თამთა ჩაჩანიძე
07.04.2021

უკრაინა, რუსეთთან განახლებული კონფლიქტის საფრთხის ფონზე, ნატო-ში ინტეგრაციის ფორსირებას ითხოვს - პროცესის დაჩქარება და მაპ-ის მინიჭება ქვეყნის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის აზრით, რუსეთისთვის სიგნალი იქნება, რომელიც დონბასში ომს დაასრულებს.

„ჩვენ მოწოდებული ვართ ჩვენი არმიისა და თავდაცვის სექტორის რეფორმირებისთვის, მაგრამ რუსეთს მხოლოდ რეფორმები არ შეაჩერებს. ნატო დონბასში ომის დასრულების ერთადერთი გზაა. უკრაინისთვის მაპ-ის მინიჭება რუსეთისთვის ნამდვილი სიგნალი იქნება", - ამის შესახებ ზელენსკიმ ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საუბრისას ლიდერებმა სიტუაცია დონბასში და მისი უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. უკრაინის პრეზიდენტმა გენერალურ მდივანს ალიანსის მიერ უკრაინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სიტუაციის მიმართ ყურადღების გამოჩენისთვის მადლობა გადაუხადა და ნატო-ს წევრებს მოუწოდა, მეტი ყურადღება მიაქციონ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხს და რეგიონში სამხედრო ყოფნა გააძლიერონ.

„ბოლო კვირების განმავლობაში ჩვენ დავინახეთ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლის შეწყვეტის ფაქტების გაზრდის ძალზე საშიში ტენდენცია. დაიღუპნენ უკრაინელი ჯარისკაცები. ასეთი მუდმივი ყოფნა უნდა იყოს ძლიერი შემაკავებელი ფაქტორი რუსეთისთვის, რომელიც განაგრძობს რეგიონის მასშტაბურ მილიტარიზაციას და ხელს უშლის სავაჭრო გადაზიდვებს", - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის გადაწყვეტილებას კრემლი ჩვეული რიტორიკით გამოეხმაურა, პრესპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კიევი, ნატო-ში გაწევრიანების გადაწყვეტილებით, უკრაინის საშინაო კრიზისს მხოლოდ გააუარესებს, ამბობს, რომ ეს იდეა თვითგამოცხადებულ დონეცკსა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში მცხოვრები ადამიანებისთვის მიუღებელია.

„ჩვენთვის ძალიან საეჭვოა, რომ ეს უკრაინას შიდა პრობლემასთან გასამკლავებლად დაეხმარება. ჩვენი აზრით, ეს კიდევ უფრო გააუარესებს სიტუაციას, რადგან ხალხის აზრს ყურადღების გარეშე ვერანაირად ვერ დატოვებ, როდესაც ნატო-ში გაწევრიანებაზეა საუბარი და თუ თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებში მცხოვრები რამდენიმე მილიონი ადამიანის აზრს იკითხავთ, გაიგებთ, რომ ამ ხალხისთვის ნატო-ში გაწევრიანება მიუღებელია", - აღნიშნა პესკოვმა.

„შეერთებული შტატები კი რუსეთს მოუწოდებს, რომ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს პატივი სცეს და არ გამოიწვიოს ან არ გააძლიეროს დაძაბულობა", _ ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პენტაგონის პრესსპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ იქ არსებული სიტუაციის მონიტორინგს განაგრძობს.

„რუსეთის განზრახვის შესახებ საუბარი რთულია. ვაგრძელებთ ცეცხლის შეწყვეტისკენ მოწოდებას და ასევე მოწოდებას ტემპერატურის დაწევისა და დეესკალაციისკენ", - აღნიშნა კირბიმ.

„რუსეთის შეიარაღებულმა ფორმირებებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 14-ჯერ დაარღვიეს, რის შედეგადაც ორი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა", - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბის დილის მოხსენებაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, რუსეთის შეიარაღებული ფორმირებების ქმედებების შესახებ უკრაინულმა მხარემ ეუთო-ს წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა.

