ქრისტინე კაპანაძე
16.10.2020

სომხეთ-აზერბაიჯანის მწვავე დაპირისპირება, რომელიც ახალ ეტაპზე გადავიდა აზერბაიჯანის აშკარა უპირატესობით მიმდინარეობს. უახლესი მონაცემებით აზერბაიჯანის არმიამ თითქმის ალყაში მოაქცია ყარაბაღის გარშემო ჰადრუტისა და ფიზულის ტერიტორიები.

ამის ფონზე კი არაა გამორიცხული შეტევა ყარაბაღის ტერიტორიების, მათ შორის დედაქალაქ სტეპანაკერტის მიმართულებითაც განვითარდეს.

ვითარების პარალელურად რუსეთი დაპირისპირებაში სომხეთის სასარგებლოდ კვლავ არ აქტიურობს. თუ რატომ არ დგამს რუსეთი აქტიურ ნაბიჯებს ომში, მოახერხებს თუ არა აზერბაიჯანი ყარაბაღის ტერიტორიაზე შესვლას და როგორ გაგრძელდება სამხედრო მოქმედები „რეზონანსს" ექსპერტი პაატა ზაქარეიშვილი და ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი ესაუბრა.

ზაქარეიშვილის თქმით, დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, არაა გამორიცხული, რომ ორი ქვეყნის დაპირისპირება უფრო მტკივნეულ ფაზაში გადავიდეს .

„როგორც ჩანს, აზერბაიჯანული არმიის სრული მოქმედების ლოგიკა ისაა, რომ აიღოს ოკუპირებული ტერიტორიები.როგორც ვიცით, ყარაბაღის ზონა შედგება ორი ნაწილისაგან - საკუთრივ ყოფილი ყარაბაღის რესპუბლიკისგან, რომელიც საბჭოთა კავშრის დროს იყო და მის გარშემო არსებული 7 რაიონისგან, რომელიც იყო აზერბაიჯანის შემადგენლობაში და არ იყო ყარაბაღის ნაწილი.

"სწორედ ჰადრუტსა და ფიზულს ეძახიან ოკუპირებულ ტერიტორიებს, რომელიც არ ეკუთვნის უშუალოდ ყარაბაღის ნაწილს, თუმცა, აზერბაიჯანი ისე ახორციელებს სამხედრო ოპერაციებს, რომ როგორც ჩანს, მას არ გაუჭირდება უშუალოდ სტეპანაკერტში შესვლა.

„მისი მთავარი ამოცანა არის, აიძულოს რუსეთი განაგრძოს სომხეთთან მოლაპარაკებები, რათა სომხეთი დათანხმდეს ოკუპირებული ტერიტორიების, 7 რაიონის დათმობას.

"თუ უახლოეს დღეებში რუსეთმა ვერ მოახერხა სომხეთის დარწმუნება, გამორიცხული არაა რომ აზერბაიჯანმა აიღოს ეს შვიდი რაიონი და დამატებით მიაყოლოს საკუთრივ ყარაბაღის ტერიტორიები. ეს საფრთხე რეალურია და ნამდვილად არსებობს. ამის შემდეგ კი საბრძოლო მოქმედებები დაძაბული და მწვავე იქნება,"- ამბობს „რეზონანსთან" პაატა ზაქარეიშვილი.

ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ირაკლი მენაღარიშვილმა ჩვენთან საუბარში განიხილა თუ რა მიზეზით არ დგამს აქტიურ ნაბიჯებს რუსეთი ყარაბაღის ომთან დაკავშირებით

„მე მეჩვენება, რომ რუსეთი თვალთმაქცობს, მისთვის მიუღებელია ერევანის დღევანდელი ხელისუფლება და ამიტომ არ აქტიურობს ამ ომში. ფაშინიანის ადგილზე რომ სხვა ყოფილიყო - რუსეთისამდი მეტად სიმპათიებით განწყობილი, რუსეთი უკვე კარგა ხანია აქტიურად იქნებოდა ამ ომში ჩართული.

"ახლა ის ცდილობს ითამაშოს საერთაშორისო სამართლის ნორმების დამცველის როლი. ასე რომ, ჩემი ღრმა რწმენით, ამგვარი სახის თამაშშია მოსკოვი ჩართული,"- ამბობს ირაკლი მენაღარიშვილი „რეზონანსთან" საუბრისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×