სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "ისე ოსტატურად მიიმალნენ ჩირგვებში, კიოც კი ვერ შეძლებდა ასე ოსტატურად დამალვას ცირკის არენაზე"
    ია აბულაშვილი
    01.02.2017

     "ქართველი მწერლები ქუჩაში გამოსვლას და რუსთაველის ძეგლთან მიტინგის ჩატარებას ვაპირებდით ჩაშლილი იუბილის გამო, მაგრამ ეს შოთა რუსთაველს ვერ ვაკადრეთ" - აცხადებს რუსთაველის პრემიის ლაურეატი მწერალი რევაზ მიშველაძე, რომელიც "რეზონანს" შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილესთან დაკავშირებულ საკითხებზე ესაუბრა.

    "რეზონანსი": თქვენი აზრით, რა იყო მიზეზი, რომ შოთა რუსთაველის საიუბილეო წელი სათანადოდ ვერ აღინიშვნა, რაზედაც მიუთითებენ საზოგადოების გარკვეული წრეებში. თუნდაც იმაზე, რომ იუნესკომ 2016 წელი შოთა რუსთაველის წლად გამოაცხადა, საქართველოში ამ მსოფლიო მნიშვნელობის პოეტის იუბილეც ვერ ჩატარდაო...

    რევაზ მიშველაძე: ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ჩემთვისაც ძნელია, იმიტომ რომ ბევრი რამ აბსოლუტურად გაუგებარია. ვერც ხელისუფლებიდან, მიუხედავად არაერთგზისი შეკითხვისა, ვერ მივიღე თუნდაც მათთვის ოდნავ გამამართლებელი პასუხი. შოთა რუსთაველის იუბილე დადგენილი წესის მიხედვით, ყოველ 50 წელში ერთხელ უნდა ჩატარებულიყო. 1937 წელს ლავრენტი ბერიამ ჩაატარა რუსთაველის 750 წლის იუბილე, მიუხედავად იმისა, რომ იყო უმძიმესი წლები და რეპრესიები, მაგრამ ეს მოხერხდა და უნდა ვთქვა, რომ ღირსეულადაც ჩატარდა ქართველი მწერლებისა და მეცნიერების მონაწილეობით.

    1966 წელს შოთა რუსთაველის 800 წლის იუბილე ჩატარდა, ისევ 50 წლის შემდეგ; ირაკლი აბაშიძის თაოსნობით. მე ხელთ მაქვს დოკუმენტები მაშინდელი იუბილის ჩატარების და უნდა გითხრათ, რომ იუბილე ჩატარდა მსოფლიოს საზოგადოებრიობის მონაწილეობით, ქართველ მწერალთა და რესპუბლიკის (მაშინ ასე ერქვა) საქართველოს ხელისუფალთა დიდი მონდომებით. მე თვითონ ვესწრებოდი ამ იუბილეს და ახლაც მახსოვს ბატონი ირაკლის ბრწყინვალე გამოსვლა, სადაც მან შეაფასა ჩვენი უპირველესი წიგნის როლი და მნიშვნელობა.

    327 უცხოელი მწერალი ჩამოვიდა თბილისში ამ ზეიმზე დასასწრებად. მე მაშინ 25 წლის დამწყები მწერალი ვიყავი, იმდენად ბედნიერი აღმოვჩნდი, რომ მოსაწვევი ბარათიც მომცეს ოპერის თეატრში ამ გრანდიოზულ ღონისძიებაზე დასასწრებად. მეორე დღეს, სამი ახალგაზრდა მწერალი წაგვიყვანეს ახალციხეში, სადაც ასევე წარმატებით გაგრძელდა იუბილე და უცხოელი სტუმრები აღტაცებულნი დარჩნენ ვარძიის ხილვით, იცით რა თქვეს - ვარძიის შემქმნელ ერს დიახაც შეეძლო ეშვა შოთა რუსთაველიო.

    მესამე იუბილე, რუსთაველის 850 წლის იუბილე უნდა ჩატარებულიყო 2016 წელს. როცა გავიდა რამდენიმე თვე და საქართველოს ხელისუფლებას ვერავითარი დაინტერესება ვერ შევატყვეთ რუსთაველის იუბილის ჩასატარებლად, ჩვენ მწერლებმა დავიწყეთ ხელისუფლების კარზე ამაო კაკუნი. ჯერ იყო და სახელმწიფო კანცელარიაში პრემიერ-მინისტრის დონეზე აბსოლუტური გულგრილობა ვიგრძენით, იქამდეც კი, რომ ჩვენს წერილებს ჯიუტად არ პასუხობდნენ. იგივე მდგომარეობა იყო კულტურის სამინისტროშიც. თითქოს შეთქმულება იყო შოთა რუსთაველის წინააღმდეგ.

    შემდეგ სახელმწიფო კანცელარიის და კულტურის სამინისტროს მისამართით გაგზავნილ წერილებში ქართველი მწერლების სახელით ვთხოვდით რუსთაველის პროსპექტზე გაგვეხსნა რუსთაველის სახლი, სადაც გაიყიდებოდა "ვეფხისტყაოსანი" სხვადასხვა ენაზე და გამოგვეცა "ვეფხისტყაოსნის" დიდი სასაჩუქრე საიუბილეო გამოცემა.

    არ დაიჯერებთ არავითარი პასუხი ქართველ მწერლებს, მწერალთა კავშირის ხელმძღვანელობას ამ თხოვნაზე ხელისუფლების მხრიდან არ მიგვიღია; ტელეფონითაც არავის დაურეკავს. საიუბილეო კომისიაც კი არ შეუქმნიათ, რომელიც ორგანიზებას გაუწევდა ამ საქმეს. ისე ოსტატურად მიიმალნენ ჩირგვებში, კიოც კი ვერ შეძლებდა ასე ოსტატურად დამალვას ცირკის არენაზე.

    თავს იმით ვინუგეშებდით, რომ არჩევნების ცხელი პერიოდი იყო და ხელისუფლება ვერ იცლიდა შოთა რუსთაველისთვის. როცა იმედი გადაგვეწურა, ჩვენ თვითონ, ქართველმა მწერლებმა დავიწყეთ ჩვენი დიდი პოეტის შოთა რუსთაველის იუბილისთვის ზრუნვა. რამდენიმე ქალაქსა და დაწესებულებაში ჩვენი ინიციატივით ჩავატარეთ ე.წ. პატარა იუბილეები. ახალციხეში, ვარძიის სანახებში, ქუთაისში. თბილისში, საქართველოს პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა რუსთაველის 850 წლისთავისადმი მიძღვნილი დიდი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, რექტორ არჩილ ფრანგიშვილის მხარდაჭერით. უფრო მეტიც, მან გამონახა სახსრები, რათა გამოგვეცა "ვეფხისტყაოსნის" ახლად შევსებული და შესწორებული გამოცემა, რომელიც უკვე იქცა ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად; რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით.

    როდესაც დამთავრდა არჩევნები 8 ოქტომბერს, სამჯერ მივმართეთ, დეკემბრის ბოლოსთვის თუნდაც სამი საათით მაინც მოეცათ ოპერის თეატრის სცენა, რომ საბოლოოდ არ მოგვჭროდა მსოფლიოს წინაშე თავი და იუბილე როგორმე ჩაგვეტარებინა. არადა იუბილის ჩასატარებლად ძლიერნი ამა ქვეყნისანი ძალიან რომ არ შეგვეწუხებინა, ჩვენ თვითონ ვიზრუნეთ. ჩამოვწერეთ დღის წესრიგი, რომ იუბილეს გახსნიდა პრემიერ - მინისტრი ან კულტურის მინისტრი, სიტყვით გამოვიდოდნენ ცნობილი ქართველი და უცხოელი მწერლები და მეცნიერები. სხვათაშორის უცხოელი მწერლები განუწყვეტლივ გვირეკავდნენ და გვეკითხებოდნენ, როდის ტარდება რუსთაველის იუბილეო? თუ საქართველოს საშუალება არა აქვს ჩვენ თვითონ ჩამოვალთ ჩვენი სახსრებითო. საქართველოს ხელისუთფლების გადამკიდენი ჩვენ გაურკვეველ პასუხს ვაძლევდით, საბოლოო თარიღს შეგატყობინებთ, შეგატყობინებთ, შეგატყობინებთო, მაგრამ ვერაფერი ვერ შევატყობინეთ.

    პანტომიმის თეატრმა საიუბილეოდ დადგა შესანიშნავი სპექტაკლი "ვეფხისტყაოსანი," რომლის ჩვენებასაც მეორე განყოფილებაში ვგეგმავდით. მე თვითონ მიკვირს რა გამძლეობა მქონდა, მაშინ როდესაც 30 დეკემბრამდე ყოველდღე ვრეკავდი კულტურის სამინისტროში და მპასუხობდნენ დღეს - ხვალ, დღეს - ხვალო. ასე დამთავრდა 2016 წელი და ასე სავალალოდ ჩაიშალა რუსთაველის იუბილე. ვაპირებდით ქართველი მწერლები ქუჩაში გამოსვლას და რუსთაველის ძეგლთან მიტინგის ჩატარებას ჩაშლილი იუბილის გამო, მაგრამ ეს შოთა რუსთაველს ვერ ვაკადრეთ.

    "რ": მწერალთა კავშირს წელს საიუბილეო ასი წელი უსრულდება, როგორ ემზადებით და აქაც ხელისუფლების მხრიდან რაიმე სიურპრიზებს ხომ არ ელოდებით?

    რ.მ: 2007 წლიდან დაპირების რეჟიმში ვყავართ საყვარელ ხელისუფთლებას. გაუთავებლად გვიმეორებდნენ რემონტია მწერალთა სახლში და ამიტომ ვერ ვიწყებთ თქვენს საკითხსო. ღმერთის წყალობით რემონტი დასასრულს უახლოვდება, სულ რაღაც დღეებია დარჩენილი და ჩვენს "თითის ლოკვასაც დათვივით" ალბათ ბოლო მოეღება; ისე იმედი აღარ გვაქვს იმისა, რომ მწერალთა კავშირის სასახლეს, წართმეულს მიხეილ სააკაშვილის მიერ, დაგვიბრუნებენ. ორ ოთახს მაინც თუ გამოგვიყოფენ სამუშაოდ, ამისთვისაც მადლობელნი ვიქნებით. დღეს ამ მწერალთა სახლში ბიძინა ივანიშვილის დამსახურებით შესვლა და ღონისძიების ჩატარების უფლება გვაქვს, მაგრამ ერთი მაგიდაც არა გვაქვს, რომლის უჯრაშიც შევინახავდით მწერალთა კავშირის მასალებს, სამუშაო გეგემებს და ა.შ. ასეთ პატიმრულ მდგომარეობაში ვართ და მინდა იცოდეს საქართველომ, რომ ჩვენთვის საქართველოს მწერლებისთვის ისევ მიხეილ სააკაშვილის დროა.

    რაც შეეხება საიუბილეო წელს, უკვე დავიწყეთ სამზადისი იუბილის ჩასატარებლად. გვინდა გამოვცეთ კარგი ალბომი, რომელიც დოკმენტურად ასახავს მწერალთა კავშირის ასწლოვან ცხოვრებას. ვნახოთ, რამდენად უღირს საქართველოს ხელისუფლებას მწერალთა კავშირის ასწლოვანი იუბილე. მკითხველის გასაგონად მინდა ვთქვა, რომ საქართველოს ჰყავს მწერალთა ღონიერი რაზმი, ქართული პროზა და დრამატურგია თავის საუკეთესო განზომილებაში არ ჩამოუვარდება მსოფლიოს თანამედროვე ლიტარატურას. ამის დასტურია თუნდაც ის გარემოება, რომ ჩვენ გვწერენ, გავაგზავნოთ ახალი ნაწარმოებები. იციან რა ჩვენი ეკონომიური შესაძლებლობები უცხოელი მთარგმნელები გვპირდებიან, რომ თარგმნიან ჩვენს ახალ ნაწარომებებს სრულიად უანგაროდ და გამოსცემენ კიდეც.

    მამაჩემს აქვს ცხონება, დაანებოს თავი საქართველოს ხელისუფლებამ ბუტიაობის თამაშს ქართველ მწერლების მიმართ, თორემ ჩვენს მოთმინებასაც აქვს საზღვარი. ვპირდები ხელისუფლებას, რომ თუ ასე გაგრძელდა ისინი შორეულ მომავალში კი არა სექტემბერ ან ოქტომბერში იხილავენ 600 ქართველი მწერლის მიერ გადაკეტილ მაჩაბლის ქუჩას და ჩვენი კანონიერი მოთხოვნების საქვეყნოდ გაცხადებას.

    "რ": 2018 წელს წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე ფრანკფურტში საქართველო საპატიო სტუმრი ქვეყნის სტატუსით ასობით გამომცემელსა და მწერლებს უმასპინძლებს. თქვენი რომელიმე წიგნის წარდგენას ხომ არ აპირებთ?

    რ:მ: კულტურის მინისტრს სულ რამდენიმე მწერალი ჰყავს ამოჩემებული, ხაზგასმით ვამბობ, საეჭვო ნიჭის მწერლები, რომლებსაც მე სერიოზულ მწერლებს ვერ ვუწოდებ და აგერ მეოთხე წელიწადია თვითონ წარუძღვება ხოლომე საერთაშორისო წიგნის ბაზრობებზე; რომ შეეკითხოთ ამას რატომ აკეთებო, გაურკვეველ პასუხს მიიღებთ.

    რაც შეეხება ჩემს გეგმებს, ნობელის პრემიის გადაწყვეტილების მოლოდინში, რა თქმა უნდა ხელიდან კალამი არ გამიგდია, ვწერ ახალ რომანს, რომელიც შეეხება ასეთ თემას, როგორი იყო ქართველი კაცი 300 წლის წინ და როგორი არის ახლა. როგორ შეიცვალა ერის ფსიქიკა კოლონიური ცხოვრებისა და უკანასკნელ 100 წლებში მოჩვენებითი დამოუკიდებლობის ვითარებაში. თუ ღმერთმა დამაცადა ამ რომანს ალბათ ორ წელიწადს მოვანდომებ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter