სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნინო მიქიაშვილი
    05.04.2019

     ნინო ფერაძის მიერ ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში შექმნილი ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი "სილქ ფაქტორ სტუდიოს" აბრეშუმის გალერეაში - მხატვრის პერსონალური გამოფენა-გაყიდვა, სახელწოდებით "გზავნილები ბავშვობიდან", დღეს, 5 აპრილს, გაიხსნება და 30 აპრილს დაიხურება.

    დამთვალიერებელს "აბრეშუმის გალერეაში" დახვდება აკრილით შესრულებული მხატვრის სამოცდაათამდე ნამუშევარი - მცველი ანგელოზები, ყვავილები და წელიწადის დროები; ცირკის ჯამბაზების და ქალაქების სერია.

    "ბინა გამოვიცვალე. ასეთ დროს ხომ იცით, როგორც ხდება ხოლმე?! გადაბარგებისას წააწყდები ფოტოსურათების ძველ ალბომებსა და ნივთებს და, აქედან გამომდინარე, შენში ბრუნდება ბავშვობისდროინდელი შეგრძნებები: ქალაქს პირველად რომ დაინახავ და ხვდები, როგორი ლამაზია; როდესაც ბებია გიამბობს აღდგომის შესახებ და შენ პირველად დაინახავ ანგელოზს; გახსენდება ცირკში პირველად მისვლისას ჯამბაზს შუქი როგორ დაჰყვებოდა. აი, ამ შეგრძნებების დაფიქსირება მინდოდა ჩემთვისაც და სხვებისთვისაც. გამოფენის სახელწოდებაც აქედან გაჩნდა," - უთხრა "რეზონანსს" მხატვარმა.

    "აბრეშუმის გალერეაში" ნინო ფერაძის დახატული, ორიგინალურ ცხენებზე ამხედრებული ულამაზესი ანგელოზებიც დაგხვდებათ, რომელთაც თავად მხატვარი მცველ ანგელოზებს უწოდებს. "ალბათ ყველა თავისებურად აღიქვამს. ჩემთვის ისინი მცველი ანგელოზები არიან და ყოველთვის ჩემ გარშემო ტრიალებენ," - ამბობს მხატვარი.

    ნინო ფერაძემ სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი 1981 წელს დაამთავრა. მისი პირველი პერსონალური გამოფენა 1986 წელს თბილისში, კინოს სახლში, მოეწყო. ნინო ფერაძის პერსონალური გამოფენები, თბილისს გარდა, არაერთხელაა გამართული მადრიდში, ჰამბურგში, დორდრეხტში, სტამბულში. მხატვარს მიღებული აქვს: პრიზი კიევის საერთაშორისო ფესტივალზე ფილმის ("პორტრეტი") მხატვრობისთვის; პრემიები საერთაშორისო ბიენალეებზე: კრაკოვში, ტალინში, კალინინგრადში; საქართველოს მხატვართა კავშირის სპეციალური პრიზი "1990 წლის საუკეთესო მხატვარი გრაფიკის დარგში". მონაწილეობა აქვს მიღებული მხატვართა საერთაშორისო პლენერებზე ბელგიაში, ესპანეთში, რუსეთში, ავსტრიაში, ჰოლანდიაში, ესტონეთში, ლატვიაში.

    ნინო ფერაძის ნამუშევრები დაცულია: შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში; მოსკოვის აღმოსავლეთმცოდნეობის მუზეუმში; ნორილსკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში. მხატვრის ტილოები ასევე დაცულია კერძო კოლექციებში: საქართველოში, გერმანიაში, ესპანეთში, ჰოლანდიაში, ბელგიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, თურქეთში, პოლონეთში, ნორვეგიაში, უნგრეთში, საბერძნეთში, სლოვაკიაში, რუსეთში, ესტონეთსა და იაპონიაში.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved