“რუსეთი ბელორუსს 1.5 მილიარდი დოლარის ოდენობის სახელმწიფო სესხს გადასცემს”
თამთა ჩაჩანიძე
14.09.2020

ბელორუსის პრეზიდენტი ასიათასიანი საპროტესტო გამოსვლების ფონზე, რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს სოჭში შეხვდა. როგორც რუსული საინფორმაციო სააგენტოები შეხვედრის დეტალებს ახმაურებენ, ბელარუსის პრეზიდენტმა პუტინს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განუცხადა, რომ ბელარუსი „უფროს ძმასთან, რუსეთთან უფრო ახლოს უნდა იყოს", პუტინი კი მინსკს 1.5 მილიარდი დოლარის სესხის უზრუნველყოფას დაპირდა.

"ჩვენ შევთანხმდით, რომ ამ რთულ პერიოდში რუსეთი ბელორუსს 1.5 მილიარდი დოლარის ოდენობის სახელმწიფო სესხს გადასცემს, ჩვენ ამ შეთანხმებას შევასრურებთ," - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ეს ფაქტი ფინანსურ ბაზრებზე შესაბამის გავლენას მოახდენს.

როგორც რუსული მედია წერს, შეხვედრაზე პუტინმა განაცხადა, რომ ყოველგვარი გარე ძალის ჩარევის გარეშე ბელორუსმა ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია დიალოგის გზით თავადვე უნდა დაალაგოს.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ შესაძლოა შეხვედრაზე პუტინს ლუკაშენკოსთვის ქვეყანაში სიტუაციის მოგვარების რამდენიმე ვარიანტი შეეთავაზებინა.

„სამხედრო წვრთნები დასრულდა და ლუკაშენკომ არმია ყაზარმებში დააბრუნა, კვირას კი ბელარუსში 100 ათასიანი მიტინგი გაიმართა. ლუკაშენკომ ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს პრეზიდიუმი დააპატიმრა, მხოლოდ ტატიანა ალექსეევიჩი დარჩა - საკოორდინაციო საბჭოს წევრები ზოგი საზღვარგარეთაა გაქცეული ზოგი კი დაპატიმრებულია, ფაქტიურად საბჭო ხელმძღვანელობის გარეშე დარჩა.

„პუტინი ალბათ ლუკაშენკოს შესთავაზებს, რომ ხელისუფლებიდან წავიდეს, ან ახალი კოსნტიტუცია მიიღოს, რომლის ფორმატში ეროვნული ლიდერის, ან უშიშროების საბჭოს მდივნის მსგავსი ფორმულა შემუშავდეს.

„ან მეორე ვარიანტი ის იყოს, რომ რუსეთ-ბელორუსის ერთიანი სახელმწიფოს კონკრეტული სტრუქტურა შეიქმნას და ამ კუთხით ლუკაშენკო ერთიანი საკავშირო სახელმწიფოს ლიდერი, რომელსაც ფორმალური პოზიციები ექნება და არა რეალური ბერკეტები.

„მესამე მომენტი ისაა, რომ პუტინმა როგორც ჩანს პრორუსული პოლიტიკური პლატფორმა მოამზადა - საუბარია მარია კალესნიკოვას პარტიაზე, ეს უკვე პრორუსული პლატფორმაა, რომელიც კრემლის ლიბერალური კლანის მიერაა შერჩეული.

"როგორც ჩანს პუტინი სილოვიკების წინააღმდეგ ლიბერალებს კოჭს გაუგორებს, ეს პუტინსაც აწყობს, რადგან მას სილოვიკებმა რაღაც-რაღაცეები ყელში ამოუყვანეს

„და კიდევ ერთი - პუტინი ალბათ ლუკაშენკოს მოსთხოვს, რომ უკვე რუსულ საგარეო პოლიტიკურ ვექტორზე მის მიერ ჩაწოდებული პარტიის სოლოს ეტიუდის მიხედვით იმოქმეოს და არა ისე თამამად და დამოუკიდებლად, როგორც ლუკაშენკო აქამდე ახერხებდა, პირველ რიგში ეს ალბათ ჩვენც შეგვეხება, იმიტომ რომ პუტინი მოსთხოვს, რომ ცხინვალისა და აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიაროს, ასევე ყირიმთან დაკავშირებითაც.

„უკრაინა იმ სახელმწიფოების რიგს შეუერთდა, რომლებიც ბელორუსში ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ სანქციებითაა დაინტერესებული. აქედან გამომდინარე, შესაძლოა ყირიმი რუსეთს უღიაროს და შესაბამისად ჩვენი ტერიტორიების მისამართითაც კონკრეტული განცხადებები გააკეთოს.

„თუმცა, როგორც მე ვატყობ, პუტინი აფხაზეთის და ცხინვალის ე.წ. აღიარებას მაინცდამაინც არ ჩქარობს, მაინცდამაინც არ უნდა, რომ ეს რეგიონები დამოუკიდებლები იყვნენ, ჩვენი დევნილების დაბრუნებას საკმაოდ ბევრი ქვეყანა უჭერს მხარს, პუტინი ამ ტერიტორიებს არ „აღიარებს", თორემ მერე შეიძლება ამ რეგიონებმა ისეთ დამოუკიდებლობას მიაღწიონ, რომ რუსებიც გვერდზე მოიტოვონ.

„აქედან გამომდინარე, შესაძლოა ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. აღიარება არ მოსთხოვოს, მაგრამ ყირიმისას აუცილებლად მოსთხოვს.

„პუტინი ლუკაშენკოს ასევე მოსთხოვს, რომ ბელარუსში რუსი ოლიგარქების ინტერესები დაცული იქნას. იქ რამდენიმე მნიშვნელოვან საწარმოზეა საუბარი, რომელიც დამოუკიდებლობას ინარჩუნებდა, პუტინი რუსი ოლიგარქების ინტერესებს ყოველთვის ითვალისწინებდა, რუსეთში ოლიგარქების ორი კლანია, მესამე კლანს კი თავად პუტინი წარმოადგენს, რომელიც 26 მილიარდი დოლარის მფლობელია" - განაცხადა მაისაიამ.

შეგახსენებთ, რომ ბელორუსში მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლები უკვე თვენახევარია მიმდინარეობს, მოსახლეობა საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკოს 80%-იან გამარჯვებას აპროტესტებენ, მათ მიაჩნიათ, რომ ლუკაშენკომ არჩევნები გააყალბა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ვანო   (15.09.2020)
,,სილოვიკები" - მოგიხან ქართულის მასწავლებელი.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×