„არც ბრძოლების დაწყების შესაძლებლობაა გამორიცხული, თუ ამერიკა ვერ მოახერხებს შეთანხმების მიხედვით დადგენილ ვადაში ევაკუაციის დასრულებას“
თეონა ვეშაგური
30.08.2021

ქაბულის აეროპორტში საევაკუაციო ღონისძიებების ტემპმა დაიკლო და „თალიბანი" აეროპორტზე კონტროლის დამყარებისთვის ემზადება - შეთანხმების მიხედვით, ამერიკულმა ჯარმა ავღანეთი 31 აგვისტომდე უნდა დატოვოს. როგორ გაგრძელდება ევაკუაციის პროცესი და რა იქნება იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ის ხელისუფლება დათქმულ ვადაში ვერ მოასწრებს პროცესის დასრულებას.

ანალიტიკოს ვახტანგ მაისაის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, „თალიბანმა" კატეგორიულად მოსთხოვა ამერიკის მხარეს, დათქმულ ვადაში, 31 აგვისტომდე მოახდინოს თავისი მოქალაქეების ევაკუაცია.

„ორ დღეში ამერიკელები ქაბულის აეროპორტს „თალიბანს" გადასცემენ სამართავად. როგორც ჩანს, იქ იქნებიან თურქეთის რესპუბლიკის წარმომადგენლები, რომლებიც მიიღებენ მონაწილეობას აეროპორტის მართვის პროცესში, რადგან „თალიბანს" არ აქვს შესაბამისი გამოცდილება ამ მიმართულებით.

„შესაძლოა, კვლავ გაგრძელდეს მოლაპარაკებები, ვადის ამოწურვის შემდგომ, იმ პირთა გამოსაყვანად, ვინც დარჩებიან ავღანეთის ტერიტორიაზე. თუმცა, უცნობია, როგორ წარიმართება სიტუაცია გამომდინარე იქიდან, რომ „თალიბანი" გაღიზიანებულია ამერიკის მიერ განხორციელებული თავდასხმის გამო.

„არც ბრძოლების დაწყების შესაძლებლობაა გამორიცხული, იმ შემთხვევაში, თუ ამერიკა ვერ მოახერხებს შეთანხმების მიხედვით დადგენილ ვადაში ევაკუაციის დასრულებას", - განაცხადა მაისაიამ.

აქვე ცნობილია, რომ შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, აშშ-ის სამხედროებმა 29 აგვისტოს თავდაცვითი საჰაერო თავდასხმა განახორციელეს, რომლის სამიზნე ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს" თვითმკვლელი ტერორისტის ავტომობილი იყო, რომელიც ქაბულის აეროპორტს საფრთხეს უქმნიდა.

ცენტრალურ სარდლობაში განაცხადეს, რომ ავტომობილში დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება იყო, რის გამოც თავდასხმას ძლიერი აფეთქებები და მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა, თუმცა, დაღუპულებისა და დაშავებულების რაოდენობა არ დაუკონკრეტებიათ. ტელეკომპანია CNN თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება, რომ თავდასხმის შედეგად ერთი ოჯახის ცხრა წევრი, მათ შორის 6 ბავშვი დაიღუპა.

ფაქტს მწვავე რეაქცია მოჰყვა, „თალიბების" პრესსპიკერმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზიასთან, CGTN- თან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ სხვა ქვეყნებში თავდასხმების საკუთარი სურვილით განხორციელება არასამართლიანია.

„თუკი ავღანეთში არსებობდა რაიმე პოტენციური საფრთხე, ეს უნდა შეეტყობინებინათ ჩვენთვის და თვითნებური თავდასხმა არ უნდა განეხორციელებინათ, რამაც მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი გამოიწვია", - აღნიშნა „თალიბანის" პრესსპიკერმა.

შეგახსენებთ, აშშ-სა და მის მოკავშირეებს ავღანეთის დასატოვებლად ვადა 31 აგვისტომდე აქვთ. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ამერიკელი სამხედროები ქვეყანაში შესაძლოა ვადის ამოწურვის შემდეგაც დარჩნენ იმ მიზნით, რომ ამერიკელების ევაკუაციის პროცესი დაასრულონ, თუმცა „თალიბანის" წარმომადგენლებმა Reuters-ს განუცხადეს, რომ ისინი დასავლური ძალების ავღანეთში დარჩენის ვადის გახანგრძლივებას არ დათანხმდებიან.

29 აგვისტოს მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ევროპის ქვეყნები ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესს ასრულებენ. ქაბულის საერთაშორისო აეროპორტი ბოლო ბრიტანულმა სამხედრო თვითმფრინავმა უკვე დატოვა.

ბრიტანეთმა ავღანეთიდან 15 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განახორციელა. ბოლო სამხედრო თვითმფრინავის გამოყვანით ქვეყანამ ავღანეთში 20-წლიანი მისია დაასრულა.

დასავლური მედიის ინფორმაციით, ქაბულის აეროპორტში საევაკუაციო ღონისძიებების ტემპმა დაიკლო და „თალიბანი" აეროპორტზე კონტროლის დამყარებისთვის ემზადება.

ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესი დაასრულეს საფრანგეთმა და იტალიამაც.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×