თამთა ჩაჩანიძე
10.09.2021

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომის შესაძლებლობას არ გამორიცხავს. ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ზელკენსკის ეს მოსაზრება დიდი ალბათობით რეალობასთან ახლოსაა, რადგან მოსკოვმა კიევის მისამართით ყველა მხრივ დაიწყო შეტევა და ჩიხში აქცევს.

„მიმაჩნია, რომ ომი შესაძლებელია. ჩემი აზრით, 2014 წელს რუსეთმა ამ მიმართულებით ერთი ნაბიჯი გადადგა. მადლობა ღმერთს, უკრაინელების დამსახურებით ისინი შევაჩერეთ", - განაცხადა ვოლდიმიურ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ 2014 წელს უკრაინას ნატო-ში გაწევრიანების სურვილი დეკლარირებული არ ჰქონდა, თუმცა მიუხედავად ამისა, რუსეთმა მაინც დაიწყო ომი.

„ვფიქრობ, ეს იქნება რუსეთის ყველაზე დიდი შეცდომა და ამის შემდეგ არასდროს იარსებებს რუსეთის, უკრაინის, ბელარუსის მეზობლობა. რატომ ბელარუსი? რადგან ვხვდებით, რომ მათ ტერიტორიებზე რუსეთი იმყოფება. ვფიქრობ, მსოფლიო უკვე შეიცვალა, ამიტომ ეს ყველაზე ცუდი რამ არის, რაც შეიძლება მოხდეს. თუმცა სამწუხაროდ, ამის შესაძლებლობა არსებობს", - განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ.

ასევე აღსანიშნავია, რომ ევროკავშირმა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ხელყოფაზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ სანქციების მოქმედების ვადა 2022 წლის 15 მარტამდე გახანგრძლივდა.შემზღუდავი ზომები სამოგზაურო შეზღუდვებს, ანგარიშების გაყინვას და ეკონომიკური საქმიანობის აკრძალვას ითვალისწინებს. სანქციები ვრცელდება 177 პირის და 48 კომპანიის წინააღმდეგ. სანქციები 2014 წელს ყირიმის უკანონო ანექსიის გამო დააწესა.

როგორც ვახტანგ მაისაია აცხადებს, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ახალ სტრატეგიას ირჩევს, მისი ინფორმცაიით, დონეცკისა და ლუგანსკის თვითაღიარებული რესპუბლიკები ერთიანდებიან.

„ამის ინდიკაციებს იძლევა ის, რომ ლუგანსკისა და დონეცკის თვითაღიარებული რესპუბლიკების ე.წ. საზღვრებთან საბრძოლო მოქმედებები რამდენიმე დღეა განახლდა, ადგილი ჰქონდა საარტილერიო დარტყმებს, ერთის მხრივ დივერსიული ჯგუფები გააქტიურდნენ და მეორეს მხრივ ლუგანსკის ე.წ. სახალხო მილიციის საარტილერიო შენაერთმა უკრაინის სამხედრო პროკურატურის ჯგუფი, რომელიც ჩასული იყო, რომ ადგილობრივი დანაშაული გამოეძიებინა, მთელი საგამოძიებო ჯგუფი ჰაერში ასწიეს.

„რამდენადაც ვიცი, დონეცკისა და ლუგანსკის თვითაღიერებული რესპუბლიკები გაერთიანებას აპირებენ, მათ ფაქტიურად მოაწერეს ხელი, რომ საბაჟო უქმდება, ერთიანი ეკონომიკური სივრცე იქმნება და ფაქტიურად ერთიან პოლიტიკურ სისტემაში ერთიანდებიან, რა ექმევა ეს ჯერ გაურკვეველია, მაგრამ ეს უკვე ინდიკაციაა. რა თქმა უნდა ასეთ სეპარატისტული ძალები უფრო ძლიერი იქნება, წარმოიდგინეთ, რომ ოკუპირებული ცხინვალისა და დე ფაქტო აფხაზეთის სეპარატისტული ძალები რომ გაერთანებულიყვნენ, ეტყობა რუსები აპირებენ, რომ უკრაინას რაღაც ახალი კუთხით შეუტიონ.

„გაერთიანებულ სეპარატისებს კი საკმაოდ სერიოზული ძალა აქვთ, რომ უკრაინას შეუტიონ და ტერიტორიები დაიკავონ. ისედაც კბილებს ილესავდნენ. თუ მარიუპოლი და ნიკოლაევი დაიკავეს, მორჩა, უკრაინას ზღვაზე გასასვლელი ეზღუდება, ოდესა დარჩება.

„ორი სეპარატისტული რეგიონი ერთიანდება, ერთიან სამხედრო ძალას ქმნიან და ამ გაერთიანებული სამხედრო ძალითთავისუფლად შეუძლია, რომ დაიკავონ მარიუპოლი, ზაპოროჟიე, ხარკოვი. დონეცკის თვითაღიარებული რესპუბლიკაში არის დაახლოებით სამი საარმიო კორპუსი, ლუგანსკის სახალხო მილიციაში კი ორი საარმიო კორპუსი. ჯამში ხუთია, რაც სახუმარო არაა. თითო საარმიო კორპუსში 5-7 ბრიგადაა და 2-3 დივიზია, საკმაოდ სერიოზული ოპერატიული სტრატეგიული შენაერთია," - განაცხადა მან.

რუსული კომპანია „გაზპრომის" განცხადებით, „ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის მშენებლობა დასრულდა. მაისაია აცხადებს, რომ ესეც უკრაინისთვის სერიოზული დარტყმაა, რადგან უკრაინის სატრანზიოტო როლი 70%-ით მცირდება.

„ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის გაყვანა, სადაც 65 მილიარდი კუბამეტრი გაზი უკრაინის გვერდის ავლით წავა, მას პირდაპირ თამაშგარე მდგომარეობაში აყენებს, მისი სატრანზიტო 70% უკვე ამ მილსადენიდან გავა და უკრაინის ტრანზიტში მხოლოდ 30% რჩება. ეს კი სერიოზული დარტყმა იქნება და უკრაინის სატრანზიტო პოტენციალს რეალურ პრობლემას შეუქმნის.

„გამოსავალი რაშია, არ ვიცი. ევროკავშირი 2024 წელს განიხილავს თუ არა ჩვენს საკითხს, ეს ცალკე საუბრის თემაა. ნატოს მიმართ სიტუაცია როგორია, ეს ყველამ კარგად ვიცით. ბაიდენის საგარეო პოლიტიკური კურსი გაურკვეველია. კი ბატონო, უკრაინას საერთო ჯამში 400-მილიონ დოლარიანი დახმარების პაკეტი გამოუყო და ასევე სხვა დახმარებებიც, მაგრამ ეს უკრაინას რამდენად დროზე მიუვა და ამ რთულ სიტუაციაში ეს რას უშველის, არ ვიცი.

„რუსეთი ბელარუსში ფართომასშტაბიან საკმაოდ სერიოზულ წვრთნებს ატარებს. ეს პირდაპირ ლიეტუვისა და უკრაინის წინააღმდეგაა მიმართული. ბელორუსელებმა უკრაინელებთან ურთიერთიობა გაწყვიტეს, საკმაოდ სერიუოზული დაპირისპირებაა. ლუკაშენკო უკვე მთლიანად მოსკოვზეა და ახლა უკვე უკრაინის მიმართ ძალიან აგრესიულია. დააბრალა, რომ კიევი მათ შიდა საქმეებში პირდაპირ ერეოდაო და მის გადაყენებას აპირებდნენო. სხვათა შორის, უკრაინაში რამდენიმე ბელარუსი ოპოზიციონერი ჩამომხვრჩალი მონახეს. რუსეთმა უკრაინის მისამართით ყველა მხრივ დაიწყო შეტევა, საინფორმაციო, ფსიქოლოგიური ომი, ჰიბრიდული ომი, მათ შორის სამხედრო კომპონენტით, ამიტომ ზელენსკის ეს მოსაზრება ამ კონკრეტული მაგალთების გათვალისწინებით რეალობასთან შეიზლება ახლოს იყოს,"- განაცხადა მაისაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×