სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მარი გოცირიძე
    14.09.2018

     ქართული მწერლობის უანგარო მსახური, საქართველოში ყველაზე ავტორიტეტული ლიტერატურული პრემია "საბა" 16 წლისაა. სწორედ "საბა" იქცა ბოლო პერიოდის ყველაზე მასშტაბურ სოციალურ-ლიტერატურულ აქციად, რომელიც წიგნიერების ამაღლებას ემსახურება და ხელს უწყობს წიგნების ხელმისაწვდომობას მკითხველი საზოგადოებისთვის.

    "საბა" იყო პირველი პრემია საქართველოში, რომლის იდეა კერძო სექტორიდან წამოვიდა და დღესაც წარმატებით ხორციელდება. თუმცა ეს არ არის მხოლოდ კონკურსი, სადაც ჩვენი კლასიკოსები იმარჯვებენ, "საბა" დამატებითი საბაბია, რომ ადამიანებმა მეტი ისაუბრონ, მეტი იკამათონ ლიტერატურაზე და ლიტერატურული პროცესების გარკვეული პროვოცირება მოახდინონ.

    სხვა პრემიებთან შედარებით, "საბა" არის სრულიად ახალი მოვლენა მთელ საქართველოში. სხვადასხვა დროს ეს პრემია მიღებული აქვთ მწერლებსა და პოეტებს, რომელთა სახელები ქართული პროზისა და პოეზიის მშვენებაა.

    "საბას" საქმიანობის შეფასებაზე, ქართული ლიტერატურის მიღწევებსა და ამ საქმეში "თიბისი ბანკის" უანგარო ღვაწლზე ის ადამიანები გვესაუბრებიან, რომლებმაც სხვადასხვა წელს "საბას" ჯილდო დამსახურებულად მიიღეს.

    კონკურსთან დაკავშირებით ყველას თავისი ინდივიდუალური ხედვა აქვს, თუმცა ჩვენი კლასიკოსები უყოყმანოდ თანხმდებიან მთავარზე, რომ "თიბისი ბანკი" აღმოჩნდა ფესვი, რომელზეც აღმოცენდა "საბა" და ამიტომ არის ასეთი წარმატებული.

    ვახტანგ ჯავახაძე, მწერალი: "უკანასკნელი წლების ქართული ლიტერატურის ცხოვრებაში "საბა" არის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა. მან დაარღვია ქართული ლიტერატურის მყუდროება და გახდა დღესასწაული, რომელსაც ყოველწლიურად მწერლები და მკითხველები დიდი მოთმინებით ელოდებიან. 16 წელია, რაც "საბა" დაარსდა, თანდათან ნომინაციები მოემატა, რაც მის მაღალ ხარისხზე მეტყველებს. ის არის ქართული მწერლობის განვითარების ორიენტირი და მადლობა ამისთვის "თიბისი ბანკს", რომელსაც მწერლები ძალიან უყვარს და მფარველობს. პირად მაგალითსაც გეტყვით: ჩემი ასაკის ადამიანს ყველაფერი ორმაგად უხარია. შარშან მე გავიმარჯვე ნომინაციაში "წლის საუკეთესო კრებული". წარმოვადგინე კრებული "ელეგია". ჩემთვის ეს პრემია განსაკუთრებით ძვირფასი იყო იმის გამო, რომ იგი მოვიპოვე გალაკტიონ ტაბიძის პროტექციის გარეშე, საკუთარი მეუღლის პროტექციით. მიმაჩნია, რომ "საბა" არის პროექტი, რომელიც აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. ასე რომ, დიდი მადლობა "თიბისის", რომელმაც აუცილებლად უნდა გააგრძელოს "საბა", ჩვენი მწერლების ყველაზე საინტერესო პრემია, რაც კი დღეს შეიძლება ისურვო".

    ლევან ბერძენიშვილი, მწერალი, პუბლიცისტი: "ლიტერატურის სფეროში "საბას" როლი გამორჩეულია. საქართველო არის პატარა ქვეყანა, სადაც წიგნს ვერასდროს ექნება მაღალი ტირაჟი, როგორც ეს დიდ ქვეყნებშია. ამიტომ პრესტიჟის საქმეა, ნებისმიერი მწერლის დაუოკებელი სურვილია, იბრძოლოს ამ პრემიის მოპოვებისთვის, საოცრად დიდია ეს სტიმული. ცხადია, სხვა რამდენიმე პრემიაც გაიცემა, მაგრამ "საბა" აშკარად გამოკვეთილი ლიდერია. ეს გახდა ლიტერატურული პროცესის ძალიან სერიოზული შემადგენელი ნაწილი. სახელმწიფოს მხრიდან ლიტერატურას არ აქვს ხელშეწყობა, ამიტომ არც ერთ ეპოქაში არ ყოფილა ისეთი მფარველის ქვეშ, როგორიც "საბაა". საბჭოთა დროში მხოლოდ იმას ცდილობდნენ, რომ დაეახლოვებინათ მწერლები, შემდეგ პერიოდშიც დიდი ინტერესი არც ერთ ხელისუფლებას არ გამოუვლენია. შესაბამისად, კერძო ბანკის ინიციატივა, რომ ლიტერატურას ხელი შეუწყოს, მნიშვნელოვანი გარღვევაა. მარტო ამისთვისაც "საბას" ათასი სამადლობელი სიტყვა ეკუთვნის. მე ვყოფილვარ ჟიურიში, თავადაც მიმიღია პრემია და ვიცი, რა სიხარულია ეს ჯილდო ქართველი მწერლისთვის, იმის აღიარება, რომ მწერალი ცოცხალია! აქ მხოლოდ ფინანსურ მხარდაჭერაზე არ ვაკეთებ აქცენტს, დიდი დამსახურება მიუძღვის "საბას" იმაშიც, რომ ქართველი მწერლების უცხოურ თარგმანებსაც მიაქცია ყურადღება, რაც დამატებითი სტიმულია იმისთვის, რომ მსოფლიომ უკეთ გაგვიცნოს. გარდა ამისა, სულხან-საბა ორბელიანის ევროპული სახელი ძალიან უხდება ამ კონკურსს და ნებისმიერი მონაწილე იქნება ბედნიერი, ვინც ამ ღირსეული ჯილდოს მფლობელია".

