ქრისტინე კაპანაძე
25.09.2021

27 სექტემბერს ყარაბაღის ომის დაწყებიდან 1 წელი სრულდება, რომელმაც როგორც ჩვენს რეგიონში, ასევე მის გარეთ, ბევრი რამ შეცვალა. Მისი შედეგები, ბუნებრივია, საქართველოზეც აისახა. სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ ამ ომის შემდეგ მნიშვნელოვად გაიზარდა რუსეთისა და თურქეთის გავლენები როგორც მთიანი ყარაბაღის რეგიონში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც.

ვახტანგ მაისაიას თქმით, 1 წლის წინ დაწყებულმა ომმა გახსნა პოლიტიკურად ჩაკეტილი სივრცეები, თუმცა გააძლიერა რუსეთისა და თურქეთის გავლენები.

„ყარაბაღის ომმა რადიკალურად შეცვალა ვითარება - რეგიონალური უსაფრთხოება ჩვენს ირგვლივ და ჩვენს რეგიონშიც. ამ ომმა გახსნა ჩაკეტილი სივრცე პოლიტიკური ურთიერთობებისათვის, მათ შორის, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. ახლა უკვე დაიწყო საუბარი ეკონომიკური კორიდორების გახსნაზე, რომლითაც ეკონომიკური ინტეგრაცია უნდა განხორციელდეს.

„შემუშავდა ექვსთა პლატფორმა, სადაც წარმოდგენილია საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, რუსეთი და ირანი. რამდენად არის ეს ჩვენთვის მისაღები, ეს ცალკე საკითხია, თუმცა ამ პლატფორმის შემუშავების მომენტი სწორედ ამ ომმა გამოიწვია.

„გაძლიერდა თურქეთი და რუსეთი. თუ რუსეთი ადრე აკონტროლებდა სომხეთს, ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კი სამხედრო ბაზები ჰყავდა განლაგებული, ახლა უკვე აზერბაიჯანზეც გაზარდა გავლენა ყარაბაღის ომის შემდეგ, რადგან აზერბაიჯანში რუსეთს გაუჩნდა საკუთარი სამხედრო კლასტერი, რაც შეგვიძლია უკვე გავლენად მივიჩნიოთ.

„თურქეთის გავლენაც გაიზარდა სერიოზულად. თურქეთმა შეძლო გაეფორმებინა სამხედრო ალიანსი არა მარტო აზერბაიჯანთან, არამედ გაფორმდა ახალი ტიპის სამხედრო პოლიტიკური ალიანსი - თურქეთი, აზერბაიჯანი და პაკისტანი. ფაქტობრივად, სხვა ქვეყნებიც ჩაერთვნენ ჩვენი რეგიონალური ურთიერთობების ფორმატში.

„როგორც აღვნიშნე, მთავარი, რაც მოხდა, არის რუსეთ-თურქეთის გაძლიერება, მათი ფარული ალიანსი, რომელიც მიმართულია აშშ-ისა და ევროკავშირის წინააღმდეგ. აღსანიშნავია რომ, ნამდვილად შესუსტდა მათი ყოფნა კავკასიის რეგიონში.

„ავღანეთიდან წამოსვლის შემდეგ, ამერიკელებმა დაკარგეს კონტროლი ცენტრალურ აზიაზე, ასევე სამხრეთ აზიაზეც. წყნარ ოკეანეშიც რომ არ დაეკარგათ კონტროლი, შემუშავდა ახალი წყნაროკეანური სამხრეთ პოლიტიკური ალიანსი," - ამბობს მაისაია.

მისივე თქმით, საქართველო აღმოჩნდა სხვა რეგიონებზე დამოკიდებული და ქვეყანაში შესუსტდა აშშ-ის გავლენაც.

„საქართველო აღმოჩნდა დამოკიდებული სხვა რეგიონებზე და ჩვენ იძულებით ჩაგვრთეს ექვსთა პლატფორმის სისტემაში. ამერიკელების ხმა ჩვენს რეგიონში საკმაოდ შესუსტებულია და ამით რა თქმა უნდა პირველ რიგში რუსეთი სარგებლოს.

„მინდა აღვნიშნო, რომ ახლა დაიძაბა ვითარება ირანსა და აზერბაიჯანს შორის, იმდენად, რომ შეიძლება დღე დღეზე დაიწყოს სამხედრო მოქმედებები, რომელიც ასევე უკავშირდება მთიანი ყარაბაღის თემას, რადგან აზერბაიჯანი აბრალებს ირანს, რომ ის ეხმარება სომხებს მთიანი ყარაბაღის მიმართულებით იარაღისა და სხვა ტიპის ინვენტარის გადატანაში.

„შეიძლება ასევე დაიძაბოს სიტუაცია რუსეთ-თურქეთს შორის, ვინაიდან უკვე რუსეთი ბომბავს პრო-თურქულ დაჯგუფებებს სირიაში და ეს დაძაბულობა სირიიდან კავკასიაშიც შეიძლება შემოვიდეს. თუმცა იქამდე რუსეთი და თურქეთი ერთობლივად აკონტროლებენ მთიან ყარაბაღში ვითარებას.

„უნდა აღინიშნოს , რომ ჩვენთან უსაფრთხოების სისტემა ძალიან გაუმართავია. Სუს-ი მონგრეულია საერთოდ. არჩევნების პერიოდში რა მოხდება, არავინ იცის. მითუმეტეს, თუ სააკაშვილი ჩამოვა, დაიწყება საკმაოდ მწვავე პროცესები. აღნიშნული არეულობით სარგებლობა, რასაკვირველია, შესაძლებელია," - ამბობს ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" საუბრისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×