ტატა შოშიაშვილი
07.01.2020

2019 წელი მეცნიერული მიღწევებითა და აღმოჩენებით განსაკუთრებით მდიდარი იყო და ხშირ შემთხვევაში მათგან ყველაზე მნიშვნელოვანის გამოყოფა საკმაოდ რთულია. თუმცა, პორტალმა Naked Science სხვადასხვა აკადემიურ სამეცნიერო გამოცემებზე დაყრდნობით წლის მთავარი აღმოჩენების რეიტინგი შეადგინა, რომელიც მეცნიერების სხვადასხვა დარგებს მოიცავს გენეტიკიდან ასტროფიზიკამდე.

10. ადამიანის ფარული წინაპარი

მეცნიერული კვლევებით აქამდეც დადასტურებული იყო, ადამიანის სხვადასხვა სახეობის წარმომადგენლები წარსულში აქტიურად ეჯვარებოდნენ ერთმანეთს და ამის შედეგად ჩნდებოდნენ სიცოცხლისუნარიანი ჰიბრიდები. მაგალითად, თანამედროვე ევროპეიდების უმრავლესობა ნეანდერტალელების გენებს ატარებს, მონღოლოიდებში კი, ამერიკის კონტინენტის აბორიგენული მოსახლეობის გამოკლებით, ასევე ხშირად გვხვდება ე.წ. დენისოველი ადამიანის გენები.

2019 წელს ჩატარებული კვლევევბით კი დადგინდა, რომ არსებოს კიდევ ერთი წინაპარი, რომლის შესახებაც პრაქტიკულკად არაფერია ცნობილი. ამ სახეობის ადამიანის ნამარხი ნაშთები ჯერ არ აღმოუჩენიათ. მის გენებს კი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისა და იკეანიის თანამედროვე მცხოვრებლები ატარებენ.

9. „ორმაგი“ ასტეროიდი

2019 წლის იანვარში ამერიკული კოსმიური ზონდი New Horizons ასტეროიდ ულტიმა ტულეს მიუახლოვდა მის მიერ გადაღებული ფოტოები მეცნიერთათვის დიდი მოულოდნელობა იყო. აღმოჩნდა, რომ ულტიმა ტულე, რომლის ზომაც 32X16 კმ-ია, ე.წ. ორმაგი კონტაქტური სხეულების კლასს განეკუთვნება.

ორმაგი კონტაქტური სხეულები ორი ნაწილისგან შემდგარი კოსმიური ობიექტებია. ეს ნაწილები წარსულში დამოუკიდებელი ობიექტები იყვნენ და შემდეგ, გარკვეულ გარემოებათა გამო, მათი შერწყმა მოხდა.

8. 50 000 წლის წინანდელი მეზღვაურები

2019 წელს გამოქვეყნებული კვლევით საბოლოოდ დადასტურდა, რომ 2007 წელს ფილიპინებზე აღმოჩენილი ადამიანის ნამარხი ნაშთები აქამდე უცნობი სახეობის ადამიანს ეკუთვნის, რომელიც 50 000 წლის წინ ცხოვრობდა. მეცნიერებმა მას ლუსონელი ადამიანი (Homo luzonensis) უწოდეს. 

ეს აღმოჩენა იმითაა მნიშვნელოვანი, რომ კუნძული ლუსონი პრაქტიკულად ყოველთვის, დიდი გამყინვარების დროსაც კი, მატერიკიდან ვრცელი ზღვითა და სწრაფი დინებებით იყო გამოყოფილი და მასზე მოხვედრა ლუსონელი ადამიანის წინაპრებს მხოლოდ პრიმიტიული ტივებით შეეძლოთ. შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ 50 000 წლის წინ ადამიანებს მეტნაკლებად უკვე ათვისებული ჰქონდათ ზღვაოსნობა.

7. შავი ხვრელის პირველი ფოტო

მასიური შავი ხვრელი М87 დედამიწიდან 55 მლნ სინათლის წელიწადითაა დაშორებული. ეს არა უშუალოდ შავი ხვრელის, არამედ შავი ხვრელის სილუეტის ფოტოა, რომელიც თავის გარშემო გავარვარებული გაზისა და კოსმიური მტვერის მასას იწოვს. მისი გადაღება მძლავრი რადიოტელესკოპების სისტემა Event Horizon Telescope-ის საშუალებით მოხერხდა, რომელიც დედამიწის სხვადასხვა წერტილში განლაგებული და ერთმანეთთან დაკავშირებული 11 რადიოტელესკოპისგან შედგება.

6. როგორ გაანადგურა ჰომო საპიენსმა ნეანდერტალელი

2019 წლის შემოდგომაზე იტალიაში აღმოჩენილმა ისრის ბუნიკებმა, როგორც ჩანს, საბოლოო წერტილი დაუსვა მეცნიერთა დავას იმის შესახებ, თუ როგორ შეძლეს ევროპაში ახალმოსულმა ჩვენმა უშუალო წინაპრებმა - ჰომო საპიენსებმა მოკლე დროში თავისი მთავარი კონკურენტების - ნეანდერტალელების სრული განადგურება.

ნაპოვნი ბუნიკების ასაკი 40-45 ათასი წელია და ეს ევროპაში პირველი ჰომო საპიენსის გამოჩენას ემთხვევა. ამასთან, დადასტურებულია, რომ გამოქვაბულში, სადაც ქვის ბუნიკები იპოვეს, სწორედ ჰომო საპიენსი ბინადრობდა. ეს მიუთითებს, რომ ჰომო საპიენსს უკვე მაშინ ჰქონდა მშვილდ-ისარი და შესაბამისად, სამხედრო თვალსაზრისი მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური უპირატესობა ნეანდერტალელთან, რომელიც ფიზიკურად მასზე ძლიერი იყო, თუმცა ერთადერთ საბრძოლო იარაღად შუბს იყენებდა.

5. ისტორიაში პირველი ვარსკვლავთშორისი კომეტა

2019 წელს კაცობრიობამ პირველად დააფიქსირა კომეტა, რომელიც მზის სიტემის გარეთ მოძრაობს. აღსანიშნავია, რომ იგი აღმოაჩინა მოყვარულმა ასტრონომმა - 65 წლის გენადი ბორისოვმა რუსეთიდა, თანაც მისივე აწყობილი 65-სმ-იანი ტელესკოპით. კომეტას 2I/Borisov უწოდეს.

4. ებოლას ვაქცინა

2019 წლის შემოდგომაზე კანადელ მეცნიერთა ჯგუფმა პირველად შეძლო ერთ-ერთი ყველაზე საშიში ვირუსული დაავადების - ებოლას საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნა, რომელიც მანამდე უკურნებლად ითვლებოდა. წამალი Ervebo უკვე წარმატებით გამოიყენება აფრიკის იმ რეგიონებში, სადაც ებოლაა გავრცელებული და მისი ეფექტიანობა წელს ევროპოს სამედიცინო სააგენტომაც დაადასტურა. თუმცა, იგი ბოლომდე სრულყოფილი არ არის - შემთხვევათა 2.5%-ში Ervebo ავადმყოფილს განკურნებას ვერ ახერხებს.

3. შავი ხვრელისა და ნეიტრონული ვარსკვლავის შერწყმა

აშშ-ში მდებარე გრავიტაციულმა ინტერფერომეტრმა LIGO 2019 წლის აგვისტოში იშვიათი კოსმიური მოვლენით გამწვეული გრავიტაციული ტალღები დააფიქსირა. ამგვარი ტალღები ორი კომპაქტური, მაგრამ განსაკუთრებით დიდი მასის სხეულის ერთმანეთთან დიდი სიჩქართ მიახლოებისას წარმოიქმნება.

ამ შემთხვევაში გამოთვლებით დადგინდა, რომ ერთი ობიექტის მასა 5 მზის მასის ტოლი იყო და შესაბამისად, ეს შეიძლებოდა ყოფილიყო მხოლოდ შავი ხვრელი, რადგან რომელიმე სხვა კომპაქტურ კოსმიურ სხეულს ასეთი დიდი მასა ვერანაირად ვერ ექნება. მეორე ობიექტის მასა კი 2.5 მზის მასის ტოლი იყო, რაც მხოლოდ ნეიტრონული ვარსკვლავის პარამეტრებში ჯდება.

მათი შერწყმა დედამიწიდან 900 მლნ სინათლის წელიწადის დაშორებით მოხდა.

2. მიწისქვეშა ზღვა მარსზე

მარსზე ამჟამად მოქმედმა სტაციონარულმა აპარატმა Insight მაგნიტომეტრიული კვლევებით პლანეტის ზედაპირის ქვეშ ჯერჯერობით დაუდგენელი შრე აღმოაჩინა, რომელიც ელექტროობას ატარებს. მისი სიგანე 4 კმ-ია და გამომდინარე იქიდან, რომ მარსი განსაკუთრებული გეოლოგიური აქტოვობით არ გამოირჩევა, მეცნიერთა უმრავლესობას ამ მოვლენის მხოლოდ ერთი ახსნა აქვს - ეს არის თხევადი წყლის მასა მაში გახსნილი მარილებით. ანუ, შესაძლებელია მარსის ზედაპირის ქვეშ ნამდვილი ვრცელი ზღვა იყოს განლაგებული.

ამ ინფორმაციამ რამდენიმე თვის წინ გაჟონა მედიაში, თუმცა NASA მას ოფიციალურად ჯერჯერობით არც ადასტურებს და არც უარყოფს.

1. ჟანგბადი და შესაძლო ცოცხალი ორგანიზმები მარსზე

ეს ინფორმაცია NASA-ს მიერ ოფიციალურად დასტურდება. 2019 წელს სწორედ NASA-ს კვევებით დადგინდა არა მხოლოდ ჟანგბადის გარკვეული რაოდენობის არსებობა მარსის ატმოსფეროში, არამედ მისი შემცველობის კანონზომიერი და ჯერჯერობით აუხსნელი ცვლა.

უფრო კონკრეტულად, უშუალოდ პლანეტის ზედაპირის სიახლოვეს მარსული გაზაფხულის დადგომასთან ერთად ჟანგბადის შემცველობა მკვეთრადზრდება და ასეთად რჩება მთელი გაზაფხული-ზაფხულის განმავლობაში, შემოდგომა-ზამთარში კი მკვეთრად კლებულობს.

დამაჯერებელი მეცნიერული ახსნა ამ ფენომენს არ აქვს. არაორგანული ქიმიური პროცესებისას ჟანგბადი, როგორც წესი, სრულიად საპირისპიროდ იქცევა - მაღალი ტემპერატურის პირობებში წვის და დაჟანგვის გზით უფრო აქტიურად შედის რეაქციაში სხვა ნოვთიერებებთან და, შესაბამისად, მისი კონცენტრაცია კლებულობს.

ამ ეტაპზე ყოველივე ამის ასახსნელად ყველაზე პერსპექტიულ თეორიად ითვლება მარსზე ორგანული სიცოცხლის არსებობა. დედამიწაზეც არც ისე დიდი ხნის წინ აღმოაჩინეს ბაქტერიების ორი ჯგუფი, რომელთაც შეუძლიათ ფოტოსინთეზის გარეშე ჟანგბადის გრკვეული რაოდენობის წარმოქმნა და გამორიცხული არაა, ასეთი ცოცხალი ორგანიზმები მარსზეც არსებობდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×