ია აბულაშვილი
14.01.2020

19 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია თორმეტ საუფლო დღესასწაულთაგან ერთ-ერთს - ნათლისღებას აღნიშნავს. ამ დღეს, სახარების მიხედვით, იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში მონათლა იესო ქრისტე. 

ნათლისღების დღესასწაულზე წყლის კურთხევის მსახურება დიდი აიაზმა სრულდება და ნაკურთხი წყალი მთელი წლის განმალობაში უხრწნელად ინახება. ამ დღეს ღვთის გაცხადებაც ეწოდება, რადგან სწორედ მაშინ გაცხადდა პირველად წმინდა სამება: ძე ნათელს იღებდა, სულიწმინდა მტრედის სახით ჩანდა, ციდან კი ისმოდა მამის ხმა: "ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელ მე სათნო ვიყავ".

საქართველოში ოდითგანვე მიაჩნდათ, რომ წყალკურთხევის დღეს თითოეულ მდინარეს, ხევს თუ ნაკადულს ისეთივე მადლი ეძლევა, როგორც იორდანეს მაცხოვრის ნათლისღებას. მორწმუნე ადამიანი კი, რომელიც რწმენით ამ წყალს დალევს, უამრავი სნეულებისგან იკურნება. 

ნათლისღების დღესასწაულს თან ახლდა განბანვის რიტუალი. საქართველოს სოფლებში მღვდლის მიერ ხდებოდა მდინარის ან ტბის კურთხევა, მორწმუნენი ჩადიოდა წყალში და ნათლისღების ტროპარს გალობდნენ.

უძველესი დროიდან ხალხში არსებობდა ასეთი ტრადიციაც, რომელსაც "უძრახი წყლის" ტრადიცია ერქვა. მისი არსი მდგომარეობდა იმაში, რომ ნათლისღების დღეს ოჯახის რომელიმე წევრი სისხამ დილით სახლიდან ისე უნდა გასულიყო და წყაროზე წაეღო ჭურჭელი, რომ არავისთვის ხმა არ გაეცა. ძმაც რომ შეხვედროდა ამ გზაზე, უსალმოდ ჩაუვლიდა. მივიდოდა წყალთან, პირს დაიბანდა და განიწმინდებოდა, მეორე პირჯვარს გადაიწერდა და უკან სახლში ისევ უჩუმრად ბრუნდებოდა. 

წყალს ბარაქისა და წარმატებისთვის, ბოროტი ძალისგან დასაცავად სახლსა და ეზოში მოაპკურებდა.

საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ნათლისღების სხვადასხვა ადათ-წესები იყო. მაგალითად, აჭარაში ზღვაში შთაფლვის ტრადიცია არსებობდა. მორწმუნეები ზღვაში ცოდვებისგან განწმენდის რიტუალს ატარებდნენ, ხოლო ნათლულებს ნათლიასთან ამ დღეს მამალი მიჰყავდათ. რაჭაში ოჯახის უფროსი 31 დეკემბერს ტყეში მიდიოდა და ერთი მარხილი შეშა მოჰქონდა, რომელიც კალოზე წაღმა მხრიდან აღმოსავლეთით უნდა დაედგა და ნალისღებამდე გაეჩერებინა. ლეჩხუმში საახალწლოდ დაკლულ ღორს ნათლისღებამდე ჩამოკიდებულს ინახავდნენ. გურიაში კი საახალწლო ჩიჩილაკს ნათლისღების წინა დღეს ცეცხლზე წვავდნენ.

ნათლისღების აღნიშნვის საკუთარი ტრადიცია ჰქონდა თბილისს. ამ დღეს წირვის შემდეგ მღვდელი ჯვრით ხელში ხალხს მდინარისკენ მიუძღვებოდა, სადაც საგანგებოდ მოწყობილი იყო წყალთან მისასვლელი ხიდი, რომელსაც "იორდანეს" უწოდებდნენ.  სადღესასწაულო სვლაში მონაწილოებდნენ ტფილისის ჰამქარი და ქალაქში განლაგებული ჯარი. 

ლოცვა-კურთხევის შემდეგ მღვდელი მტკვარში ჩაუშვებდა ჯვარს, რაც იმას ნიშნავდა, რომ მდინარის წყალი წმინდა და ნაკურთხი იყო. სიცივის მიუხედავად, ბაქანი "იორდანე" ხალხით იყო სავსე. 

მტკვრის დაბინძურების გამო, წყალკურთხევის წესის შესრულება 1918 წლიდან 1923 წლამდე მდინარე ვერეზე სრულდებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×