თამთა ჩაჩანიძე
16.07.2021

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშრენკომ კანონში ცვლილებები დამტკიცა, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში აქციების ჩასახშობად არმიის გამოყენება დაშვებული იქნება. ამავე ცვლილებების თანახმად, „მასობრივი არეულობების დროს" საგანგებო მდგომაროების გამოცხადება კანონით შესაძლებელი ხდება.

მიღებული კანონის თანახმად, კონსტიტუციური წყობის ძალადობრივი გზით ცვლილების მცდელობისას, შეიარაღებული ამბოხისას და ეთნიკურ ან რელიგიურ ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტით გამოწვეული არეულობისას არმიის გამოყენება დაშვებული იქნება.

საგანგებო მდგომარეობისას კი დაშვებული იქნება მედიასაშუალებების მუშაობის შეჩერება, ხოლო ჟურნალისტებისთვის განსაკუთრებული აკრედიტაცია იმოქმედებს. ასევე თუ საჭირო გახდება, შესაძლებელია ინტერნეტრესურებთან წვდომაც შეიზღუდოს.

სამი დღეა, რაც ბელარუსში სამართალდამცავები ჟურნალისტებისა და ადამიანის უფლებადამცველი აქტივისტების საცხოვრებელ სახლებში ჩხრეკის ოპერაციებს აწარმოებენ. პარასკევს დილიდან კი ჩხრეკა მიმდინარეობს პოლონეთის სატელიტურ ტელეარხ „ბელსატის" და რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ჟურნალისტების სახლებში.

„ნექსტას" ინფორმაციით, რეიდი შეეხო „რადიო თავისუფლების" მინსკის ოფისსაც. დაკავებულია მათი ორი ჟურნალისტი.

ორი დღის განმავლობაში ბელარუსის პოლიცია 20-მდე უფლებადამცველ, საქველმოქმედო ორგანიზაციებში, ასევე მედიადაწესებულებაში შევიდა და 15-ზე მეტი პირი დააკაავა.

თითქმის ერთი წელია, რაც ქვეყანაში მოსახლეობა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებს, ამ პერიოდში კი ბელარუსის ხელისუფლებამ ქვეყანაში რამდენიმე მედიასაშუალება დახურა.

ბელარუსის „დამოუკიდებელ ჟურნალისტთა ასოციაციაში" აცხადებენ, რომ ხელისუფლება ექსტრემიზმთან ბრძოლის საბაბით დამოუკიდებელი მედიის განადგურებას ცდილობს.

„ბელარუსმა ხალხმა დაამარცხა გულგრილობა სამშობლოს ბედის მიმართ" - საპყრობილიდან ამ შინაარსის წერილს აქვეყნებს ბელარუსის ოპოზიციის პრეზიდიუმის საკოორდინაციო საბჭოს წევრი, ვიქტორ ბაბარიკოს შტაბის ლიდერი მარია კოლესნიკოვა. იგი ასევე წერს, რომ პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ მოქალაქეთა გაბედული ბრძოლით აღფრთოვანებულია.

ოპოზიციონერის თქმით, მიუხედავად დაღლილობისა და ბევრი იმედგაცრუებისა, ბელარუსელებმა ქვეყნის მომავლისთვის თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვა უნდა განაგრძონ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×