ია აბულაშვილი
09.01.2020

 "ამას ზეით არის ვარძიას მონასტერი, კლდესა შინა და გამოკვეთილი, სენაკ- პალატებითურთ და ამას შინა აღმშენებელი მეფის გიორგისაგან და შესრულებული თამარ მეფისგან. ეს შემკული იყო საეკლესიო სიმდიდრითა და ყოვლის წესიერებითა"- ასე აღწერს ვახუშტი ბატონიშვილი ვარძიის მონასტერს.

ვარძიის 15 კლდოვანი ეკლესიიდან, ერთ-ერთი გამორჩეული იყო ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი, სადაც დაბრძანებული იყო ვარძიის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი, რომელსაც თამარ მეფემ ბასიანის ბრძოლის წინ საქართველო შეავედრა.

"და მოვიდა თამარ ვარძიას, ვარძიის ღვთისმშობლის წინაშე და ცრემლით შევედრა სპა მისი და დროშა მისი სვიანი და ბედნიერად მყოფი გაგაზავნა ვარძიით... წარემართნეს ბასიანის კერძოსა"- ასე აღწერს თამარ მეფის მატიანე "ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი" რუმის სულთანის რუქნადინის წინააღმდეგ ქართველთა გალაშქრების სამზადისს.

გადამწყვეტი ბრძოლა მოხდა ბასიანთან 1204 წელს "ომი ფიცხელი და ძლიერი, რომელი ძველ ოდესმე ქმნილა... ეგევითარი ომი", სადაც ქართველთა მცირერიცხოვანმა ლაშქარმა სძლია მტრის ოთხასათასიან ჯარს.

ქართველნი თავის გამარჯვებას ღმრთისა და ვარძიის ღვთისმშობლის მფარველობას და შეწევნას მიაწერენ: "წყალობათა მოხედა საკმვიდრებელსა თვისსა ღმერთმან და ვარძიის ღვთისმშობელმან ვითარ უვენელად დაიცვა მის წინაშე მისი შევედრებული ერი ქართველთა... თუ ვითარ უვნებლად დაიცვა სპანი თამარისნი".

ვარძიის ღვთისმშობლის ხატს უკავშირდება ასევე ყველა ძლევამოსილი ომები, რომელიც თამარის ეპოქაში აწარმოებდა საქართველო მაჰმადიანთა წინააღმდეგ. ღვთისმშობლის ეს უნიკალური ხატი თავად თამარ მეფის დროსაა დაწერილი.

ცნობისთვის, ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის მოხატულობა 1184-1186 წლებით თარიღდება, სადაც საკურთხევლის კონქში ღვთისმშობლისა და ყრმის გამოსახულებაა მთავარანგელოზთა შორის.

ქრისტეს ცხოვრების ამსახველ სცენებთან ერთად გამოსახულია გიორგი მესამისა და თამარ მეფის პორტრეტები. ტაძრის აბსიდის კონქში ორნამენტის ზოლში მიაკვლიეს ოსტატის სახელს, გიორგი ჭარი, რომელსაც ანდეს ღვთისმშობლის ტაძრის საკრთხევლის მოხატვა.

ვარძიის ღვთისმშობლის ხატის ორიგინალი დაიკარგა შაჰ-თამაზის შემოსევის დროს. როგორც მემატიანე წერს, ვარძიის ტაძარი იზიდავდა დამპყრობლებს. ირანის მბრძანებელი შაჰ თამაზი 1551 წელს დიდი ჯარით ჯავახეთს მოადგა, დაიპყრო და მიადგა ვარძიას.

შაჰმა მოისურვა თავის თვალით ენახა მსოფლიოში სახელგანთქმული კლდის საოცრება. სპარსელები განაძვიფრა მონასტრის ზღაპრულმა სიმდიდრემ, ხალნაწერი წიგნები, ვერცხლის ძვირფასი ყრდებით, ურიცხვი თვალმარგალიტი, ჯვარ-ხატები, მათ შორის ღვთისმშობლის ხატი.

სპარსელებმა ეს განძეულობა გაიტაცეს, რომელთა შორის იყო ასევე ოქროს კარი და თამარ მეფის ოქროთი მოჭელდილი ტახტი. ვარძიის მონატსრის უნიკალური ზარი,

70 ბათმანი სპილენძისგან შვიდჯერ ჩამოსხმული მთლიანად გაანადგურეს. მე-19 საუკუნეში ვარძიის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის ასლი შეიქმნა, რომელიც დღეს საქართველოს სახელმწიფო ხელოვნების ეროვნულ მუზეუმშია დაბრძანებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×