ია აბულაშვილი
29.12.2019

პირველი დიდი სიწმინდე, რომელიც მცხეთაში ისრაელიდან ნაბუქოდონოსორს გამოქცეულმა ებრაელებმა ჩამოიტანეს, წმინდა ელია წინასწარმეტყველის ხალენია. ეს სიწმინდე დღეს სვეტიცხოველში ქრისტეს კვართის სიახლოვეს არის დაცული და წმინდა ელია წინასწარმეტყველის სახელობის ეკვდარშია ჩასვენებული.

ისტორიულ წყაროებში ელია წინასწარმეტყველის ხალენის საქართველოში ჩამობრძანების შესახებ ცნობები არ მოგვეპოვება, მაგრამ „ქართლის მოქცევაის“ თანახმად, ხალენი იმ ადგილას დაფლეს, რომლის სიახლოვესაც შემდეგ მაცხოვრის კვართი დაუმარხავთ. აქვეა წმინდა ნინოს დროინდელი ელია წინასწარმეტყველის სახელზე ნაკურთხი ჭა. 

„მოქცევაიში“ ასევე აღნიშნულია, რომ სიდონიას ქრისტეს კვართის დაკრძალვამდე თავის მამისგან, აბითარისგან სცოდნია ადგილი, სადაც ოდესღაც დაუმარხავთ წინასწარმეტყველ ელიას ხალენი.

ელია თეზერბიტელი ერთ-ერთი უდიდესი წინასწარმეტყველია,  რომელიც ქრისტეს შობამდე ცხრაასი წლის წინ ცხოვრობდა. წოდება თეზერბიტელი მისი მშობლიური ქალაქის, თეზბას სახელს უკავშირდება, რომელიც, ერთ-ერთი ვერსიით, გალილეაში მდებარეობდა. 

ეპიფანე კვიპროსელის ცნობით, როცა ელია დაიბადა, მამამისს ხილვა ჰქონია - კეთილსახიერი ჭაბუკნი ცეცხლის ალში ხვევდენ ახალშობილს და ცეცხლით კვებავდნენ. 

ელია წინასწარმეტყველი ბავშვობიდან ღვთისმოსავი იყო. ძველი წელთაღრიცხვის 869 წელს ისრაელში გამეფდა ურჯულო მეფე ახაბი, რომელიც კერპთაყვანისმცემელი იყო. ამ დროს ისრაელში ცხოვრობდა ელიაც, რომელიც ყველას მოუწოდებდა ღმრთისკენ მოქცევას. ახაბი სდევნიდა ელიას. უფალმა მას უბრძანა, უდაბნოში გახიზნულიყო.  ღვთის ნებით ყორანი უზიდავდა დილა-საღამოს ელიას პურს, წყალს კი იქვე ნაკადულიდან სვამდა.

გადმოცემის თანახმად, წინასწარმეტყველი ელია ცეცხლოვანი ეტლით ზეცად აიყვანეს. მან თავისი მოსასხამი - ხალენი მის მოწაფე ელისეს გადმოუგდო და ელია წინსაწარმეტყველის მადლი წმინდა ელისეზე გადავიდა. ამბობენ, რომ მეორე მოსვლის ჟამს ანტიქრისტეს სამხილებლად ელია წინასწარმეტყველი ენოქთან ერთად დაბრუნდება.

ქრისტიანულ ხატწერაში ელია წინსწარმეტყველის ცხოვრების სხვადასხვა ეპიზოდია ასახული, მახვილით შეირაღებული კარმელის მთასთან; „ფერისცვალების“ სიუჟეტებში, სადაც ერთ მხარეს გამოსახულია ელია წინასწარმეტყველი, მეორე მხარეს - მოსე. 

რაც შეეხება წმინდა ელიას ხალენს, ისტორიულ წყაროებში აღწერილი არ არის, გვხვდება მხოლოდ ძველ აღთქმაში, უფლის გამოცხადების ჟამს, როცა ელიამ „დაიფარა პირი თავისი ხალენით“.  ერთ-ერთი წყაროს თანახმად კი, მაცნეებს გზაში შეხვედრიათ ელია წინასწარმეტყველი, რომელსაც ეცვა „ტყუავის სამოსი, წელს ერტყა ტყუავის სარტყელი“. მსგავს სამოსს ატარებდა იოანე ნათლისმცემელიც.  

ელია წინასწარმეტყველის ხალენი არ იყო ჩვეულებრივი სამოსი, მას ჰქონდა სიმბოლური დატვირთვა და სასწაულებს ახდენდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×