სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნინო მიქიაშვილი
    02.03.2019

     პასტელით შექმნილი კოლაჟების საშუალებით, განსხვავებული გამომსახველობითი ფორმებით გადმოცემულ, თანამედროვეობაში გადმოტანილ 12 საუფლო დღესასწაულს წარმოადგენს მხატვარი ვანო აბულაძე.

    "ბოლო სამი წელი ვმუშაობდი - რასაც გული მკარნახობდა, იმას ვაკეთებდი. მინდოდა, სრულიად განსხვავებული გამომსახველობითი ფორმებით გადმომეცა 12 საუფლო დღესასწაული. არაფერი მიცუღლუტია და მიეშმაკია; ამ ნამუშევრებში ვულგარული აბსოლუტურად არაფერია. დანარჩენი ხალხზეა დამოკიდებული, როგორ აღიქვამს და მიიღებს იმას, რასაც დიდი მოწიწებით და სიყვარულით ვაკეთებდი. როგორც ბრეხტი იტყვის, ახლა ხალხმა განმსაჯოს და ხალხმა დამსაჯოს", - უთხრა "რეზონანსს" ვანო აბულაძემ, რომლის პერსონალური გამოფენა სილქ ფაქტორი სტუდიო აბრეშუმის გალერეაში 5 მარტს გაიხსნება და 25-მდე გასტანს.

    მაცხოვარი დელტაპლანით მოფრინავს, მლოცველების ერთი ნაწილი ტაძართან სწრაფი მატარებლით მიდის, მეორე ნაწილი კი - თანამედროვე მანქანებით. მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას მამაკაცი შორიდან იღებს თანამედროვე საფრენი ვიდეოაპარატით. "ამ კომპოზიციაში (იერუსალიმში მაცხოვრის დიდებით შესვლა) პირობითად ჩემი თავიც წარმოვიდგინე - ვდგავარ და თანამედროვე საფრენი ვიდეოაპარატით დღესასწაულს შორიდან ვიღებ. ნათლისღების დღესასწაულზე, რომლის დროსაც მდინარე იორდანეზე მაცხოვარს ნათლავენ, შორს, ჰორიზონტზე თანამედროვე ხიდი მოჩანს", - ამბობს მხატვარი და იქვე დასძენს, რომ სანამ კოლაჟების გაკეთებას დაიწყებდა, სპეციალური ლიტერატურა წაიკითხა; შემდეგ განცდილი და ნაფირქი ტილოზე ქვეცნობიერად გადაიტანა.

    ვანო აბულაძემ 1984 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი. გამოფენებში 1983 წლიდან მონაწილეობს. მისი ნამუშევრები დაცულია მოსკოვის აღმოსავლეთის ხალხთა ხელოვნებისა და უნგრეთის ხელოვნების მუზეუმებში, ასევე საქართველოსა და საზღვარგარეთის კერძო კოლექციებში. 6 მარტს მხატვარს 60 წელი უსრულდება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved