ია აბულაშვილი
24.12.2019

ქართული ქრისტიანული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონუმენტი, პეტრიწონის მონასტერი, რომელიც ბულგარეთის დედაქალაქ სოფიიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს, ერთ-ერთი უძველესი მართლმადიდებელი ეკლესიაა აღმოსავლეთ ევროპაში. ეს უნიკალური სამონასტრო კომპლესი 1083 წელს დაარსა ცნობილმა ქართველმა სახელმწიფო მოღვაწემ და სამხედრო მეთარმა ბიზანტიის კარზე გრიგოლ ბაკურიანის ძემ. მანვე შეუდგინა მონასტერს ტიპიკონი ქართულ და ბერძნულ ენებზე.

პეტრიწონის სამონატსრო კომპლექსში შედის ღვთისმშობლის მთავარი ტაძარი, იოანე ნათლისმცემლის და წმინდა გიორგის ეკლესიები. დაცულ სიწმინდეებს შორის კი ყველაზე დიდი სიწმინდე ლუკა მახარობლის მიერ დაწერილი ღვთისმშობლის საკვირველმოქმედი ქართული ხატია, რომელიც ბულგარეთში პეტრიწონის ღვთისმშობლის მიძინების სავანეში საქართველოდან ჩამოაბრძანეს.

ერთი ვერსიით, ხატი საქართველოდან ბულგარეთში მოხვდა გრიგოლ ბაკურიანის ძის მოღვაწეობის დროს. მეორე ვერსიით კი, 1311 წელს ხატი ტაოელმა ძმებმა ათანასემ და ოქროპირმა პეტრიწონის მონასტერს შესწირეს.

ღვთისმშობლის ხატი ორივე მხრიდან მოჭედილია მოოქროვილი ვერცხლით. ხატის პერანგზე ასომთავრულით შესრულებულია წარწერა, 1311 წლით დათარიღებული, რომელიც ადასტურებს, რომ მე-14 საუკუნეში პეტრიწონის მონასტერი ქართველთა გამგებლობაში იყო.

პეტრიწის მონსტერში ბერად შემდგარი ძმები ათანასე და ოქროპირი ტაოელი ქართველები არიან. ღვთისმშობლის ქართული ხატი სასწაულებრივად გადაურჩა ხანძარს, როდესაც მონასტრის მთელი სიწმინდეები და განძულობა განადგურდა.

პეტრიწონის მღვდელმსახურის კლიმენტი რილელის გადმოცემით, თურქთა შემოსევის დროს, 1363-1393 წლებში, ბერებმა ხატი პეტრიწონის მახლობლად მდებარე ერთ კლდოვან ადგილას გახიზნეს და გადამალეს, რომელსაც კლუბია ერქვა. მე-17 საუკუნეში, როდესაც მონასტრის აღდგენა დაიწყეს, ერთმა მწყემსმა კლუბიის გამოქვაბულში გადამალული ხატი აღმოაჩინა. 1604 წლის აღდგომა დღეს ღვთისმშობლის ქართული ხატი დიდი საკელესიო პროცესიით მონასტერში გადმოაბრძანეს და განახლებულ ტაძარში დაასვენეს, ტაძრის ცენტრალურ ადგილას. ხატის აღმოჩენის ადგილზე კი ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია ააშენეს, რომელსაც დღეს ბულგარეთში მთავარანგელოზის ტაძარს ეძახიან.

ხატის დღესასწაული ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს აღინიშნება. ყოველ წელს აღდგომის მეორე დღეს, ეწყობა ღვთისმშობლის ხატით მსვლელობა და ხატს კლუბიაში მიასვენებენ, შემდეგ პეტრიწონის ეკლესიაში აბრუნებენ. დღემდე ქართულ ხატთან მოსალოცად მოდიან მთელი ბულგარეთიდან მომლოცველები და შემწეობას სთხოვენ.

ქართული ხატის სასწაულების აღსანუსხავად მონასტერში საგანგებო წიგნი ინახებოდა, რომელსაც „კონდიკა" ეწოდებოდა. 1999 წელს მონასტრის ბიბლიოთეკაში გაჩენილმა ხანძარმა იმსხვერპლა მრავალი რელიქვია და მათ შორის წიგნიც, რომელშიც ღვთისმშობლის სასწაულები იყო აღწერილი. თუმცა დღემდე მრავლად არიან ცოცხალი მემატიანეები, დამადასტურებელნი პეტრიწონის ღვთისმშობლის ქართული ხატის საკვირველმოქმედებისა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×