    ბესიკ ხარანაული, მწერალი და პოეტი: "საბა" უზომოდ წარმატებული კულტურული პროექტია, რომელიც ამ მიმართულებით ლიდერია. გადაჭარბებულად არ ჩამეთვლება, თუ ვიტყვი, რომ მან სულზე მოუსწრო ახალი დროის ათვლას ჩვენს ქვეყანაში - დემოკრატიის წინსვლას დაემთხვა. რესპექტაბელური და შთამბეჭდავია უზადო თავისუფლებით, უბრალოებით და გამორჩეული ობიექტურობით. ეს ჩანს კიდეც. 16 წელია მისი არსებობიდან და არც ერთი საჩივარი მწერლების მხრიდან არ მსმენია! წელს "საბა" გერმანიაში, წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე წარდგება, რაც დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია - ჩვენი მწერლობის გამარჯვების საწინდარი გლობალურ სივრცეში. ეს ნიშნავს, რომ "საბა" ვითარდება. ქართულ მწერლობას ნამდვილად უნდა შველა, თაობა შეიცვალა და ბევრი საინტერესო მასალა შეიძლება გაიფანტოს. ერთადერთი "საბაა", რომელიც მაიმედებს, რომ ქართულ წიგნს მიხედავს. ეს დალოცვილი მწერლობა უშველებელ ეპოქას იტევს, უხნესია და თუ ვინმე მზადაა საშველად, ასეთად მხოლოდ "საბა" მეგულება. შესაბამისად, მოტივაცია მეტია მწერლებისთვის. მადლობა ამისთვის "თიბისი ბანკს" და მის ხელმძღვანელობას, რომელიც ამ საქმეს ემსახურება. შეიძლება იყოს გულისტკენაც, რაც კონკურსს ყოველთვის ახლავს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნიერების ამაღლებაა, რითაც მსოფლიოში უფრო და უფრო ცნობილი უნდა გავხდეთ".

     ანა კორძაია-სამადაშვილი, მწერალი: "საბა" არის ლიტერატურული დღესასწაული საქართველოში, რომელსაც წელიწადში ერთხელ ვზეიმობთ. ძნელად წარმოსადგენია ფაქტი, რომ ერთ დღესაც, შესაძლოა, "საბა" არ არსებობდეს, ამაზე საუბარიც შეუძლებელია. ეს ნიშნავს, რომ უგულებელვყოთ თექვსმეტწლიანი ისტორია, სულ 3-4 ჯილდოა საქართველოში, რომელსაც ამდენი წლის ისტორია აქვს. ლიტერატურული ტრადიციის არსებობა ერის კეთილდღეობაზე სასიკეთოდ მოქმედებს. ბანკმა, რომელიც, ყველამ ვიცით, არ არის საქველმოქმედო ორგანიზაცია, გადაწყვიტა, რომ ქართულ ლიტერატურას დაუჭიროს მხარი, რაღაა დღეს ამაზე დიდებული? რაც მეტი ჯილდოა, მით უკეთესი, მაგრამ ეჭვიც კი, რომ შეიძლება ქართული მწერლობის წარმოდგენა "საბას" გვერდის ავლით, ცოტა კომიკურად მეჩვენება. პირველ წელს, როცა "საბა" დაარსდა, ისე მოხდა, რომ ერთი ცალი "ბუმბული" გადმომცეს მე - საუკეთესო დებიუტისთვის, სამი მოთხრობისთვის. მონაწილეობით კი მონაწილეობს ყველა, ისიც კი, ვისაც კონიუნქტურული ჯილდოები ეჯავრება, ვინც მიიჩნევს, რომ ლიტერატურა იჩაგრება ანუ განსხვავებული გემოვნების ადამიანები, დიდია "საბასკენ" სწრაფვა! ჟიური კითხულობს მთელი წლის მოსავალს და ვინმეს მხრიდან განწყობა, რომ მონაწილეობა არ მიიღოს, ცოტა გადამეტებული ნათქვამია. "საბაში" მონაწილეობს სრულიად ქართული ლიტერატურა. ცოტა არ არის განცდა, ვიღაცას სიხარული მოუტანო თუნდაც იმით, რომ უთხრა, შენ ტყუილად არ გაათენე 83 ღამე! ტყუილად არ გაიჩინე ნაოჭები და არ მოიგრიხე ხერხემალი! შენ ისეთი მაგარი წიგნი გადათარგმნე, რომ ბრავისიმო! აი, ამ ყველაფრის თქმა შეუძლია "საბას", რითაც სიხარული მოაქვს ქართველი მწერლებისთვის".

