„საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ბელარუსის სტაბილურობა და ის, რომ არ გაჩნდეს ახალი დაძაბულობის კერა, რითაც შეიძლება ისარგებლოს რუსეთმა"
მარიამ ნებულიშვილი
11.08.2020

ბელარუსში არჩევნების შემდეგ დაწყებული საპროსტესტო აქციები და არეულობა კვლავ მიმდინარეობს. 11 აგვისტოს ოპოზიციის კანდიდატმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ქვეყანა დატოვა და ამჟამად ლიეტუვაში იმყოფება. გავრცელებული ინფორმაციით, ამის მიზეზი მისი პირადი უსაფრთხოება და პროვოკაციების თავიდან არიდება იყო.

„სვეტლანა ტიხანოვსკაია უსაფრთხოდაა, ის ლიეტუვაში იმყოფება," - წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი სოციალურ ქსელ „ტვიტერში".

10 აგვისტოს საღამოს, მედიით ვრცელდებოდა ცნობები იმის შესახებ, რომ პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საჩივრით მისვლის შემდეგ გაუჩინარდა. ტიხანოვსკაია სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა.

წუხელ პრეზიდენტობის კანდიდატი თავის შტაბს დაუკავშირდა, თუმცა, ისინი მის ადგილსამყოფელს არ ასახელებდნენ. ასევე, ცნობილი გახდა, რომ ბელარუსის პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატი, სვეტლანა ტიხანოვსკაია საპროტესტო აქციებში მონაწილეობას არ მიიღებს.

იმავე საღამოს, ტიხანოვსკაიას მომხრეებმა განაცხადეს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატთან კავშირი დაკარგეს მას შემდეგ, რაც ის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ეწვია. მოგვიანებით, კანდიდატის შტაბის წევრმა, ანა კრასულინამ განაცხადა, რომ ტიხანოვსკაია თავის ადვოკატთან ერთად ცესკოში იმყოფებოდა, იქიდან გამოსვლის შემდეგ კი მან თქვა: „მივიღე გადაწყვეტილება".

როგორც ტიხანოვსკაიას ნდობით აღჭურვილმა პირმა ოლგა კოვალკოვამ განაცხადა, ტიხანოვსკაიას წასვლამ შესაძლებელი გახადა კანდიდატის შტაბის უფროსის, მარია მოროზის განთავისუფლება, რომელიც არჩევნების წინა დღეს დააკავეს. მისივე თქმით, მათ ახლა ორი დავალება აქვთ - დაიცვან არჩევანი და შეაჩერონ სისხლისღვრა.

„სვეტლანას არჩევანი არ ჰქონდა. მნიშვნელოვანია, რომ ის თავისუფალი და ცოცხალია. ისინი მარია მოროზთან ერთად წავიდნენ. თუმცა, სვეტლანას გუნდის ნაწილი კვლავაც მძევლად ხდება.

"ახლა ვითარება კრიტიკულია, რაც არ უნდა რთული იყოს ეს ჩვენთვის. ძალადობა უნდა შევაჩეროთ. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი გამარჯვება ლეგალური, არაძალადობრივი გზით. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა დემოკრატიულ ძალას და ცვლილებების მომხრეებს გაერთიანებისკენ", - ამბობს კოვალკოვა.

ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში თენგიზ ფხალაძე „რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ ბელარუსში არსებული არეულობა და დაძაბულობა უმთავრესად რუსეთის ინტერესებში შედის და მის წისქვილზე ასხამს წყალს.

„როგორც ჩანს ბელარუსში ვითარება რთულია, მარტივი არაა, ეს დაკავშირებულია საპროტესტო ტალღებთან, ძალის გამოყენებასთან. ოფიციალური ინფორმაცია რაც ვრცელდება სვეტლანა ტიხანოვსკაიას ლიეტუვაში გადასვლასთან დაკავშირებით, არის პირადი უსაფრთხოება და მეორე ის, რომ გამორიცხული იყოს პროვოკაციები. თუმცა, რამდენად ხელს შეუწყობს ეს ყველაფერი ვითარების სტაბილიზაციას და რამდენად აიცილებს თავიდან ნებისმიერ პროვოკაციას რთული სათქმელია.

„რუსეთი თამაშობს ორმაგ თამაშს. პუტინი იყო ერთ-ერთი პირველ, რომელმაც მიულოცა ლუკაშენკოს. ამავდროულად, ჩვენ ვხედავთ, რომ ვითომ ის ოფიციალურად მხარს უჭერს მას, მაგრამ რაღაც ნაბიჯებს დგამს თავად ლუკაშენკოს წინააღმდეგ. ამიტომ, პოლიტიკური ძალები თავად ბელრუსში უნდა იყვნენ ძალიან ფრთხილად, იმიტომ, რომ დემოკრატიისთვის ბრძოლა არ იქნას გამოყენებული რუსეთის მიერ მათივე საწინააღმდეგოდ.

„რუსეთი უკვე ჩარეულია ამ არჩევნებში და მიმდინარე პროცესებში. რუსეთი არის სწორედ ის სახელმწიფო, რომელიც ცდილობს, რომ ნებისმიერი სიტუაციის დაძაბვისას მღვრიე წყალში თევზი დაიჭიროს და ნებისმიერი არეულობა გამოიყენოს თავის სასარგებლოდ.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის ძალები, რომლებიც ბელორუსში დღეს საუბრობენ ადამიანთა უფლებებზე, დემოკრატიაზე, სამართლიან არჩევნებზე და ა.შ. კარგად გაითვალისწინონ ის საფრთხეები, რომლებიც მომდინარეობს გარედან, მოსკოვიდან და მათი სწრაფვა დემოკრატიისაკენ არ გამოაყენებინონ სხვას ვითარების დასაძაბად და ასარევად. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი", - ამბობს ფხალაძე.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დასავლეთთან წარიმართოს ღია მოლაპარაკებები, რათა არ მოხდეს სიტუაციის უფრო მეტად დესტაბილიზაცია.

„რაც შეეხება არჩევნებს, ჩვენ უკვე მოვისმინეთ საერთაშორისო შეფასებები ამასთან და ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით, თავისთავად ცხადია, რომ სამუშაო მაგ ქვეყანაში ბევრია, იმისათვის, რომ დემოკრატიის ხარისხი გაუმჯობესდეს. მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ძალიან მნიშვნელოვანია ბელორუსში სტაბილურობის შენარჩუნება და ის, რომ იქ მინიმუმამდე იქნას დაყვანილი პროცესებში რუსეთის ჩარევის შესაძლებლობა.

„უნდა იყოს ძალიან გახსნილი საუბარი პოლიტიკურ ძალებთან. თავისთავად ცხადია, რომ ეს არ ნიშნავს პრობლემებზე თავლის დახუჭვას, პირიქით საუბარი უნდა იყოს პრობლემებზე მაგრამ ღია და პირდაპირი დიალოგია საჭირო.

"მათ შორის, იქ ძალიან ბევრი თემაა, თუნდაც ევროპაში სტაბილურობის, ბელარუსში სტაბილურობის, რამაც შესაძლებელია პირიქით უბიძგოს მხარეებს იმისაკენ, რომ კონსტრუქციული დიალოგი გაიმართოს.

"ყოველ შემთხვევაში მე მგონია, რომ დასავლეთის ჩართულობა ამ პროცესში მნიშვნელოვანია და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, პოლიტიკური დიალოგი ბელარუსის ხელმძღვანელობასთან, არავითარ შემთხვევაში ლუკაშენკო მარტო არ უნდა აღმოჩნდეს პუტინთან.

„საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ბელარუსის სტაბილურობა და ის, რომ არ გაჩნდეს ახალი დაძაბულობის კერა, რითაც შეიძლება ისარგებლოს რუსეთმა", - თქვა თენგიზ ფხალაძემ „რეზონანსთან".

ბელარუსში 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგებით, ხმების 80%-ით გაიმარჯვა მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ, მისმა მთავარმა მეტოქემ, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ კი დაახლოებით 10% მიიღო.

ტიხანოვსკაია და მისი მომხრეები არჩევნების ოფიციალურ შედეგებს არ აღიარებენ. ოპოზიციის შტაბში ხმების ალტერნატიული დათვლის საფუძველზე აცხადებენ, რომ რეალურად სვეტლანა ტიხანოვსკაიამ გაიმარჯვა სულ მცირე 70%-ით.

ამ ყველაფრის შემდეგ, 9 აგვისტოს ბელარუსში დაიწყო მასობრივი საპროტესტო გამოსვლები არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ. ლუკაშენკოს ხელისუფლებამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ფიზიკური ძალა, რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. პირველ დღეს ათეულობით ადამიანი დაშავდა და 3 ათასამდე დააკავეს.

10 აგვისტოს მინსკში დაიღუპა აქციის ერთი მონაწილე. ეს ინფორმაცია ბელარუსის შინაგან საქემთა სამინისტრომაც დაადასტურა.

„ერთ-ერთი დემონსტრანტი შეეცადა სამართალდამცავების მიმართულებით ასაფეთქებელი მოწყობილობა ესროლა , თუმცა ის ხელში აუფეთქდა", - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი მას სპეცრაზმის მანქანამ გადაუარა.

ალექსანდრე ლუკაშენკო ამბობს, რომ აქციები უცხოეთიდან იმართება და არ დაუშვებს, რომ ქვეყანა დაგლიჯონ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×