ქრისტინე კაპანაძე
20.11.2020

რუსეთი ცდილობს აზერბაიჯანს საკუთარი პოლიტიკა მოახვიოს თავს, თუმცა აზერბაიჯანში უკვე არსებობს უკმაყოფილების განცდა რუსეთის მიმართ, რამაც შეიძლება უახლოეს მომავალში მათ შორის დაძაბულობა შექმნას. აზერბაიჯანის უკან დგას თურქეთი, ამიტომ საქართველომ უნდა განამტკიცოს პოზიციები თურქეთთან და გადადგას ნაბიჯები ნატოში გაწევრიანებისათვის - ასე აფასებს „რეზონანსთან" კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი პუტინსა და ალიევს შორის შესაძლო განხეთქილებას.

„რუსეთი აშკარად თავს ახვევს თავის პოლიტიკას აზერბაიჯანს და ცოტა პანიკაშია. ცდილობს აზერბაიჯანში ფეხი მოიკიდოს. აზერბაიჯანელებს უკვე აქვთ განცდა, რომ არა რუსეთი, ჩვენ მთელ ყარაბაღს ავიღებდითო. ეს განწყობები არის, რომ რუსეთმა ხელი შეუშალა აზერბაიჯანს მათი თავდაპირველი ჩანაფიქრის განხორციელებაში. ამ ფონზე კი არ დაგვავიწყდეს, რომ აზერბაიჯანის უკან თურქეთია და ჩემი პრინციპული პოზიციით თურქეთი საგრძნობლად ძლიერდება. ვფიქრობ, რომ ამ პროცესს საქართველომ ხელი უნდა შეუწყოს და მხარში ამოუდგეს თურქეთს,"- ამბობს ზაქარეიშვილი.

ზაქარეიშვილმა აზერბაიჯანის პრეზინდეტის განცხადებაც შეაფასა, სადაც ალიევი რუსეთის საქართველოსადმი უკმაყოფილების საკითხზე საუბრობს. კონფლიქტოლოგის აზრით აზერბაიჯანი პროცესებში საქართველოს ჩართვას ცდილობს და ჩვენ ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ.

„აზერბაიჯანი არის კმაყოფილი რუსული გავლენით. აშკარად მიმდიანრეობს შიდა ბრძოლა ახლა აზერბაიჯანს ქართული მხარეც შემოჰყავს საქმეში, რაც მიმაჩნია რომ კარგია. ჩვენ თვითონ უნდა ვაქტიურობდეთ და არა აზერბაიჯანი ჩვენს ნაცვლად. აშკარად შეიცვალა უკვე თამაშიც წესები და ამ წესებს უკვე რუსეთი კი აღარ ადგენს, არამედ თურქეთი და აზერბაიჯანი. ამიტომ ჩვენ ამ თამაშში ცალსახა და მკაფიო მხარდაჭერა უნდა გამოვუცხადოთ თურქეთს. საქართველოს ხელისუფლება კი ამ პროცესებისგან ფეხს ითრევს აშკარად, რაც არ მომწონს."

აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განცხადებით რუსეთი უკმაყოფილოა, რადგან ომის დროს საქართველომ სახმელეთო გზა ჩაუკეტა და იარაღის გადატანის საშუალება არ მისცა.

„რუსეთი, ასე ვთქვათ, უკმაყოფილოა. ვიცი, რატომაც ვერ შეძლეს ირანიდან იარაღის შემოტანა, იმიტომ, რომ ირანი ჩვენი მეგობრული და ძმური სახელმწიფოა და ჩვენი თხოვნით საჰაერო სივრცე ჩაკეტა. იმიტომ, რომ არ სურდა, სომხეთს აზერბაიჯანელები დაეხოცა. ისინი მსგავს პრეტენზიებს უყენებენ საქართველოსაც ახლა, იმიტომ, რომ ომის დროს საქართველომაც ჩაუკეტა გზა და ხმელეთით იარაღის გადატანის საშუალება არ მისცა. მათ ასევე არ სურდათ, რომ ულმობელ მტერს ჩვენი მშვიდობიანი მოსახლეობა დაეხოცა,"-განაცხადა ალიევმა.

პაატა ზაქარეიშვილის აზრით, ახლა ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ განვითარდება რუსეთისა და აზერბაიჯანის ურთიერთობები.

„ყველაზე მნიშვნელოვანია აზერბაიჯანისა და რუსეთის ურთიერთობა როგორ წავა. ვფიქრობ მაქსიმუმ 5 წელში და მინიმუმ რამოდენიმე თვეში გამოჩნდება უკვე აზერბაიჯანის პოზიცია, ის თუ რუსეთს რა ფორმით დატოვებს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. აშკარად იქნება გარკვეული დაძაბულობა. ავიღოთ მაგალითად 5 წელი ამ პროცესების გამოსაკვეთად.

„ეს დრო საქართველოსთვის ჩავთვალოთ, რომ ნაჩუქარი დროა და ჩვენ უნდა მოვასწროთ ბევრი რამ, თუნდაც ნატოში გაწევრიანების საკითხზე გადავდგათ მიზანიმართული ნაბიჯები და თურქეთი დავიხმაროთ ამ მიმართულებით. ჩვენთან კი ამ დროს რა ხდება? იმაზე მიდი დავა თუ რა ფორმით იქნება პარლამენტი და რამდენად მოხერხდება ამ პარლამენტის ფუნქციონირება. ძალიან დაძაბული და საინტერესო პროცესები მიმდინარეობს მთიან ყარაბღში, საქართველოს აქვს შანსი ამ პროცესებში ჩაერთოს და სწორი ნაბიჯები გადადგას, ვნახოთ როგორ მოიქცევა ჩვენი ხელისუფლება," - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" საუბრისას.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
პეტრე 1   (22.11.2020)
თურქეთის გვერდით დადგომა გამორიცხული და მათი მხრიდან ევროკავშირში შესვლა? როცა ბათუმს ექაჩება. აჩუქეთ ბათუმი თურქეთს და შეხვალთ მარტო თბილისით ევროკავშირში😉😉😉😉😉😉😉

1234   (20.11.2020)
რა ნატო რის ნატო. ლამის თურქეთი გარიცხონ ნატოდან ერდოღანის ექსპანსიური პოლიტიკის გამო და საქართველოს ვინ მიიღებს. თავდაცვას უნდა მივხედოთ. ფონდი უნდა შიექმნას რომ ჯარი თანამედროვე იარაღით შეირაღდეს. აზერბაიჯანიმა 30 მილიარდი დოლარი ჩადო ჯარში ბოლო ერთი წლის განმავლობაში. ანუ წელიწადში სამი მილიარდი. საქართველომ? 300 მილიონი. განსხვავება თვალსაჩინოა. ჯარს სჭირდება დრონები, საჰაერო თავდაცვა, ბალისტიკური რაკეტები. აი, ამაზე უნდა ისაუბროს ამ ბირჟის "ექსპერტმა." ჩვენს მაგივრად არავინ იომებს და სამშობლოს არ დაიცავს. ეს სომხეთის მალითმა აჩვენა. ტოტალური თავდაცვა და თანამედროვე იარაღით შეიარაღებული ჯარი არის ჩვენი უსაფრთხოების გარანტია.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×