    ლია სტურუა, პოეტი: დაარსების დღიდან "საბა" უდიდესი სტიმულია მწერლებისთვის, რადგან ყველა ცდილობს ამ პრემიის მიღებას. რაც საგულისხმოა, ყოველთვის ღირსეული და საინტერესო ადამიანები იყვნენ ჟიურის შემადგენლობაში, რომელთაც შეეძლოთ, ობიექტურად შეეფასებინათ მწერლების შემოქმედება. ძალიან ეხმაურება თანამედროვეობას, თანაც დიდი სულხან-საბა ორბელიანის სახელს უკავშირდება, რაც ერთგვარად სიმბოლურია. უზომოდ მახარებს ის ფაქტიც, რომ წელს წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, ფრანკფურტში, მოხდება ამ პრემიების გადაცემა. ძალიან სასიამოვნო ფაქტია, იყო ამ ფესტივალის სტუმარი, დიდი პატივია! კარგია, რომ მსოფლიომ დაინახა ქართული კულტურის ღირსება და შესაძლებლობის ფარგლებში შეაფასებს. ამდენად, "საბას" პრემია აუცილებელია, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რადგან ადამიანს სჭირდება წახალისება, შესაძლოა, შემოქმედს მეტად - პოეტი ძალიან ემოციურად აღიქვამს გარემოს, ტკივილიც ყველაზე მწვავეა მისთვის და სიხარულიც უფრო მკვეთრად აქვს გამოხატული. პრემია მისთვის არის პატარა ზვინი, რომელიც პოეტის სულს უსათუოდ სჭირდება, "საბა" ამას შესანიშნავად ახერხებს. თვითონ სიტუაცია, პრემიის გადაცემის პროცესი არის საზეიმო, რაც ხაზს უსვამს "საბას" თანამედროვეობასა და გემოვნებას, ძალიან პრესტიჟული, სასიამოვნო, ყველასთვის საოცნებო პრემიაა გამორჩეული ნომინაციებითა და ყოველთვის უმაღლესი ხარისხით!

    ეთერ თათარაიძე, პოეტი: "ძალიან კარგია, როცა რაღაც ბედნიერებისკენ და წინსვლისკენ გიბიძგებს. "საბა" გარწმუნებს, რომ არსებული დონიდან ქვემოთ არ უნდა დაეშვა და იყო ის, რაც ხარ! შენ წინ და წინ უნდა წახვიდე. ეს პროექტი არ ძველდება. დარწმუნებული ვარ, რომ ამ პრემიის ლაურეატი შემთხვევით ვერავინ გახდება, ეს არის დაფასებისა და აღიარების ღირსეული ჯილდო. ჩვენ მივიღეთ ეს პრემია. ვარ ბედნიერი, რომ ზუსტად დამიფასდა გულით გაკეთებული, სიცოცხლეჩანადები შრომა. წლობით გამყინვარებულ პრემიებთან შედარებით, "საბა" ფასდაუდებელია. დიდი მადლობა "თიბისი ბანკს", რომლის გარეშე ეს პროექტი ამდენ ხანს ვერ იარსებებდა. მადლობა მას ამ ერთგულებისთვის, წიგნისადმი სიყვარულისა და ქართული მწერლობის პატივისცემისათვის".

    ლიტერატურული პრემია "საბა" "თიბისი ბანკმა" 2003 წელს დააარსა. 15 წლის განმავლობაში "საბამ" 3 800 საკონკურსო წიგნი განიხილა და 127 პრემია გასცა, სულ 500 ათასი ლარის ოდენობით.

    პრემიის არსებობის განმავლობაში საქართველოში ყოველწლიურად გამოცემული წიგნების რაოდენობა დაახლოებით 4-ჯერ გაიზარდა. ასევე, 4-ჯერ გაიზარდა საპრემიო ფონდი, რომელსაც "თიბისი ბანკი" გამარჯვებულებს გადასცემს.

    "საბა" იძლევა შესაძლებლობას, ქართული წიგნის გამარჯვებით გაარღვიოს გლობალური ბარიერი და ამ პატარა ქვეყანამ აღიარება ჰპოვოს გერმანულ, ესპანურ, ფრანგულ და ინგლისურენოვან ქვეყნებში.

    ამას ემსახურება ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ფესტივალიც, სადაც ქართული მწერლობის მედროშეობას "საბა" გასწევს.

    (ბიზნესპრესი)

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved