ია აბულაშვილი
13.12.2019

 საქართველოში სიონის სახელობის მრავალი ტაძარია აგებული და ყველა ღვთისმშობლის მიძინების სახელობისაა, მათგან განსაკუთრებული ისტორიული მნიშვნელობის თბილისის სიონის საკათედრო ტაძარია, რომელიც მეექვსე საუკუნეში ქართლის ერისმთავრის გურამ კურაპალატის დროს დაიწყო და მეშვიდე საუკუნის 20-იან წლებში ადარნასე ერისმთავრობის დროს დასრულდა.

თბილისის სიონის ტაძარში ინახება მართლმადიდებლთა უმნიშვნელოვანესი სიწმინდეები - ჯვარი ვაზისა, რომელიც წმინდა ნინოს იერუსალიმში ღვთისმშობლემა გადასცა; ტაძრის კანკელის სამხრეთ კედელში წმინდა თომა მოციქულის თავის ქალა ასვენია; ტაძარში ინახება წმინდა დავით გარეჯელის მიერ იერუსალიმიდან ჩამოტანილი სასწაულმოქმედი მადლის ქვა. ასევე უნიკალური ხატები, მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი, ივერიის ყოვლაწმინდა ღვთისმშობლისა და სიონის ღვთისმშობლის, წმინდა ბარბარეს, წმინდა ნინოს, წმინდა გიორგის, წმინდა ნიკოლოზის, წმინდა სერაფიმე საროველის ხატები.

სიონის ტაძარმა უამრავი ჭირ-ვარამი გამოიარა. მრავალჯერ დაანგრია და დაარბია მტერმა. თავდაპირველი სახით შენობა არ შემოგვრჩა, სავარაუდოდ იგი განაახლა 1122 წელს, თბილისის აღების შემდეგ, დავით აღმაშენებლმა.

მტრის მიერ განადგურებას ვერ გადაურჩა ტაძრის მშვენება სიონის ღვთისმშობლის ხატი. 1522 წელს შაჰ-ისმაილმა ტაძარი გაძარცვა, ღვთისმშობელს მოხსნა ძვირფასეულობა და მტკვარში გადააგდო. მტკვრის მარცხენა სანაპიროზე კახელმა მწყემსა იპოვა და კახეთის მეფეს ლეონ პირველს მიართვა, რომელმაც ხატი ძვირფასეულობით ისევ შეამკო და სიონის ტაძარში დაასვენა. 1724 წელს ხატი ისევ გაძარცვა და მტკვარში ჩააგდო კახეთის მეფემ კონსტანტინე-მაჰმუდ ყული ხანმა, რის შემდეგაც ხატი დაიკარგა. ამ ამბის გაგების შემდეგ ვახტანგ მეექვსის ვაჟმა, ბატონიშვილმა გიორგი ბაგრატიონმა და მისმა მეუღლემ მარიამ დოლგორუკოვამ 1762 წელს ხატის ნამდვილი პირის მიხედვით ხატის ასლი დაამზადებინეს და ძვირფასი პერანგით შემოსილი სიონის ტაძარს შესწირეს.

1795 წელს აღა-მაჰმად ხანის შემოსევისას ხატი დაღუპვას გადაარჩინა ტაძრის დეკანოზმა, მწიგნობარმა და კალიგრაფმა იოანე ოსეშვილმა, რომელმაც ზურგით გახიზნა ხატი თბილისიდან. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ კი ბოლშევიკებმა ხატს ძვირფასეულობასთან ერთად ძვირფასი პერანგიც მოხსნეს და გაიტაცეს. დღეს სიონის ღვთისმშობლის ხატი ისევ ტაძარშია დასვენებული, რომელიც ვერცხლის პერანგით არის შემოსილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×