„მტრის მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად ერთმა უკრაინელმა ჯარისკაცმა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო. გარდა ამისა, გაერთიანებული ძალების ოპერაციის არეალში, ერთი ჯარისკაცი დაუდგენელ ასაფეთქებელ მოწყობილობაზე აფეთქების შედეგად დაიღუპა.

„7 აპრილს, დილის 7 საათის მონაცემებით, საოკუპაციო ძალების მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევა არ დაფიქსირებულა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

საგარეო საკითხების ექსპერტი თენგიზ ფხალაძე „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ ახლა, როცა რუსეთი შეტევაზეა გადასული, უკრაინის დახმარება აუცილებელია, რისთვისაც დასავლეთის მხრიდან როგორც პოლიტიკურ, ასევე პრაქტიკულ კონტექსტში ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას.

„დღეს უკრაინის დახმარება აუცილებელია, რადგან რუსეთი უკვე შეტევაზეა გადასული, ინციდენტები, რაც ხდება, ესაა მიზანმიმართული სამხედრო ნაბიჯები, მხედველობაში მაქვს როგორც შეიარაღებული ძალების კონცენტრაცია, ასევე ის კონკრეტული ქმედებები, რომლებიც უკვე უკრაინაში ხორციელდება და ვიცით, რომ ცეცხლის განახლებას ამ ორი დღის განმავლობაში რამდენიმე სამხედრო ემსხვერპლა.

„ამიტომ აქ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა მნიშვნელოვანია და პრეზიდენტ ზელენსკის ეს მოწოდებაც აქეთკენ იყო მიმართული, თავისთავად ცხადია, რომ უკრაინისთვის ნატო-ში გაწევრიანების თემა მნიშვნელოვანია და ამ შეთხვევაში მაპ-ს უფრო პოლიტიკური დატვირთვა აქვს, ვიდრე პრაქტიკული თავდაცვის, იმიტომ, რომ მაპი პოლიტიკური გზავნილია.

„თუმცა ვფიქრობ, რომ დღეს უკრაინას პრაქტიკული საშუალებები სჭირდება და ამასთან დაკავშირებით ვიცით, რომ შეერთებულ შტატებსა და უკრაინის ხელისუფლებას შორის ინტენსიური მოლაპარაკებები და კონსულტაციები მიმდინარეობს, მათ შორის - უმაღლეს დონეზე.

„დღეს მნიშვნელოვანია, რომ როგორც პოლიტიკურ, ასევე პრაქტიკულ კონტექსტში ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას, იმიტომ, რომ რუსეთის აგრესია აუცილებლად უნდა შეკავდეს, რადგან ესაა საფრთხე არა მხოლოდ უკრაინისთის, არამედ ესაა საფრთხე ყველასთვის, მათ შორის - ჩვენთვის და საერთო ევრიოპული უსაფერთხოებისთვის.

„ფაქტია, რომ რუსეთი ახალი ფართომასშტაბიანი ფაზისთვის ემზადება, რომელიც მას უფრო მეტ გავლენას მოუტანს არა მხოლოდ უკრაინაზე, არამედ საერთო ევროპულ უსაფრთხოებაზე და რუსეთს სანამ არ გააჩერებენ, იმდენად შორს წავა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მისი შეჩერება ადრეულ ეტაპზევე მოხდეს.

„ამ შემთხვევაში რუსეთის აგრესია და მასშტაბი სრულად არის დამოკიდებული იმაზე, თუ დასავლეთის რეაქცია როგორი იქნება. რაც უფრო მკაცრი იქნება, აგრესია მით უფრო ნაკლები იქნება და რაც უფრო სუსტი, რუსეთიც მით უფრო აქტიური იქნება", - განაცხადა ფხალაძემ.

„საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" ხელმძღვანელი კორნელი კაკაჩია კი „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ თუ რუსეთი უკრაინასთან კონფლიქტში შეტევაზე გადავა, მაშინ მიიჩნევს, რომ დასავლეთის მხრიდან უკრაინის ნატო-ში ინტეგრაციის თაობაზე ღია გზავნილი უნდა გაჟღერდეს.

„თუ რუსეთმა ძალისმიერი პოზიციებით უკრაინის კონფლიქტი გადაწყვიტა, მაშინ დასავლეთმა და მათ შორის ნატო-ს წევრმა სახელმწიფოებმა შესაძლოა, დასაჯონ რუსეთი იმით, რომ საკითხი გაააქტიუროს და უკრაინა ნატო-ში იმის გამო მიიღოს, რომ რუსეთი მის ტერიტორიაზე იჭრება. შესაძლოა, გადაწყვეტილება ასე სწრაფად ვერ მიიღონ, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ეს უნდა იყოს გაჟღერებული, რომ ნატო-ს მხრიდან ღია მესიჯი იყოს.

„იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინის მიმართ შეტევაზე გადავა, მაშინ კარგი იქნებოდა, მკვეთრი განცხადება გაკეთებულიყო, რომ ამ შემთხვევას ნატო-ს წევრი სახელმწიფოები უკვე იფიქრებენ დაჩქარებული წესით უკრაინის ნატო-ში მიღების თაობაზე, ეს კრემლის ხელისუფლების გონიერი ნაწილისთვის შესაძლოა, შემაკავებელი ფაქტორი აღმოჩნდეს.

„კარგი იქნება, თუ ეს პოზიცია უფრო პრინციპული იქნება, ამ განცხადებაში საკითხი უნდა იქნას აღნიშნული, როგორც უკრაინასთან მიმართებაში, ასევე - საქართველოსთან, რაც შესაძლოა, რუსეთის შემაკავებელი აღმოჩნდეს.

„რუსეთს ახლა უნდა, რომ დააშინოს და უკრაინის ხელისუფლებაზე გარკვეული ზეწოლა მოახდინოს, ასევე, დასავლეთი დააშანტაჟოს იქიდან გამომდინარე, რომ მან ამ მოლაპარაკებისგან ვერ მიიღო ის, რაც უნდოდა, ანუ მისი იმედი იყო, რომ უკრაინის ხელისუფლებას აიძულებდა, ქვეყნის ფედერალიზაციაზე ხელი მოეწერა, რაც არც წინა და არც ამ ხელისუფლების დროს არ განხოციელდა.

„აქედან გამომდინარე, ახლა ცდილობენ, რომ კუნთების თამაშით უკრაინა რაღაცნაირად აიძულონ და შემდეგ დასავლეთი ფაქტის წინაშე დააყენონ. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე არ მგონია, რომ რუსეთი ამისთვის მზად იყოს, თუმცა გამორიცხული არაფერია იმიტომ, რომ იქ შიდა პოლიტიკური დინამიკაცაა, რომ ამ კონფლიქტით თუნდაც ნავალნის თემა გადაფარონ, რომელიც, როგორც დასავლეთისთვის, ასევე ქვეყნის შიგნით საკმაოდ მნიშვნელოვანი გახდა.

„რუსეთში კი როგორც შიდა პრობლემები იწყება, ეგრევე საგარეო პოლიტიკაში გარე საკითხებს ეძებენ, რომ შემდეგ საზოგადოების ყურადღება იმაზე გადაიტანონ", - განაცხადა კაკაჩიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
1234   (08.04.2021)
სანამ უკრაინაზე ისაუბრებთ რა გააკეთოს როგორ მოიქცეს, ჯერ საქართველოზე იფიქრეთ რომ კიდევ ერთხელ დათვისთვის გადაგდებული ლუკმა არ გავხდეთ. გუშინ ოთხი მონობაში მყოფი თანამემულე დაგვეღუპა ტრაგიკულად.ამაზე იფიქრეთ - რა მდგომარეობაშია ქართველების ნაწილი სხვა ქართველების სიბრიყვის თუ ღალატის გამო. დღეს ერთერთ ამისთანა ბრიყვს თუ მოღალატეს ხელისუფლებაში დაბრუნება უნდა იმის მაგიერ რომ 2008წელს ხარაკირი გაეკეთებინა. ჭკვიანი სხვის შეცდომაზე სწავლობს, სულელი თავის შეცდომებზეც კი არა. უკრაინას ცხრა საქართველოს ტერიტორია აქვს დარჩენილი. საქართველოს კი აღარაფერი. მტერი თბილისიდან 40 კილომეტრში დგას.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )