ია აბულაშვილი
19.01.2020

 საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია 27 იანვარს მოციქცლთა სწორი ქალწულის წმინდა ნინოს ხსენების დღეს ნინოობას აღნიშნავს. წმინდა ნინო სიღნაღში, ბოდბის მონასტერშია დაკრძალული; ნინოს ვაზის ჯვარი, რომელიც წმინდანს ღვთისმშობელმა გადასცა, დღემდე საქართველოშია და სიონის საპატრიარქოს ტაძარშია დასვენებული. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ქრისტიანობა პირველად უფლის მოციქულებმა იქადაგეს, ქართველთა გაქრისტიანება მე-4 საუკუნის დასაწყისში წმინდა ნინოს სახელს და მის ღვაწლს უკავშირდება.

წმინდა ნინო დაიბადა 280 წელს კაბადოკიაში, ქრისტიანთა ოჯახში. ნინო ერთადერთი შვილი იყო. მამა წმინდა გიორგის თანამოქალაქე იყო, დედა კი იერუსალიმის პატრიარქის იუბენალის და. ბავშვობიდან ჩაუნერგეს ქრისტეს სიყვარული. როდესაც წმინდა ნინოს მამა მონასტერში წავიდა და ბერად აღიკვეცა, დედა 12 წლის ნინოსთან ერთად იერუსალიმში პატრიარქ ძმასთან გადავიდა საცხოვრებლად. იგი ქრისტიან ქალს სარა ნიფორელს მიაბარეს აღსაზრდებლად, რომლისგანაც პირველად გაიგო, რომ მაცხოვრის ჯვარცმის შემდეგ მაცხოვრის კვართი ქართველ ებრაელებს ხვდათ წილად.

ერთ-ერთი ლოცვის დროს წმინდა ნინოს ღვთისმშობელი გამოეცხადა, რომელმაც უთხრა, რომ წასულიყო ქვეყანაში, რომელიც იყო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა და იქ ექადაგა ჭეშმარიტება. ღვთისმშობელმა აკურთხა წმინდა ნინო, მისცა ვაზის ჯვარი და უთხრა, რომ ყოველთვის მასთან იქნებოდა და დაიფარავდა. ხილვის შემდეგ ნინოს ხელთ ეპყრა ვაზის რქისგან გაკეთებული ჯვარი, რომელსაც თავის თმა მოახვია. ეს ამბავი პატრიარქ ბიძას უამბო, რომელმაც დალოცა და აკურთხა იმ მისიის შესასრულებლად, რომელიც ღვთისმშობელმა დააკისრა.

საქართველოსკენ გზა მძიმე აღმოჩნდა, წმინდა ნინომ ორი წელი ჯერ ეფოსში დაჰყო, შედეგ სომხეთისკენ გამოემართა. სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა და ფარვანის ტბის გზით საქართველოში შემოვიდა. გადმოცემის თანხმად, წინდა ნინოს საქართველოში ფეხი პირველად 319 წელს დადგა, იმ დროს როცა ქვეყანას მირიან მეფე მართავდა, დედაქალაქი მცხეთა იყო, ერი კი კერპთავანისმცემლობას მისდევდა. მცხეთაში წმინდა ნინო მაშინ მივიდა, როდესაც ხალხი წარმართ მეფესთან ერთად მცხეთასთან ახლოს მთაზე კერპებისთვის მსხევრპლის შესაწირად მიდიოდა, მთავარი კერპი არმაზი იყო, მის გვერდით კი ორი პატარა გაც და გაის ქანდაკება უნდა აღემართათ. წმინდა ნინო ამ სანახაობას ცრემლიანი თვალებით შეჰყურედა და უფლის წინაშე ლოცულობდა. ამ დროს საშინელი წვიმა და სეტყვა წამოვიდა და სრულიად გაანადგურა წარმართა კერპები.

წმინდა ნინო მცხეთაში მეფის მებაღის ცოლთან დასახლდა, ლოცვით მრავალი სასწაული მოახდინა, სნეულებს კურნავდა და უშვილო ოჯახებს შვილი მიეცათ. მისი სასწაულები მთელს ქვეყანას მოედო, მაგრამ მეფე მირიანი კვლავ კერპებს ეთაყვანებოდა, იმის მიუხდავადაც, რომ მისი სნეული მეუღლე დედოფალი ნანა მხოლოდ წმინდა ნინოს ლოცვის შეწევნით განიკურნა. ამ სასწაულის შემდეგ იწამა დედოფალმა ნანამ ქრისტე.

ერთხელ მეფე მირიანი ვეზირებთან ერთად აღაიანის ჭალებში ნადირობდა, როდესაც უეცრად ძლიერი სიბნელე ჩამოწვა. მეფემ თავის წარმართ კერპებს მოუხმო საშველად, თუმცა ამაოდ. მაშინ გაახსენდა წმინდა ნინო და თქვა "ღმერთო ნინოსიო, რომელი ხარ ჭეშმარიტი ღმერთი, გამინათე ბნელი ესე და გამოაბრწყინე ნათელი, რათა აღვიარო სახელი წმინდა შენი და გადიდებდე". არემარე მაშინვე განათდა, მცხეთაში დაბრუნებულმა მეფე მირიანმა ყველას ახარა ამ სასწაულის ამბავი. ბიზანტიიდან მოიწვიეს მღვდლები და ეპსიკოპოსები. მეფის ბრძანებით აკურთხეს მდინარე არაგვი და გაიმართა საყოველთაო ნათლობა-ერი გაქრისტიანდა. ქრისტიანობა კი სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. საეკლესიო სწავლებით ეს მოხდა დაახლოებით 326 წელს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×