სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ლელა ოჩიაური
    (13.10.2010)

      საუკუნეზე მეტია, რაც მსოფლიოში სასკოლო, უმაღლეს, პროფესიულ და ა.შ. და ა.შ. განათლების პარალელურად აქტუალურია და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი - სამოქალაქო, უფროსთა თუ ზრდასრულთა განათლებას უკავია. 
      სამოქალაქო განათლებით საქართველოშიც დაინტერესდნენ, თუმცა, ინტერესი მხოლოდ ვიწრო მიმართულებისაა. ბოლო დროს სიახლეები და მცირეოდენი წინსვლაც შეინიშნება, იგივე, სახელმწიფოს მხრიდან, თუმცა, ეს მნიშვნელოვანი სფერო მხოლოდ ჩანასახოვან მდგომარეობაშია და განვითარებასა და აუცილებელ ხელშეწყობას საჭიროებს. 
      სამოქალაქლ განათლების შესახებ "რეზონანსს" ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის დოქტორანტი, პედაგოგების პროფესიული განვითარების ცენტრის ტრენერი ნინო შარვაშიძე ესაუბრება. იგი უკვე რამდენიმე წელია ამ მიმართულებით მუშაობს და საკითხს მეცნიერულად იკვლევს.
      "რეზონანსი": რა მდგომარეობაშია საქართველოში სამოქალაქო განათლების სფერო?
      ნინო შარვაშიძე: სამოქალაქო განათლებაზე ჩვენთან ვიწრო წარმოდგენაა, მაშინ, როდესაც უფრო მეტი იგულისხმება და უფრო საკითხიც ფართოდ უნდა განიხილებოდეს. ამდენად, ამ მიმართულებით მეტი მუშაობაა საჭირო.
      "რ.": რას გულისხმობთ ფართოდ განხილვაში?
      ნ.შ.:
    იმას, რომ სამოქალაქო განათლება არ გულისხმობს მხოლოდ პოლიტიკურად ან მოქალაქეობრივად აქტიური პიროვნების აღზრდასა და ჩამოყალიბებას.
      "რ.": თუმცა, ზრდასრულთა განათლება პროფესიულ გადამზადებას არ გამორიცხავს.
      ნ.შ.:
    რა თქმა უნდა, არა, მაგრამ სამოქალაქო განათლება არ ნიშნავს მხოლოდ ან გადამზადებას ან აქტიური მოქალაქის აღზრდას, რომელიც მაინცდამაინც კრიჭაში ჩაუდგება ან ხელისუფლებას ზოგადად ან მთავრობის რომელიმე წევრსა თუ კონკრეტულ სფეროს.
      ჩვენს ქვეყანაში, ამ მხრივ, ბევრი მოუგვარებელი საკითხია, სწორედ იმიტომ, რომ თავის დროზე არ ისწავლებოდა ვთქვათ, განათლების ფსიქოლოგია; სწორედ იმიტომ, რომ მშობელთა განათლების კულტურა არ არსებობდა; სწორედ იმიტომ, რომ ზოგადად არ არსებობდა ზრდასრულთა განათლება. 
      ხდებოდა მხოლოდ პროფესიული კვალიფიკაციიის ამაღლება. ახლა გაჩნდა სამოქალაქო განათლება, ოღონდ აქტიური პიროვნების, ლიდერის აღზრდის მხრივ, მაგრამ ცხოვრებისეული საკითხების, დედისა და შვილის, მამისა და შვილის, ცოლისა და ქმრის ურთიერთობების, სოციალური განათლებისა და ა.შ. (რაც აუცილებელია იმისთვის, რომ კულტურულ ერად ჩამოყალიბდე, რომ არ შეგვჭამოს პროვინციალიზმმა, დამახინჯებულმა, არასწორად გაგებულმა ტრადიციებმა) მიმართულებით სამუშაო ბევრია.
      სკანდინავიის ქვეყნებისა და ავტონომიების ე.წ. ჩრდილოური მინისტრთა საბჭოს სტატისტიკური კვლევების ავტორების აზრით, უფროსების განათლება უფრო ფართო ცნებაა, ვიდრე პროფესიული ან სახელობო მომზადება. ამ სფეროს განხილვისას, ე.წ. სოციალურ-კულტურულ განათლებასთან დაკავშირებულ ტერმინებსაც იყენებენ (მათი აზრით, უფროსების განათლება არ უნდა შემოიფარგლებოდეს მხოლოდ პროფესიულ-სახელობო გადამზადებით).
      და მაშინ, როდესაც ისეთი განვითარებული ქვეყნები, როგორიც სკანდინავიის ქვეყნებია, მუდმივად ზრუნავენ არამარტო მოსახლეობის პროფესიულ გადამზადებაზე, არამედ მათ სოციალურ-კულტურულ განათლებაზე, საქართველოში ჯერ კიდევ იმ ეტაპზე ვართ, როცა საბჭოთა პერიოდში შექმნილი, ზრდასრული განათლების სოციალისტური იდეებით პოლიტიზებული სისტემა ფაქტობრივად დაინგრა და აღარ არსებობს, ხოლო ახალი სისტემის შექნის კეთილი ნება ჯერ კიდევ ჩანასახშია და ძირითადად, მხოლოდ საერთაშორისო, დონორი ორგანიზაციების დაფინანსებით იკვებება, ისიც გარკვეული მიმართულებით.
      ბევრი ნიუანსია. სამოქალაქო განათლება, მარტივად რომ ვთქვათ, გულისხმობს, მაგალითად - მშობლად ყოფნის უნარის ჩამოყალიბებას; სამოქალაქო პასუხისმგებლობას, დავუშვათ, ავტობუსში ბილეთის შეძენის ან თუნდაც სამგზავრო ბარათის გამოყენების სიკეთის სწორი გაგების თვალსაზრისით; მოთმინების სწავლას და სხვა.
      ასეთ კურსებზე პენსიონერებიც არიან. ან არიან დედებიც და მომავალი დედებიც. ხომ გაჩნდა საქართველოში, სამშობიაროებში სასწავლო კურსები ფეხმძიმე ქალებისთვის. ფეხმძიმე ქალი იქ ფულის საშოვნელად ხომ არ მიდის. მიდის იმიტომ, რომ მისმა მშობიარობამ ჩაიაროს მშვიდად და წარმატებულად და ეს არ იყოს ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ ტრავმებთან დაკავშირებული, რაც საავადმყოფოს ინტერესებშიც შედის.
      ამიტომ, ზრდასრულთა განათლება ბევრისმომცველი და ბევრად უფრო მომგებიანიც შეიძლება იყოს განვითარების ამ ეტაპზე ჩვენს ქვეყანაში. გარდამავალ პერიოდში ისედაც ბევრი გაუგებრობაა და ადამიანმა, ელემენტარული ცოდნისა თუ ავტორიტეტების გამონათქვამების მოსმენის შედეგად, შეუძლია ჩამოაყალიბოს საკუთარი აზრი და საკითხისადმი სხვა დამოკიდებულება გაუჩნდეს.
      "რ.": როგორ და სად შეიძლება სამოქალაქო განათლების მიღება?
      ნ.შ.:
    აუცილებელი არაა განათლების ფსიქოლოგია მხოლოდ პედაგოგმა იცოდეს. სამოქალაქო განათლების მიღება შეიძლება პატარა კურსებზე, რომლებსაც - ან მუნიციპალურ დონეზე, განათლების ცენტრებში, ან კერძო ინიციატივითა თუ არასამთავრობო ორგანიზაციები ჩამოაყალიბებენ.  
      შეიძლება მაშინაც, თუ, ვთქვათ, ადამიანი, რომელიც ამ თემაზე მუშაობს, ან სტატიებით, ან სატელევიზიო გამოსვლებით და ა.შ. სხვადასხვა საკითხზე ისაუბრებს და საზოგადოებას ინფორმაციასა და ცოდნას მიაწოდებს.
      კარგი იქნება, თუ ასეთი ცენტრები შეიქმნება ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში, მერიებში და გადაწყვეტილების მიღება მოხდება მაშინ, როდესაც ბიუჯეტი დგება, რომ გაითვალისწინონ, ამ მიმართულებით, რაში დახარჯონ ფული, რომ მოხდეს აქცენტირება და საკითხზე ყურადღების გამახვილება.
      "რ.": ჯერ საერთოდ არაფერი გაკეთებულა?
      ნ.მ.:
    ბოლო ხანს რაღაცები შეიცვალა და განვითარდა. ჩამოყალიბდა სამოქალაქო განათლების კონცეფცია, არსებობს ასოციაცია, რომელმაც შეიძლება საკუთარ თავზე აიღოს ეს მისია. 
      გარდა იმისა, რომ ასოციაცია შეიქმნა, განათლების სამინისტრომ, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო ბოლონიის პროცესის მონაწილეა, გასცა განკარგულებები, რომ ამ მიმართულებით რაღაც გაკეთდეს.
      მუშაობა უმაღლეს სასწავლებლებში ჯერ კვლევის დონეზე მიმდინარეობს. 
      უფრო პროფესიული სასწავლებლები იქმნება, მაგრამ განათლების მუნიციპალური ცენტრები ჯერჯერობით არ არსებობს და არის მხოლოდ კურსები, სადაც ადამიანი მივა, გადაიხდის ფულს და ისწავლის ვთქვათ, ენას, კომპიუტერს ან ძიძობას. ერთი სიტყვით, იმას, რაც შემოსავალს მოუტანს. ხოლო ის, რაც ფულის შოვნასთან დაკავშირებული არაა, მაგალითად, მშობლის უნარების განვითარება, იგივე მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაზრდა, ჯერჯერობით, არ ისწავლება, თუმცა, მე თუ მკითხავთ, ეს უფრო მნიშვნელოვანია.
      ხომ უნდა დადგეს პერიოდი, რომ დავწყნარდეთ, დავმშვიდდეთ და როგორც სამოქალაქო საზოგადოება, განვვითარდეთ.
      "რ.": როგორ უნდა მოანდომო ზრდასრულ ადამიანს ასეთი განათლებით დაკავდეს?
      ნ.შ.:
    პირველ რიგში, ინფორმაცია უნდა გაავრცელო. მაგალითისთვის, ავიღოთ ავსტრია. სამოქალაქო განათლების ცენტრი ავრცელებს ფოსტით რაღაც ბიულეტენს, ბროშურას ან ბუკლეტს - სად რა ტარდება, განათლების რა მიმართულების, რა ცენტრები, რა წრეები არსებობს, ვინ რას სთავაზობს, და ა.შ. 
      ასეთ კურსებზე სწავლა არის სრულიად უფასო, ნახევარფასში ან არის 30-პროცენტიანი - დანარჩენს მუნიციპალიტეტი იხდის და ყველა, თავისი ინტერესის მიხედვით, ირჩევს, სად მივიდეს.  
      დავუშვათ, მე მაქვს ოჯახში პრობლემა, ურთიერთობის პრობლემა, გავიკითხავ და როდესაც მეცოდნება, რომ აქა და აქ შემეძლება მივიდე, თუნდაც 30 პროცენტი ჩემი გადასახდელი იყოს, პრობლემის მოგვარება იმდენად მიღირს, რომ მივდივარ, ვესწრები შეხვედრებს და ჩემთვის სასარგებლო დასკვნები გამომაქვს. 
      კვლევები რომ ვაწარმოე ამ მიმართულებით, ჩემთვის სასიხარულო დასკვნა გავაკეთე. თავიდან, ტრენინგის დაწყებამდე, მასწავლებლებს სხვა დამოკიდებულება ჰქონდათ. მათთვის მთავარი იყო, სასერტიფიკაციო გამოცდა ჩაებარებინათ და ეჭვით უყურებდნენ ამ გამოცდებს. საბოლოოდ კი, უმეტესობას მოსწონდა განათლების მიღების ფაქტი და არა მხოლოდ ის, რომ გამოცდებზე გავიდოდნენ და ჩააბარებდნენ. ანუ მიღებული ინფორმაცია უფრო მოეწონათ, თვალის ახელვა და ამით უფრო მეტი კმაყოფილება გამოხატეს, უფრო მეტი მნიშვნელობა მიანიჭეს ამას, ვიდრე შედეგს, თუმცა, რა თქმა უნდა, ესეც არანაკლებ მნიშვნელოვანია.
      "რ.": რა ვითარებაა, ამ მხრივ, სხვა ქვეყნებში?
      ნ.შ.:
    შემიძლია გითხრათ, როგორ ზრუნავს ესა თუ ის სახელმწიფო თავის მოქალაქეებზე. როგორია უფროსების განათლების სისტემის საკანონმდებლო ბაზა და აქედან გამომდინარე, დასკვნა თავად შეგიძლიათ გააკეთოთ. 
      მაგალითად, 1991 წელს, დანიაში, მიიღეს უფროსების განათლების ხელშეწყობის აქტი, რომელიც მომზადდა არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციების მიერ და დაეფუძნა მათ მიერ გაწეული კვლევებისა და განვითარებისთვის წარმოებული მუშაობის შედეგებს.
      ფინეთში, უფროსების განათლების ცენტრების მართვა მათივე წესდებით რეგულირდება, თუმცა მზადდება რეფორმა საკანონმდებლო ბაზაში უფროსების განათლების სფეროს გათვალისწინების მიზნით. შვედეთში რეგულაციები უფროსების განათლების შესახებ თავმოყრილია კანონში სკოლის შესახებ.
      დანიის უფროსების განათლების ცენტრის კვლევის შედეგად გაირკვა, რომ სკანდინავიის ქვეყნებში ძირითადი მოთხოვნილებაა შემდეგ სპეციალობებსა და საგნებზე - უცხო ენები, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ჯანმრთელობის საკითხებთან დაკავშირებული საგნები, სოციალური მეცნიერებები, ხელოვნების დარგები, ე.წ. ცხოვრებისეული უნარები - მშობლების განათლება და სხვა.
      მაგალითად, ამერიკის სათემო ორგანიზაციებს, ამერიკული ჟურნალის "უმაღლესი განათლების მონაცემების" მიხედვით, სათემო ორგანიზაციების ბაზაზე არსებულ უფროსების განათლების სკოლებს ადგილობრივი მმართველობის ბიუჯეტი აფინანსებს; ტექნიკურ მხარდაჭერას ადგილობრივი და სახელმწიფო განათლების სააგენტოები უწევს (მათ შორის, უნივერსიტეტები) უწევს და ნაწილ თანხას კერძო სტრუქტურები გაიღებს. იქვე აღნიშნულია, რომ ასეთი სკოლის პედაგოგების სერტიფიცირებას ამერიკის უნივერსიტეტებში იღებენ.
      ამერიკელი მკვლევარები ლინ კელნერი და დავიდ ჰედადი წერენ, რომ გამოკითხული რესპონდენტები - პროგრამის "კეთილდღეობა და სამსახური" მონაწილეები, აღნიშნავენ, რომ კეთილდღეობის მისაღწევად, 12 სფეროდან ერთ-ერთი, უფროსების განათლებაა.
      გამოკითხულთა 20 პროცენტი აღნიშნავს, რომ მათ კეთილდღეობას უფროსების განათლების პროგრამებში მონაწილეობით მიაღწიეს. უნდა ითქვას, რომ ეს მონაცემი უფრო გაიზრდება გრძელვადიანი კვლევის შემთხვევაში, ვინაიდან, ამ მიმართულებიდან მიღებული შედეგები უფრო გრძელ ვადაზეა გათვლილი.
      ამერიკის განათლების დეპარტამენტის სტატისტიკური მონაცემებით (სატელეფონო გამოკითხვების შედეგად), უფროსების განათლებაში მონაწილეთა რაოდენობა, ბოლო 30 წლის განმავლობაში, 46 პროცენტით გაიზარდა.
      ზოგიერთი მათგანის მიზანია, ძირითადი უნარების შეძენა, ზოგის - შრომის ბაზრის შესაბამისობაში მოსვლა, ზოგის - კეთილდღეობის მიღწევა და ზოგის - კარიერის გაკეთება.
      კანადელი მკვლევარის კერენ ბრათვაიტის აზრით, უფროსების განათლების სკოლების ერთ-ერთი დამსახურებაა, რომ აქ სხვადასხვა რასის, ეთნოსისა და მრწამსის ადამიანები ერთად იღებენ განათლებას, რაც ხელს უწყობს მრავალეროვან რეგიონებში ურთიერთობების გაუმჯობესებასაც.
      მკვლევარები კოსტას მეტაქსიოტისი და ჯონ პსარასი გვთავაზობენ, უმაღლეს განათლებაში ცოდნის მენეჯმენტს მივმართოთ. მათი მიზანია, საზოგადოების ყურადღება მიაპყრონ შრომის ბაზარზე არსებულ წნეხზე, რომლის დაძლევის გზად ადამიანის ინტელექტუალური კაპიტალისა და ტექნოლოგიების გამოყენება მიაჩნიათ.
      ისინი სთავაზობენ უმაღლეს სასწავლებლებს, თავად შექმნან უფროსების განათლების ასეთი ცენტრები და ცოდნის მენეჯმენტი თავად აწარმოონ და გვთავაზობენ ცოდნის მენეჯმენტის 9-საფეხურიან მიდგომას - გადავაქციოთ ინფორმაცია ცოდნად, განვსაზღვროთ და შევამოწმოთ ცოდნა, შევინახოთ ცოდნა, გავუკეთოთ ორგანიზება ცოდნას, მივმართოთ ცოდნას, კომბინირება გავუკეთოთ ცოდნას, შევქმნათ ცოდნა, გავეცნოთ ცოდნას, გავცეთ ცოდნა.
    ჩვენ ჯერ ბევრი რამ არ ვიცით და ბევრი გვაქვს სასწავლი. სამოქალაქო განათლების მისია და ფუნქცია სწორედ ეგაა.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2014 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter