ია აბულაშვილი
17.12.2019

 მართლმადიდებელი ეკლესია დიდმოწამე ქალწულის ბარბარეს ხსენების დღეს 17 დეკემბერს აღნიშნავს. წმინდა ბარბარე ბავშვების მფარველია და მას ევედრებიან ყრმათა განკურნებას, ასევე შვილიერებას და უზიარებელი სიკვდილისაგან დაცვას.

საქართველოში წმინდა ბარბარეს უძველესი დრიდან სცემდნენ თაყვანს. მარტო თბილისში ბარბარეს სახელობის ხუთი ტაძარია აშენებული, მათგან პირველი მერვე საუკუნეში ააგეს, რომელიც ქვითკირისგან ნაგები ერთნავიანი ბაზილიკის ტიპის იყო.

წმინდა ბარბარეს ეკლესია შედიოდა დეკანოზ პეტრე არდაზიანის საბლაღოჩინოში (ცნობილი ქრთველი მწერლის ლავრენტი არდაზიანის ძმა). ქართველ დიდგვაროვან ოჯახს სუმბათაშვილებს ამ ტაძრის გაფართება განუზრახავთ, ეს იყო 1827 წელს. 1834 წელს სუმბათაშვილების ქვრივს მელანიას თხოვნით მიუმართავს საქართველოს ეგზარქოსისთვის ეკურთხებინათ ბარბარეს განახლებული ტაძარი.

ბარბარეს სახელობის ეკლესიაში მოღვაწეობდნენ ცნობილი ქართველი მღვდელმთავრები, მათ შორის შემდგომში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ მეორე. გადმოცემის თანახმად, ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ, ეფრემ მეორე პირველად ამ ტაძარში მისულა და ჩოქვით შემოუვლია ტაძრისთვის. რამდენადც გასაკვირი არ უნდა იყოს, წმინდა ბარბარეს ეს ტაძარი საბჭოთა პერიოდშიც ფუნქციონირებდა და მას მრევლი არასდროს არ აკლდა.

წმინდა ბარბარე ცხოვრობდა და ეწამა იმპერატორ მაქსიმიანეს დროს (305-311წ). ბარბარე დაიბადა ფინიკიის ქალაქ ილიოპოლისში მდიდარ და წარჩინებულ ოჯახში. მისმა მამამ დიოსკორემ მშვენიერი ქალიშვილისთვის კოშკი თავის მამულში ააშენა და სხვების თვალის მოსარიდებლად ზრდიდა. ერთხელაც ალექსანდრიიდან ილიოპოლისში ვაჭრის სამოსში გადაცმული მღვდელმთავარი ჩავიდა და ბარბარე მალულად, ქრისტიანულად მონათლა.

დიოსკორე კოშკის მახლობლად მდიდარ აბანოს აშენებდა, მისი ბრძანებით ხელოსნებმა აბანოს სამხრეთ კედელში ორი სარკმელი გამოჭრეს, ბარბარამ ისარგებლა მამის შინ არ ყოფნით და ხელოსნებს წმინდა სამების სიმბოლოდ მესამე სარკმელი გამოაჭრევინა. აბანოს შესასვლელში თავისი ხელით ჯვარი გამოსახა, აბანოს ქვის საფეხურზე კი საკუთარი ნაფეხური აღბეჭდა. რამდენიმე ხნის შემდეგ ამ ადგილას უკვდავების წყალმა ამოხეთქა, რომლითაც ბარბარე დაწყლულებულ ავადმყოფებს კურნავდა.

დიოსკორემ ქალიშვილის გაქრისტიანების ამბავი რომ გაიგო სასტიკად განრისხდა და ბარბარესთვის თავის მოეკვეთა უნდოდა, ბარბარე მამას გაექცა და მთას მიაშურა, უცბად მთა გაიხსნა და ბარაბარე ნაპრალში შეიფარა. დიოსკორემ მწყემსების დახმარებით მიაგნო ბარბარეს, ჯერ დილეგში ჩააგდო, შემდეგ კი ქალაქის თავს მარტიანეს გადასცა. მარტიანეს ბრძანებით ბარბარე აწამეს, საკუთარმა მამამ კი ბარბარეს თავი მოჰკვეთა. ამ დროს ციდან ელვის სახით ცეცხლი გადმოვიდა, დიოსკორე და მარტიანე დაიწვა.

ბარბარეს წმინდა ნაწილებზე მრავალ ქვეყანაში აიგო ტაძარი, სადაც მორწმუნეები წმინდა ბარბარეს შავი ჭირისაგან განკურნებას, უეცარი სიკვდილისგან, მეხისგან და ცეცხლისგან დაცვას სთხოვდნენ.

305-311 წლებში იმპერატორ მაქსიმილიანეს დროს წამებული ბარბარეს წმინდა ნეშტი თავდაპირველად ღვთისმოსავმა ვალენტიანმა დაკრძალა ქალაქ ილიოპოლისში და აქ ეკლესია ააგო. მეექვსე საუკუნეში ბარბარეს წმინდა ნაწილები კონსტანტინეპოლში გადაასვენეს, სადაც მე-11 საუკუნის ბოლმდე იმყოფებოდა. მე-12 საუკუნეში ბიზანტიის იმპერატორის ალექსი კომენოსის ქალიშვილმა, რომელმაც კიევის მთავარზე იქორწინა, ბარბარეს წმინდა ნაწილები კონსტანტინეპოლიდან კიევში გადაასვენა. დღეს ბარბარეს წმინდა ნაწილები კიევის ლავრაშია დაკრძალული.

1983 წელს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის თხოვნით, კიევის მაშინდელმა მიტროპოლიტმა ფილარეტმა საქართველოს საჩუქრად გადმოსცა წმინდა ბარბარეს ნეკა თითის ნაწილი, რომელიც ბარბარეს სახელობის ეკლესიაში ინახება, წმინდა ბარბარეს ხატი, კი რომელიც რამდენიმე წლის წინ საქართველოში ჩამოაბრძანეს, საპატრიარქოშია დაბრძანებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×