სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნინო ქეთელაური
    23.03.2018

     აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრი 18 წლის ასაკში ტრაგიკულად დაღუპული ნიჭიერი პოეტის - დათა გულუას ხსოვნისადმი მიძღვნილ კონკურსს ჩაატარებს სახელწოდებით - "სიჭაბუკე და ლექსი ერთია", რომელიც პირველად 10 მაისს გაიმართება და ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, კონკურსის მიზანი ახალგაზრდა ავტორების შემოქმედების წარმოჩენა და პოპულარიზაციაა.

    როგორც ცნობილია, მასში მონაწილეობა შეუძლია 15-დან 30 წლამდე ასაკის საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელმაც ლექსები ქართულ ენაზე 15 აპრილამდე უნდა წარადგინოს.

    ამასთან, თითოეულ კონკურსანტს შეუძლია, წარადგინოს გამოუქვეყნებელი არაუმეტეს 3 ლექსისა, რომელთა თემატიკა განუსაზღვრელია.

    საკონკურსო ნაშრომში მითითებული უნდა იყოს მხოლოდ ავტორის ფსევდონიმი, ცალკე კონვერტით კი - იმავე ფსევდონიმით ავტორის მოკლე ბიოგრაფია, ფოტოსურათი, მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია.

    როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, კონკურსი დახურულია და გამარჯვებულის ვინაობას საორგანიზაციო კომიტეტი მხოლოდ ჟიურის გადაწყვეტილების შემდეგ ასაჯაროებს.

    გამარჯვებულთათვის დაწესებულია აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის პრემია - ლაურეატის წოდება და ფულადი ჯილდო: პირველი პრემია - 500, მეორე - 300, ხოლო მესამე - 200 ლარი.

    ცენტრის გარდა, ერთ ჯილდოს აწესებს დათა გულუას ოჯახი დათა გულუასადმი მიძღვნილი ლექსისათვის; ამასთან, წამახალისებელი სპეციალური პრიზები დაწესებულია მწერალთა ეროვნული კავშირის (3 პრიზი პატრიოტულ თემატიკაზე), საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის, ჟურნალისტთა კავშირის, თბილისისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტების, წმ. თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის, აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრისა და "კონკორდ" ჯგუფის მიერ.

    კონკურსში გამარჯვებული ავტორი ვალდებულია, მონაწილეობა მიიღოს საორგანიზაციო კომიტეტის მიერ დაგეგმილ საჯარო ღონისძიებებში. საჯარო ღონისძიებაში მონაწილე წარმატებული ავტორი დაჯილდოვდება სპეციალური პრიზით "მაყურებლის რჩეული", რომელიც გამოვლინდება ღონისძიების ბოლოს.

    კონკურსში გამარჯვებული ნაწარმოებები გამოქვეყნდება აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის საინფორმაციო ბიულეტენსა და სხვა ბეჭდურ ორგანოში.

    რაც შეეხება ჟიურის შემადგენლობას, თავმჯდომარეა ბაღათერ არაბული, ხოლო წევრები: არქიმანდრიტი ადამი (ახალაძე), მარინე თექთუმანიძე, მანონ ბულესკირია, ელდინო საღარაძე, ლელა მელიქიშვილი და მაია მიქაია.

    აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის თავმჯდომარე ნანა წილოსანი "რეზონანსთან" საუბრისას იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც ახალგაზრდა ავტორები ამ კონკურსით უნდა დაინტერესდნენ.

    "დათა გულუა იყო ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა, წარმოშობით აფხაზეთიდან. იგი, სამწუხაროდ, დაიღუპა, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, მისი სახელობის კონკურსი დაგვეწესებინა, რომელიც სისტემატურ ხასიათს მიიღებს. არ აქვს მნიშვნელობა, ავტორი დამწყებია თუ გამოცდილი, 15-დან 30 წლამდე ასაკის ნებისმიერ მსურველს შეუძლია მონაწილეობა. მათი ნამუშევრები აუცილებლად გამოქვეყნდება, გარდა ამისა, არის პრემიები და სხვადსხვა პრიზი, რაც, მე ვფიქრობ, ყველა ახალგაზრდას მისცემს მონაწილეობის მოტივაციას," - ამბობს ნანა წილოსანი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved