამიანი გამოვიდა მოსკოვის ქუჩებში - ეს იყო ყველაზე მასშტაბური შეკრება - რაც ქალაქის მოსახლეობის 1%-იც კი არაა," - აცხადებს ჩხარტიშვილი და მიაჩნია, რომ საკუთარი ნაწარმოებებით და ნაშრომებით შეეცდება თავისი იდეების ხალხამდე მიტანას.

    "როგორ უნდა მოვიშოროთ თავიდან რუსეთი?" - ეს კითხვა დაუსვა ერთ-ერთმა მკითხველმა მწერალს. "რუსეთს თავიდან ვერ მოიშორებთ. რუსეთში უყვართ საქართველო, პატივს სცემენ მის კულტურას, ტრადიციებს და ეთაყვანებიან კიდეც მას. რუსეთი დიდი და მდიდარი კულტურის ქვეყანაა და რუსულ-ქართული ურთიერთობები უნდა გაუმჯობესდეს," - აღნიშნა ჩხარტიშვილმა.

    თუმცა, მწერალს მიაჩნია, რომ სქართველო-რუსეთის 2008 წლის სამხედრო დაპირისპირებაში 90%-ით პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება, რადგანაც დიდი ქვეყნის როლი კონფლიქტში ყოველთვის არსებითად მნიშვნელოვანია. მას სჯერა, რომ არსებობს რუსეთი, რომელსაც ხელმძღვნელობს გარკვეულ პოლიტიკოსთა ჯგუფი და არსებობს რუსეთი უდიდესი კულტურით, რომელსაც არ გააჩნია საზღვრები.

    საკუთარ ნაწარმოებებში ბორის აკუნინმა არაერთი ქვეყანა აღწერა, თუმცა საქართველო არასდროს უხსენებია. მან განაცხადა, რომ საქართველოში იგი საქმიანი ვიზიტით ჩამოვიდა და რომ ისტორიულ სამშობლოში ახალ ლოკაციებს ეძებს, რათა ისინი საკუთარი ნოველის იდეის რეალიზებისთვის გამოიყენოს. შესაბამისად, თბილისი მისმა მრავალრიცხოვნმა მკითხველებმა მალე შესაძლოა მის ახალ რომანში ვიხილოთ ასახული.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter