თეონა ვეშაგური
15.09.2021

„თუ მოსახლეობის 30% ქვეყანაში არავაქცინირებული დარჩება, შესაძლოა მათში კორონავირუსმა მუტაცია განიცადოს და აცრილ მოსახლეობას ახალი ძალებით შეუტიოს" - ამის შესახებ „რეზონანსთან" ჯანდაცვის სპეციალისტი აკაკი ზოიძე საუბრობს და აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია არ მოხდეს „არავაქცინირებულთა პანდემია".

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ქვეყნებს „არავაქცინირებულთა პანდემიის" თავიდან აცილებისკენ მოუწოდებს, რისთვისაც საჭიროა „კორონავირუსის" საწინააღმდეგო ვაქცინაციის ტემპის დაჩქარება.

„ჩვენი პირველი და ყველაზე გადაუდებელი პრიორიტეტი არის გლობალური ვაქცინაციის დაჩქარება. მოდით, უზრუნველვყოთ, რომ პანდემია არ გადაიქცეს არავაქცინირებულთა პანდემიად", - განაცხადა მან ყოველწლიური სიტყვით გამოსვლისას.

მის მიერ გაკეთებული განცხადების მიხედვით, მსოფლიოში ვაქცინაციის ტემპის დაჩქარების მიზნით ევროკავშირი არაწევრ ქვეყნებს ვაქცინების დამატებით 200 მილიონ დოზას მიაწვდის.

"ჩვენ უკვე შევთანხმდით ვაქცინის 250 მილიონი დოზის გაზიარებაზე. დღეს შემიძლია განვაცხადო, რომ ჩვენი მისია მომავალი წლის შუა პერიოდისთვის კიდევ 200 მილიონ დოზას გასცემს,"- განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავსირებით ჯანდაცვის ექსპერტმა აკაკი ზოიძემ „რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, რომ პანდემია შესაძლებელია არავაქცინირებულ მოსახლეობაში დარჩეს, რადგან ძირითადად ამ ნაწილზე ვრცელდება ვირუსი.

„ეპიდემია დარჩება არავაქცინირებულ მოსახლეობაში, ძირითადად სწორედ ამ ჯგუფებზე ხდება ვირუსის გავრცელება და შემდეგ მუტაციური ცვალებადობა, ამიტომ ქვეყნებმა ყველა ღონე უნდა იღონონ, რათა რაც შეიძლება მეტი ვაქცინირებული მოქალაქე ჰყავდეთ.

„თუ ქვეყანაში იარსებებს არავაქცინირებული საზოგადოების 30%, აუცრელი მოსახლეობის დიდი ნაწილის არსებობის შემთხვევაში, არის რისკები, რომ პანდემია გავრცელდება მათ ჯგუფებში და ვირუსის მუტაციის უნარიდან გამომდინარე გავრცელების არეალში მოყვებიან აცრილი ადამიანებიც, რაც გამოიწვევს კვლავ მწვავე პანდემიურ ვითარებას.

"ამიტომ, აუცილებელია მოსახლეობა მთელი მსოფლიოს მაშტაბით სრულად იყოს ვაქცინირებული, რათა ხელი შევუშალოთ ვირუსის ახალი, რთული შტამების წარმოქმნას, რომლებიც შემდგომ აცრილ მოსახლეობაზეც გადავა", - განაცხადა ზოიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×