სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ლანა ბერიძე
    (26.07.2010)

      დღეს 27 ივლისს 12 საათზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცენტრალურ ოფისში ჟურნალისტებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართება. აღნიშნული შეხვედრის მიზანია იმ საკანონმდებლო ხარვეზების იდენტიფიცირება, რომლებიც საქართველოში მომუშავე ჟურნალისტებს ყველაზე მეტად უშლის ხელს ეფექტურ საქმიანობაში და რომელთა აღმოფხვრა შესაძლებელია საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების შედეგად. შეხვედრა ევრაზიის ფონდის დახმარებით, საიაში არსებულ მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის ორგანიზებით ხორციელდება, რომელსაც 40-მდე მედიაორგანიზაციის წარმომადგენელი დაესწრება.
      საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიზანია, ჟურნალისტებთან ერთად გამოავლინოს და აღმოფხვრას ისეთი საკანონმდებლო პრობლემები, რომელიც მედია საქმიანობას აფერხებს. შეხვედრის ორგანიზატორი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საპარლამენტო მდივანი თამარ ჩუგოშვილი "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ მათ სურთ, ჟურნალისტების უშუალო მონაწილეობით შეარჩიონ ერთი ისეთი საკანონმდებლო პრობლემა, რომელსაც შემდეგ გამოასწორებენ. როგორც ჩუგოშვილი ამბობს, პირველ ეტაპზე მხოლოდ ერთი საკითხი, რომ მუშაობა უფრო ეფექტური იყოს და დროში არ გაიწელოს.
      "40-მდე მედია ორგანიზაციის წარმომადგენელია მოწვეული ამ სამუშაო შეხვედრაზე. ეს იქნება ღია და არაფორმალური შეხვედრა ჟურნალისტებთან. ჩვენ გვინდა მედია კამპანიის დაწყება საკანონმდებლო საკითხებთან დაკავშირებით, კერძოდ, ისეთი საკითხების წამოწევა, რომელიც ხელს უშლის ჟურნალისტურ საქმიანობას. ზუსტად რა პრობლემებია და რა ბარიერები ექმნებათ ჟურნალისტებს მუშაობისას, უმჯობესია, თავად გაგვიზიარონ ეს, რომ ჩვენ შემდეგ უფრო მიზანმიმართულად ვიმუშაოთ ამ საკითხის მოგვარებაზე", - განუცხადა "რეზონანსს" თამარ ჩუგოშვილმა.
      მისივე თქმით, საიას იურისტებს უკვე აქვთ რამდენიმე საკანონმდებლო ხარვეზი ჩანიშნული, თუმცა, რამდენიმე პრობლემიდან ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემის გამოყოფა უჭირთ, რაშიც მედიის წარმომადგენლების დახმარება სჭირდებათ, რადგან ეს პრობლემები უშუალოდ სწორედ ჟურნალისტებს ეხებათ.
      "ჩვენ გვაქვს ჩვენი შეხედულებები და ხარვეზებსაც ვხედავთ, მაგრამ გვინდა, რომ უშუალოდ თქვენგან მოვისმინოთ, რა შენიშვნები გაქვთ, რომ შემდეგ მის გამოსწორებაზე ვიზრუნოთ. გვაინტერესებს, მუშაობისას ყველაზე ხშირად რა სახის საკანონმდებლო პრობლემა გექმნებათ ხოლმე. ჩვენ რამდენიმე საკითხი გვაქვს, მაგრამ ძალიან გვიჭირს ერთი საკითხის არჩევა და ამაში ჟურნალისტების მონაწილეობა და დახმარება აუცილებელია, ამიტომაც გადავწყვიტეთ ამ შეხვედრის მოწყობა", - ამბობს ჩუგოშვილი.
      მისივე თქმით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც საკანონმდებლო დონეზე ჟურნალისტებს ექმნებათ, სასამართლო ბაჟის გადახდაა, თუმცა შესაძლოა, იურისტებისგან განსხვავებით თავად ჟურნალისტები ასე არ ფიქრობდნენ, სწორედ ამის გარკვევას შეეცდებიან საიას წარმომადგენლები ჟურნალისტებთან აღნიშნულ შეხვედრაზე.
      "თავად იურისტები მივიჩნევთ, რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის იგივე სასამართლო ბაჟის გადახდა, იმიტომ, რომ ხშირად საჯარო ინფორმაციის მიღებაზე, როდესაც უარს ეუბნებიან ჟურნალისტებს და ამის გასაჩივრება უნდათ, არ აქვთ შესაძლებლობა, სასამართლო ბაჟი გადაიხადონ. ასევე თავად საჯარო ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებით არის ხოლმე პრობლემები, იგივე პრესსამსახურების მუშაობასთან დაკავშირებით. ანუ, ბევრი საკითხია, რომელიც მნიშვნელოვანია და რომელიც პრობლემატურია. შესაბამისად, არსებული ხარვეზებიდან ერთი ყველაზე მნიშვნელოვანის არჩევა ჩვენს თავზე ვერ ავიღეთ", - ამბობს საიას საპარლამენტო მდივანი.
      მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის მეშვეობით აქტიურად თანამშრომლობენ ჟურნალისტებთან და იციან, რა პრობლემები აქვთ მათ, პრიორიტეტის გამოყოფა მაინც უჭირთ.
    "ერთ თემას ვირჩევთ, იმიტომ, რომ ვიწრო ჭრილში ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა შეიცვალოს კანონმდებლობაში. ჩვენ დავიწყებთ სექტემბრიდან შეხვედრებს, საკანონმდებლო წინადადებას წარვუდგენთ პარლამენტს, რომ ერთი პრობლემა მაინც მოგვარდეს, ხოლო ეს ერთი პრობლემა რა არის, ამის არჩევა გვინდა შეხვედრაზე. თუმცა, ერთი პრიორიტეტული თემის არჩევა და გამოსწორება არ ნიშნავს იმას, რომ სხვა პრობლემებზე არ ვიმუშავებთ, უბრალოდ, რამდენიმე თემაზე ერთად მუშაობა ბევრად უფრო რთულია. რაც უფრო კონკრეტულ საკითხზე დავიწყებთ მუშაობას, მით უფრო ეფექტური იქნება ჩვენი საქმიანობა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეტაპობრივად სხვა პრობლემებზე არ გავამახვილებთ ყურადღებას. ამ ყველაფერზე შეხვედრაზე ვიმუშავებთ თქვენთან ერთად, შესაბამისად, თქვენი აქტიურობის და დახმარების იმედი გვაქვს", - აცხადებს ჩუგოშვილი.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    კომენტარის დატოვებისათვის უნდა გაიაროთ ავტორიზაცია(თუ ხართ "რეზონანსის web–კლუბის წევრი), ან გაიაროთ რეგისტრაციის უმარტივესი პროცედურა და შემდეგ –– ავტორიზაცია.
          შესაბამის ველები საიტის ზედა ზოლშია

    Copyright © 2006-2010 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter