სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მამუკა ნაცვალაძე
    08.04.2019

     მომავალი თაობის ესთეტიკური აღზრდის პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია დღევანდელ საქართველოში. კახა ცაბაძე სწორედ ის შემოქმედია, ვინც ოთხი ათეული წელია, უშურველად ემსახურება ამ ეროვნულ საქმეს. კომპოზიტორის ნაწარმოებებზე გაიზარდა არაერთი თაობა, გემოვნებიანი მსმენელი.

    კახა ცაბაძის საბავშვო სიმღერებს, საფორტეპიანო პიესებსა თუ კონცერტებს დიდი ხალისით ასრულებენ პატარები, ნაწარმოებების მელოდიურობა და მაღალპროფესიული სიღრმე კომპოზიტორის განსაკუთრებულ პოპულარობას განაპირობებს.

    2019 წელი კახა ცაბაძის საიუბილეო წელია, რასაც დიდი ენთუზიაზმით გამოეხმაურა რამდენიმე წამყვანი მუსიკალური სკოლა. კახა ცაბაძის საიუბილეო კონცერტები გამართეს თბილისის იპოლიტოვ-ივანოვის სახელობის მეექვსე ხელოვნებისა და ალოიზ მიზანდარის სახელობის 1-ელმა ხელოვნების სკოლებმა. მეექვსე სკოლის კონცერტში მონაწილეობას იღებდა კამერული ორკესტრი რევაზ ტაკიძის დირიჟორობით. ორკესტრის აკომპანიმენტით შესრულდა კომპოზიტორის ახალი ნაწარმოებები: "აქტრისა მარგარიტა", "სიმღერა უსიტყვოდ", "ზღაპრული სიუიტა", "პეპი გრძელი წინდა", "რეგთაიმი" და სხვა...

    კონცერტებზე პირველად შესრულდა კახა ცაბაძის სამნაწილიანი კონცერტინო, ახალ კრებულ "პირველი ნაბიჯების" 35-ვე პიესა, "ფოთოლცვენაა მთელი ცხოვრება" სოპრანოსა და ინსტრუმენტული ტრიოსათვის ქეთი შენგელიას ლექსებზე.

    ალოიზ მიზანდარის სახელობის სკოლის კონცერტში მონაწილეობდნენ პედაგოგ მაია ჯინჭველაშვილის მოსწავლეები, ასევე - ოპერის სოლისტები ელენე ჯანჯალია და ნათია სტეფანიშვილი, კომპოზიტორთა კავშირის ინსტრუმენტული ტრიო მაია ჯინჭველაშვილის, ქეთი თავშავაძისა და ია ბახტაძის შემადგენლობით.

    მთვარისა ყიფიანი (თბილისის იპოლიტოვ-ივანოვის სახელობის მეექვსე ხელოვნების სკოლის პედაგოგი): "ჩვენ სკოლას ხანგრძლივი და ნაყოფიერი შემოქმედებითი ურთერთობა აკავშირებს კახა ცაბაძესთან, მისი თავმდაბლობა, პიროვნული ღირსებები კიდევ უფრო ფასეულს ხდის ჩვენთვის მის ნაწარმოებებს. ამასწინათ ბატონმა კახამ მოკრძალებით მთხოვა, თუ შეგიძლიათ მოუსმინოთ ჩემს რამდენიმე ახალ პიესასო. ძალიან მომეწონა, ამიტომაც ვუთხარი - რამდენიმე კი არა, ყველას, 35 პიესას ჩვენი მოსწავლეები შეასრულებენ-მეთქი. ამ არაჩვეულებრივი კრებულის წარმატებული პრეზენტაციაც შედგა, რაც უდიდესი საჩუქარია ბავშვებისათვის. ბავშვებისათვის მხოლოდ რამდენიმე კომპოზიტორი წერს, კახა ძალიან გვანებივრებს თავისი ქმნილებებით, ჩვენი მოსწავლეები კომპოზიტორის ახალი ნაწარმოებების პირველი შემსრულებლები არიან. მიხარია, რომ კონცერტის დასრულების შემდეგ დიდი ემოცია გამოჰყვათ ბავშვებს, წარმოუდგენელი სიამაყე და სიხარულია მათთვის, როცა ისინი ცოცხალი კომპოზიტორის წინაშე უკრავენ, ეს ბავშვებისთვის ნამდვილი ზეიმია. სწორედ ამ ზეიმებით გვანებივრებს ბატონი კახა. ეს ულამაზესი ეპიზოდებია ბავშვების მეხსიერებაში სამუდამოდ დაილექება".

    მაია ჯინჭველაშვილი (ალოიზ მიზანდარის სახელობის ხელოვნების სკოლის პედაგოგი): "კახა ცაბაძის საიუბილეო თარიღს მივუძღვენით კონცერტი ჩემი მოსწავლეებისა და მეგობრების მონაწილეობით. შესრულდა არაერთი პრემიერა, ჯერ კიდევ ზაფხულში ვნახე კახა ცაბაძის ახალი პიესების კრებული "პირველი ნაბიჯები". სწორედ მაშინ დამებადა იდეა, გამეკეთებინა კლასის კონცერტი, ბოლო დრომდე ამ იდეას სიურპრიზად ვინახავდით, მხოლოდ კონცერტის წინ გავუმხილეთ ბატონ კახას ჩვენი იდეა. მან დიდი სიხარულითა და გულისყურით მოისმინა ჩვენი ნამუშევარი.

    ბატონი კახას პიესები ერთი თავისებურებით გამოირჩევა - ყველა მათგანი ხატავს ბავშვის ყოფას, მის განწყობებს - სიხარულს, მწუხარებას, თამაშის ხასიათს... რაც ყველაზე საგულისხმოა, არც ერთ მათგანს სათაური არ აქვს, რაც კიდევ უფრო ფართოდ უშლის საზღვრებს ბავშვის ფანტაზიას. ბავშვებმა საკმაოდ დიდი ხალისით თავად დაასათაურეს პიესები თავიანთი ასოციაციური წარმოსახვითი განწყობების შესაბამისად.

    ამ ნაწარმოებებში ჩანს ბატონ კახას შინაგანი ბუნება, ის ხალისიანი განწყობები, პოზიტივი, რაც ბავშვებისათვის საკმაოდ მიმზიდველია. მიხარია, რომ ჩემმა მოსწავლეებმა იოლად დაინახეს კახა ცაბაძის შემოქმედების ის პოზიტიური ქვეტექსტები, რაც ნოტების უკან იმალება".

    ელიზბარ ლომდარიძე (კომპოზიტორი): "კახა ცაბაძე ძალიან მაღალი რანგის კომპოზიტორია, შესანიშნავად იცის საორკესტრო ხელოვნება, კარგად გრძნობს ფაქტურას, პოულობს იმპულსურ ინტონაციებს. ეს ყველაფერი მისი ხალასი ნიჭის შედეგია, კონცერტინო სწორედ ამ კუთხით არის საინტერესო, შესანიშნავი ორკესრირება, მელოდიზმი, ლირიკა... ეს ყველაფერი მთლიანობაში ქმნის ძალიან საინტერესო ნაწარმოებს... ეს არ არის ავანგარდული სფერო - ეს ცალსახად ბავშვების სამყაროა... კახა ბავშვების სამყაროს სიღრმისეულად სწვდება, მისი უშუალო დამოკიდებულებები ცალსახაა, თუმცა ეს ყველაფერი საკმაოდ რთული ფორმებითაც ხასიათდება - იყო უშუალო და თავი დააღწიო პრიმიტივიზმს - სწორედ ესაა ურთულესი ნებისმიერი კომპოზიტორისათვის.

    კახამ შეგნებულად აიღო გეზი იმ ნაწარმოებებზე, რომლებიც ერს სჭირდება, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ნაწარმოებები არაა ფინანსურად მომგებიანი... ეს კიდევ ერთი დასაფასებელი მომენტია კახა ცაბაძის შემოქმედებისა. ამ ყველაფერს ბავშვები გრძნობენ და არც მიკვირს, რომ პატარებს ძალიან უყვართ კახას შემოქმედება და ხალისით ასრულებენ კიდეც..."

    ვაჟა აზარაშვილი (კომპოზიტორი): "კახა ცაბაძის კონცერტინო პირველად კომპიუტერული ვერსიით მოვისმინე. საორკესტრო შესრულებისას შესანიშნავად გაჟღერდა ნაწარმოები... ვფიქრობ, რომ კონცერტინიო საკმაოდ იოლად მოიპოვებს პოპულარობას და უამრავი შემსრულებელი ეყოლება... დარწმუნებული ვარ, კონცერტინო საქართველოს ფარგლებს გარეთაც შესრულდება. მისი მელოდიურობა, ჟანრის შინაგანი წვდომა, ახალგაზრდული ინტონაციები და სამნაწილიანი შეკრული საინტერესო ფორმატი მიმზიდველს ხდის ნაწარმოებს ნებისმიერი შემსრულებლისათვის".

    რეზო ტაკიძე (დირიჟორი): "უდიდესი სიამოვნება მივიღე კახა ცაბაძის ნაწარმოების საორკესტრო შესრულებით... მათთვის, ვისთვისაც კონცერტინოა დაწერილი, ნამდვილი საჩუქარია. ასეთი ფორმატის ნაწარმოებებს ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის ბევრს ვერ შეხვდებით. კონცერტინო დაწერილია დიდი ოსტატობით. ნაწარმოებში აშკარად ჩანს კახა ცაბაძის თბილი დამოკიდებულება ახალგაზრდობისადმი და ეს ყველაფერი ქმნის არაჩვეულებრივად საზეიმო განწყობილებას. კახა ცაბაძის პროფესიონალიზმი და მრავალმხრივობა ძალიან კარგად ჩანს კონცერტინოს განსხვავებული სტილის სამ ნაწილში, რაც ერთიან დრამატურგიას ქმნის... ის, ვინც ამ ნაწარმოებს შეასრულებს, ვფიქრობ საკმაოდ იოლად დაინახავს საკუთარ პროფესიულ შესაძლებლობებს, საშემსრულებლო პოტენციალს... ნებისმიერ მუსიკალურ სკოლას ვურჩევ, რეპერტუარში შეიტანონ კონცერტინო..."

    გოგა შავერზაშვილი (კომპოზიტორი, კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე): "კახა ცაბაძეს ახალგაზრდული მუსიკის შექმნის განსაკუთრებული ნიჭი აქვს. მან კარგად შეძლო პატარების აზროვნების ურთულეს ნიუანსებში წვდომა და ყველაფერი ეს გამოხატა მუსიკალურ ბგერებში. სწორედ ამიტომაა კონცერტინო (და არა მარტო კონცერტინიო) გასაგები ბავშვებისათვის, ეს ყველაფერი მაღალი პროფესიონალიზმითაა წარმოდგენილი. კონცერტინოში კარგად ჩანს ეროვნული ფესვები, არის ბუნებრივი მუსიკა, ინტონაციები მეტად ხალასია და ეს ყველაფერი სწორედ იმ გენეტიკის შედეგია, საკომპოზიციო რეალობაში ცაბაძეების კლასი რომ შეიძლება, ვუწოდოთ. პირველივე მოსმენისას გამოარჩიო და შეიყვარო ნაწარმოები, ეს ნებისმიერი კომპოზიტორისათვის საოცნებოა, კახა და გოგი ცაბაძეების შემოქმედებას სწორედ ეს შტრიხი გასდევს სავიზიტო ბარათად. კონცერტინო ისეთი რანგის ნაწარმოებია, სადაც შემსრულებელი საკუთარ შესაძლებლობებს იოლად დაინახავს... ეს კიდევ ერთი დასტურია კახა ცაბაძის მაღალი დონის საკომპოზიციო ხელოვნებისა".

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×