სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ლელა ოჩიაური
    23.01.2019

     ერთი წლის წინ უცნობმა, ამჯერად კი ძალიან პოპულარულმა მომღერალმა სოფო ბათილაშვილმა, "რუსთავი 2"-ის პროექტ "მხოლოდ ქართულის" პირველ სეზონში გამარჯვების შემდეგ, მალევე შექმნა პატარა ჯგუფი "მხოლოდ ქართული" ზვიად ბოლქვაძის ხელმძღვანელობით. მათი რეპერტუარი ქართულ ფოლკლორზეა დამყარებული და ფოლკისა და თანამედროვე მუსიკის სინთეზს წარმოადგენს. ხუთკაციანი ჯგუფი იმითაცაა გამორჩეული, რომ ყველა მუსიკოსი მღერის და სხვადასხვა ინსტრუმენტზე უკრავს.

    სოფო ბათილაშვილისა და ზვიად ბოლქვაძის გამორჩეული მუსიკალური კულტურით, საშემსრულებლო ხელოვნებითა და არაორდინარული რეპერტუარით დაინტერესებულ ქართულ დიასპორას ამერიკის შეერთებულ შტატებში, კომპანია თექკ-მა საჩუქარი გაუკეთა და ნიუ-იორკის ასაბლეის ეგიდით, "მხოლოდ ქართული" მარტში ამერიკაში მიიწვია. კონცერტები ნიუ-იორკსა და ფილადელფიაში გაიმართება.

    კომპანია თექკ-ის დამფუძნებელი, ფესტივალის "ქართველები ამერიკაში" დამაარსებელი, ორგანიზატორი და ხელმძღვანელი, კომპიზიტორი და მომღერალი თამრიკო დავითაშვილი:

    "სოფო ბათილაშვილის გამოჩენა ქართულ მუსიკალურ სამყაროში მოვლენად იქცა და როგორც ქართველი მსმენელის, ისე "მხოლოდ ქართულის" კომპეტენტური ჟიურისათვისაც! როგორც ცნობილია, ეს მოხდა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ახალი პროექტის პირველი სეზონის პირველივე ტურში. შემდეგ ახალგაზრდა მომღერალმა ისე განვლო მთელი კონკურსი, რომ ყველა ეტაპზე უცვლელი ლიდერი იყო და ლიდერადვე დარჩა.

    "თანაბრად ძლიერი იყო როგორც ხალხური, ისე ქალაქური და ლირიკული ხასიათის სიმღერების შესრულებისას და სრულიად სამართლიანად დაიმსახურა პირველი ადგილი თუ შესაფერისი ჯილდოები - ბინა თბილისში, სწავლა-მივლინება ნიუ-იორკის პრესტიჟულ სასწავლებელში 2019 წლის ზაფხულში და ბევრი სხვა".

    ფესტივალს "ქართველები ამერიკაში" კომპანია თეფქკ ყოველწლიურად ატარებს. მისი მსვლელობისას, სხვადასხვა ნომინაციაში აჯილდოებენ აშშ-ში მცხოვრებ წარმატებულ ქართველებს - ექიმებს, იურისტებს, სპორტსმენებს, მომღერლებს, სასულიერო პირებს, ბიზნესმენებს. საქართველოდან იწვევენ ცნობილ მომღერლებს, მუსიკალურ ჯგუფებსა და სხვა პროფესიების ადამიანებს და ქართული კულტურის პოპულარიზაციისათვის აჯილდოებენ. მაგალითად, ასეთთა შორის აღმოჩნდნენ: ფოლკჯგუფი "ეგარი", ფესტივალი "ჩვენებურები" და მისი თანადამფუძნებელი (გიული ალასანიასთან ერთად) და საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი დარეჯან კუხიანიძე.

    დაჯილდოების ყველაზე საპატიო ნომინანტები არიან ჯარისკაცები, რომლებიც სხვადასხვა საერთაშორისო მისიაში მონაწილეობდნენ და ამჟამად აშშ-ში რეაბილიტაციას გადიან.

    კონცერტებსა და დაჯილდოების ცერემონიას ესწრებიან როგორც ქართველები, ასევე - ამერიკელები. ღონისძიებაშიც, ქართველებთან ერთად, ამერიკული მუსიკალური კოლექტივებიც მონაწილეობენ.

    თამრიკო დავითაშვილი: "მინდა, წარმატება ვუსურვო სოფოსა და მის ჯგუფს! ამერიკელ მსმენელსა და ქართველ ემიგრანტებს ნამდვილად დიდი ზეიმი ელით".

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved